“ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე და ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდებიან”
05 12 2016

ინტერვიუერი: აია ბერაია

საქართველოში შშმ ადამიანთა მდგომარეობის, მათ წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების, აგრეთვე, შშმ ქალების მიერ განცდილი სპეციფიკური ჩაგვრების, შშმ ქალთა აქტივიზმის გეგმებისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრობს ნინა ბაიდაური, “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” წევრი და აქტივისტი. იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ადამიანთა უფლებებზე 2012 წლიდან მუშაობს.

ვიცით, რომ არსებობენ სხვადასხვა ჯგუფის და კატეგორიის შშმ პირები. თუ შეიძლება, ჩამოგვითვალეთ ეს კატეგორიები.

მართლაც ბევრი კატეგორია არსებობს. თუ კატეგორიებს მედიცინის კუთხით მივუდგებით, მაშინ არის მობილობის შეზღუდვა, სენსორული დარღვევებით გამოწვეული შეზღუდვა (აქ მოიაზრება უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანები, ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები). კიდევ არის ინტელექტუალური შეზღუდვა, ფსიქიკური აშლილობები, განვითარების შეფერხება და ა.შ. აუტიზმის სპექტრი შეგვიძლია კიდევ ცალკე კატეგორიად გამოვყოთ, რომელიც ჯერ არც არის ბოლომდე შესწავლილი. აუტისტური სპექტრის აშლილობები განსხვავდება ერთამანეთისგან გამოვლენის და სირთულის კუთხით.  თუმცა, სამედიცინო ჩვენებები და დიაგნოზები ექიმებს და მეცნიერებს დავუტოვოთ. ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მხარე. შეზღუდული შესაძლებლობის ქონა ნიშნავს, რომ ადამიანთა ძალიან დიდ ჯგუფს (მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს), თავისი მდგომარეობისა და გარემოს მოუწყობლობის, ადამიანთა დამოკიდებულებების გამო ეზღუდება შესაძლებლობა, რომ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს და ისარგებლოს მრავალი საზოგადოებრივი სიკეთით, ისეთითაც კი, რაც ბევრ ჩვენგანს ელემენტარულად და ბაზისურად მიაჩნია.

რა მდგომარეობაში არიან საქართველოში მცხოვრები შშმ ადამიანები? რა საერთო პრობლემები აქვთ მათ და რამდენად აკმაყოფილებს სახელმწიფო მათ საჭიროებებს?

პრობლემაა ის, რომ სახელმწიფოც და საზოგადოებაც შშმ პირებს უყურებს მხოლოდ როგორც მედიცინის ობიექტებს, საცოდავ არსებებს, რომელთაც მხოლოდ წამლები და მოვლა სჭირდებათ და მათ არ განიხილავს, როგორც მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ თავიანთი შესაძლებლობები, ბარიერები და უფლებები. თუმცა მე ვამბობ ხოლმე, რომ რეალურად სამედიცინო მიდგომაც არ არის ამ ქვეყანაში, რადგან თუ შშმ ადამიანებს მედიცინის ობიექტად განიხილავ, მაშინ, როგორც მინიმუმ, ჯანდაცვის სერვისები მაინც უნდა შესთავაზო და აქ კი ესეც არ არის. ის მწირი სერვისებიც, რომელიც სახელმწიფოს აქვს, ძირითადად მხოლოდ დედაქალაქშია ხელმისაწვდომი. სამედიცინო მიდგომის უპირობო და გარდაუვალი ალტერნატივაა სოციალური მიდგომა, რომელიც აქცენტს აკეთებს ინდივიდზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ეს მიდგომა ჩვენს სახელმწიფოში არ გვაქვს. სახელმწიფომ ისიც კი არ იცის ზუსტად, რამდენი შშმ ადამიანია ქვეყანაში. სერვისების მიწოდების დაგეგმვას წინ არ უძღვის შესაბამისი კვლევები და ამიტომაც, ეს სერვისები რეალურ, ინდივიდუალურ საჭიროებებს ხშირად ვერ პასუხობს.

გარდა ამისა, პრობლემას ქმნის სხვადასხვა სოციალური ფაქტორები. შეიძლება ადამიანები ერთდროულად სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრები იყვნენ. მაგალითად რომ ვთქვათ, ხულოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წევრი შშმ პირი სრულიად მოწყვეტილი და გარიყულია საზოგადოებისგან.

საზოგადოებას როგორი დამოკიდებულება აქვს შშმ ადამიანების მიმართ?

საზოგადოების დამოკიდებულებაზე ერთი მხრივ ძალიან ვბრაზობ ხოლმე, მაგრამ მაინც შესაძლებელია იმის გაგება, თუ რატომ არ აქვთ ადამიანებს სათანადო დამოკიდებულება. შშმ ადამიანებს და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს შორის თითქოს კედელია აღმართული, არ არის კომუნიკაცია და ურთიერთობა. ამ პირობებში შეიძლება ითქვას, ბუნებრივიც არის ის, რომ ადამიანებს უჩნდებათ მცდარი წარმოდგენები და სტერეოტიპები, რომელიც აძლიერებს სტიგმას. შშმ ადამიანების მიმართ, სხვა უმცირესობებისგან განსხვავებით, ღიად გამოხატული აგრესია და ჩაგვრა არ არის. ცხადია, ასეთი ეპიზოდებიც არის, მაგრამ ეს იშვიათია. საზოგადოება მათ უფრო აღიქვამს საცოდავ არსებებად, რომლების დანახვაც თვალს არ უხარია, მაგრამ რომლებიც მუდმივი მზრუნველობის ქვეშ უნდა იყვნენ, ჩვენგან განცალკევებით და შორს. ეს პარადოქსული, აგრესიას მოკლებული, სიბრალულით გაჟღენთილი დამოკიდებულება და გადამეტებული ზრუნვა თემს ცუდ სამსახურს უწევს, ადუნებს და ხელ-ფეხს უკრავს. ვფიქრობ, ესეც არის იმის მიზეზი, რომ თემში პროტესტის ტალღა ჯერჯერობით ვერ აგორდა.

ფიზიკური და სოციალური გარემო ძალიან არამიმღებლურია შშმ ადამიანების მიმართ. ეს ადამიანები ხშირად გარეთ ვერ გამოდიან და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში ცხოვრობენ. ამის მიზეზია როგორც ინფრასტრუქტურის მოუწყობლობა, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებები და თვითონ ამ ადამიანების ოჯახებიც. სამწუხაროდ, დღემდე არის ისეთი შემთხვევები, რომ ოჯახები მალავენ შშმ ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს.

თუ შეიძლება, რომ ეს ჩაითვალოს ოჯახში ძალადობის ფორმად?

კი, რა თქმა უნდა, ეს ცალსახად ოჯახში ძალადობაა. ოჯახები ამას ხშირად ამართლებენ და ხსნიან შშმ ადამიანების ინტერესებით, მათი დაცვის მოტივით. მაგრამ სინამდვილეში ოჯახი ბავშვს აღიქვამს მეორეხარისხოვან არსებად, რომლის გამოც რცხვენია და მას განვითარების ყველა გზას და შესაძლებლობას უსპობს. აქ გვაქვს ჩაკეტილი წრე: ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, ოჯახი და საზოგადოება მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია არაფერი და არ აძლევს განვითარების საშუალებას; ცხადია, ამ პირობებში, ეს ადამიანი ადასტურებს მის მიმართ არსებულ მოლოდინს. სამწუხაროდ, ოჯახი ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ჩართული და პირველი რგოლია ძალადობის ამ ჯაჭვში.

შშმ ქალებზე რას გვეტყვით? რა სპეციფიკური პრობლემები აქვთ მათ, განიცდიან თუ არა სპეციფიკურ ჩაგვრებს?

2012 წლიდან 2016 წლამდე ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის”. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია და იმართება თავად შშმ ადამიანების მიერ, რამაც კიდევ უფრო მეტი რამ მასწავლა და დამანახა. ამ ორგანიზაციაში მისვლის პირველივე დღიდან მინდოდა, რომ შშმ ქალების საკითხი წამოგვეწია. შშმ ადამიანთა თემი არის საკმაოდ დიდი და ძალიან ჭრელი. მიჭირს ამ თემთან მიმართებაში სიტყვა “პრივილეგია” ვიხმარო, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ გარკვეული შეზღუდვის მქონე ჯგუფები და ადამიანები უფრო პრივილეგირებულები არიან. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვთ ისეთ ჯგუფებს და ადამიანებს, რომლებსაც თვითგამოხატვა და კომუნიკაცია უჭირთ. ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ან ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს სტიგმა უფრო მეტად მიემართებათ. ქალებიც შეგვიძლია განვიხილოთ იმგვარ ჯგუფად, რომელიც ორმაგი და მრავლობითი დისკრიმინაციის მსხვერპლია. ბოლო ოთხი წელია ვარ შშმ პირთა მოძრაობაში და ვხედავ, როგორ გაიზარდა და მოძლიერდა ეს მოძრაობა. მიუხედავად ამისა, იქაც ავანგარდში სულ კაცები არიან. შესაბამისად, ისინი ვერ და არ აჟღერებენ იმ საკითხებს, რომელიც ქალებისთვის არის გასაგები, ცნობილი და მტკივნეული. ქალების შემთხვევაში, ჩაგვრის წნეხი ორი მხრიდან მოდის. ისინი ერთი მხრივ ქალები არიან და მეორე მხრივ შშმ ადამიანები. სიტუაცია უარესდება, როცა ადამიანი ამავდროულად არის ეთნიკური უმცირესობის, რელიგიური უმცირესობის ან ე. წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი… შშმ პირთა და შშმ ქალების სექსუალობა ისეთი საკითხია, რომელიც საერთოდ არც კი წამოწეულა არასდროს. შშმ ქალებს თითქოს სქესი აქვთ ჩამორთმეული. ეს შეიძლება ითქვას კარგი და ცუდი გაგებითაც. ხშირ შემთხვევაში, მათი ქალად აღქმაც კი არ ხდება. შშმ ქალები ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რასაც საზოგადოება ქალებს უწესებს, ეს სექსუალობასთანაც არის დაკავშირებული.

შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ შშმ ქალები ერთგვარად ქვიარები არიან?

კი, შეგვიძლია, ასეც ვთქვათ.

კონკრეტულად რომელ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ შშმ ქალები?

ქალი ზოგადად განიხილება “საჯიშე არსებად”, რომლისგანაც მოელიან შთამომავლობას. ასევე, ქალების მიმართ არსებობს ესთეტიკური მოთხოვნები. შშმ ქალები ამ მოთხოვნებს აცდენილები არიან.

კერძოდ რომელ სფეროებში ვლინდება ორმაგი დისკრიმინაცია?

ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, სადაც გამოიკვეთა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებულად ჯანდაცვის სფეროში ვლინდება. რეპროდუქციული ჯანდაცვა შშმ ქალებისთვის მიუწვდომელია. გინეკოლოგიური სერვისები განსაკუთრებულად მიუწვდომელია იმ ქალებისთვის, ვისაც აქვს მობილობის შეზღუდვა, ვინც ეტლში ზის.  იყო შემთხვევა, როცა ეტლიანი ქალის მივიდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკაში. კლინიკა არ იყო შესაბამისად ადაპტირებული. ამასთან დაკავშირებით ქალის პროტესტს სამედიცინო პერსონალმა უპასუხა, რომ იქ მიდიან ის ქალები, ვისაც უნდათ და აპირებენ შვილის გაჩენას. აქ იკვეთება ორი პრობლემა. ერთი მხრივ, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და შესაბამისი სერვისები არ არის მიბმული მხოლოდ შვილის გაჩენასთან და ცხადია, ასე არ უნდა განიხილებოდეს. მეორე პრობლემა ისაა, რომ სამედიცინო პერსონალმა საერთოდ გამორიცხა და არც კი დაუშვა, რომ ეს ქალი შეიძლება შვილის გაჩენას აპირებდეს. ზოგადად, შშმ ქალების დედებად მოაზრება არ ხდება, განსაკუთრებით მათი, ვისაც ფიზიკური შეზღუდვები აქვს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია ახლოვდება. როგორ ვლინდება ეს პრობლემა შშმ ქალებთან მიმართებაში? რა ქმნის ძალადობისთვის ხელსაყრელ პირობებს?

ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე და ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალები ძალიან ხშირად არიან ხოლმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ეს ასეა მთელ მსოფლიოში. მოძალადეს აქვს მოლოდინი, რომ ვერავინ შეიტყობს იმას, რაც ჩაიდინა და ნებისმიერ შემთხვევაში, მსხვერპლს არც არავინ დაუჯერებს. ასეთი ქალების ექსპლუატაცია ადვილია. იგივე ითქმის ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალებზე. როდესაც გარემო არ არის მათზე მორგებული, ეს ადამიანები სხვაზე დამოკიდებულნი და დაქვემდებარებულნი არიან. სწორედ ამგვარი, ფიზიკურ დონეზე დამოკიდებულება ხდის მათ მოწყვლადს ძალადობის მიმართ. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ქალი შეიძლება იძულებული იყოს, რომ დარჩეს მოძალადის დაქვემდებარების ქვეშ.

თქვენ, როგორც ფოტოგრაფი, ჩართული ხართ პროექტში “ქალები საქართველოდან”. ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე შშმ ქალის ფოტო და ისტორიაც. როგორი გამოხმაურებები ჰქონდა ამ ისტორიებს? როგორ მიიღო ეს საზოგადოებამ?

ამ ისტორიებზე საზოგადოების გამოხმაურება ცალსახად დადებითია. ყველაზე ნაკლები “ფიდბექი” არის ხოლმე ლბტ ქალების ფოტოებსა და ისტორიებზე, რამდენიმე უარყოფითი კომენტარიც იყო, მაგრამ დიდწილად მაინც დადებითი გამოხმაურებებია მათ მიმართაც და ზოგადად ყველა ისტორიაზე. რაც შეეხება შშმ ქალებს, როცა კიდევ  უფრო მეტი ისტორია დაიდება, ვფიქრობ, საინტერესო რაღაცები გამოიკვეთება იმაზე დაკვირვებით, თუ რა ტიპის ისტორიებს აქვს მეტი გამოხმაურება. მე როგორც ვაკვირდები, უფრო პოპულარულია ის ისტორიები, სადაც ქალი მეტისმეტად ვიქტიმიზებულია ან პირიქით, მისი ჰეროიზაცია ხდება. ხშირად ხდება ხოლმე ამ ადამიანების გმირებად წარმოჩენა თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ახერხებენ ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება ჰქონდეთ. ეს თვითონ მათთვისაც უსიამოვნოა.

გვაქვს თუ არა საქართველოში შშმ ადამიანების მაგალითები, რომლებმაც მათ წინაშე აღმართული ბარიერები და პრობლემები წარმატებით გადალახეს?

კი, საბედნიეროდ, გვაქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ოჯახებისა და სამეგობროს მხარდაჭერა ჰქონდათ. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს გარემოში, ოჯახისა და ახლობლების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კლასი და სოციალური ფონიც. თუნდაც ოჯახი არ იყოს სიღარიბის ზღვარზე, სოციალურად დაუცველის კატეგორიაში, როდესაც იქ ჩნდება შშმ ადამიანი, ეს ოჯახი უკვე დიდი რისკის ქვეშ არის, რომ უფრო დაბალ სოციალურ ფენაში გადაინაცვლოს. ის შშმ ადამიანები, რომელთაც წარმატებით გადალახეს გარკვეული ბარიერები, შედარებით ეკონომიკურად ძლიერი ოჯახებიდან არიან. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. ესმა გუმბერიძე, რომელიც უსინათლოა, სულაც არ არის შეძლებული ოჯახიდან. ესმას ოჯახი, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა, სპეციალურად გადმოვიდა თბილისში, რათა ბავშვს განათლების მიღების საშუალება ჰქონოდა. ესმა ახლა 22 წლისაა, არის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. მას ხელს უწყობს ოჯახი და მეგობრები, ეხმარება დედა, რომელიც უკითხავს სასწავლო მასალებს. მე სრულიად აღფრთოვანებული ვარ ესმას პიროვნებით. ის ძალიან მიზანდასახულია, არაფერზე უკან არ იხევს და ძალიან დამოუკიდებელია.

ამჟამად რა გეგმები აქვს შშმ ქალთა აქტივიზმს?

ორგანიზაციაში მუშაობისას წამოვიწყე პროექტი შშმ ქალებზე. ამ პროექტის ფარგლებში შეიკრა შშმ ქალთა ძალიან ძლიერი და კარგი საინიციატივო ჯგუფი. ეს არის “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის”, რომლის ბაზაზეც ვაპირებთ, რომ ორგანიზაციაც დავაფუძნოთ. ბუნებრივია, ჩვენი მთავარი ფოკუსი შშმ ქალები იქნება, თუმცა გამოვეხმაურებით სხვა საკითხებსაც. ამ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ ვიმუშაოთ ჯანდაცვის საკითხებზე, განათლების მისაწვდომობის მიმართულებით და დეინსტიტუციონალიზაციის საკითხზე. სახელმწიფოს აქვს დეინსტუტიციონალიზაციის პოლიტიკა, მაგრამ ეს რთული საკითხია და პროცესი პრობლემურად მიმდინარეობს. პრობლემაა ისაა, რომ ამ ინსტიტუციების რეალური ალტერნატივები სახელმწიფოს შექმნილი არ აქვს. ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრია ოლღა კალინა, რომელიც საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ერთადერთი თვითადვოკატია. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების თემთან აქტიურად იმუშაოს.

ითანამშრომლებს თუ არა შშმ ქალთა მოძრაობა სხვა მოძრაობებთან?

კი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს თვითიზოლირება. პირიქით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული მიზანია სხვა მოძრაობებთან თანამშრომლობა. ამ ეტაპზე მთავარ მოკავშირეებად განვიხილავთ შშმ ადამიანთა და ქალთა მოძრაობებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენმა მოძრაობამ შეიძლება ამ მოძრაობებს შორის ერთგვარი ხიდის როლიც შეასრულოს.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი