ეკონომიკური ძალადობა, როგორც ოჯახში ძალადობის ფორმა
05 12 2016

ეკონომიკური ძალადობა ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და ეკონომიკურ სიკეთეებზე, სხვადასხვა რესურსზე წვდომის შეზღუდვას გულისხმობს. ამგვარი ძალადობა საქართველოს კანონმდებლობაში განმარტებულია როგორც ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

პრაქტიკაში ოჯახში ეკონომიკური ძალადობის მხვერპლნი უმეტესად ქალები არიან. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე ამბობს, რომ ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არსებული უთანასწორო მდგომარეობაა.

„ქალის დაბალი შემოსავალი, მის საკუთრებაში ქონების არარსებობა, ადრეულ ასაკში ქორწინება და განათლების ნაკლებობა უფრო მეტად ამძაფრებს ოჯახში ძალადობას. ეკონომიკური ძალადობის მთავარი მიზეზი არის ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები. ამ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, დღემდე, თანასაკუთრება, ოჯახის საკუთრება, მემკვიდრეობა გადადის ვაჟ შვილზე და არა ქალზე. კანონმდებლობა ამ მხრივ მოწესრიგებულია, მაგრამ ეს არის პრობლემა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ამ ყველაფრის გამო ქალები იძულებულნი არიან მოითმინონ სხვა ძალადობაც, სანამ ის არ მიაღწევს უკიდურეს ფორმებს, როგორიც შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დაზიანება და სხვადასხვა სასტიკი მოპყრობა“ - ამბობს ეკა სხილაძე.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე ამბობს, რომ საქართველოში ხშირია შემთხევები, როცა ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის წყარო არის ქალი, თუმცა შემოსავალს მაინც მამაკაცი განკარგავს.

„ეს ცალსახად არის ეკონომიკური ძალადობა. მაგალითად, უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალები შემოსავლის დიდ ნაწილს უგზავნიან მეუღლეს ან პარტნიორს, რომელიც თანხას საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს. ანუ, ეკონომიკურ ბენეფიტენზე თანასწორი მფლობელობა არ არის არც მაშინ, როცა ეს ფინანსური რესურსი ეკუთვნის ქალს, ხოლო როცა მამაკაცს ეკუთვნის, ცალსახად ის არის უპირატესი პიროვნება, რომელიც წყვეტს სად, როგორ და რამდენი უნდა დაიხარჯოს“ - ამბობს ანა აბაშიძე.

მისივე თქმით, რთულია იმის თქმა, რომ ეკონომიკური ძალადობა ფიზიკურ ძალადობაზე ნაკლებად აუტანელია, მით უმეტეს, რომ, როგორც წესი, ძალადობის არც ერთი ფორმა არ ხდება ცალკე და მას სხვადასხვა ტიპის ძალადობა ახლავს თან.

იმის გამო, რომ ეკონომიკური ძალადობა, განსხვავებით ფიზიკურისგან, არ არის მარტივად ხილვადი, მისი იდენტიფიცირება რთულია. ეკა სხილაძის თქმით, ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ამგვარი ძალადობის მსხვერპლია.

„სამართალდამცავ უწყებებს არ აქვთ საკმარისი უნარჩვევები თუ გამოცდილება, რომ  ამგვარი ძალადობის იდენტიფიცირება მოახდინონ. ამიტომ, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც ოჯახში ეკონომიკური ძალადობა იქნა იდენტიფიცირებული. მთავარი პრობლემა არის შემთხვევების გამოვლენა, რაშიც ძალიან დიდი როლი ენიჭებათ სოციალურ მუშაკებს. მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, რათა მოქალეებმა იცოდნენ რა არის ეკონომიკური ძალადობა. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ძალადობის მსხვერპლია, რადგან ეს არ არის ძალადობის ის ფორმა, რომელსაც იმწუთიერად, ტკივილის სახით განვიცდით. ამას უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს და შედეგებს უფრო გვიან ვხედავთ“ - ამბობს სხილაძე.

მისივე თქმით, ეკონომიკური ძალადობა, დასაქმებისა და განათლების პრობლემა უარყოფით გავლენას ახდენს ქალის თვითრეალიზებაზე და განაპირობებს იმას, რომ ოჯახის შემოსავალი უფრო მცირეა. გარდა ამისა, ირღვევა თანასწორობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან, ხშირად გადაწყვეტილებას იღებს ის, ვისაც აქვს ფინანსური შემოსავალი. ადამიანები ამის გამო შესაძლოა ითმენდნენ ძალადობის სასტიკ ფორმებს.

„აღსანიშნავია ისიც, რომ ქალთა მონაწილეობა და გენდერული თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. შესაბამისად, როდესაც ქალები გარიყულნი არიან ამ პროცესიდან, ისინი ვერ მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ან შრომის ბაზარზე ისინი დისკრიმინაციულ მიდგომებს აწყდებიან, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე უარყოფითად აისახება“ - ამბობს ეკა სხილაძე.

2013 წლის მონაცემებით, საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტივობის დონე 20%-ით ჩამორჩება კაცებისას. ეკონომიკურად ძლიერი ქალები ქმნიან უფრო ჯანსაღ და განათლებულ საზოგადოებას/მომავალს. Catalyst-ის 2013 წლის კვლევის მიხედვით, კომპანიების მოგება, რომელთან მმართველ რგოლში ქალების მაღალი წარმომადგენლობა აქვთ, 35%-ით მეტია.

სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ქალთა ქონებრივი უფლებების მიმართლებით გადახედვას საჭიროებს. მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია არსებული კანონების ეფექტური განხორციელება.

კანონმდელობის დახვეწა პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ, თუმცა არა ერთადერთ გზად მიაჩნია ანა აბაშიძესაც.

„გამოსავალი მგონია მეინსტრიმ პრინციპით ზოგადად თანასწორობაზე, მათ შორის ეკონომიკურ თანასწორობაზე მუშაობა. მაგალითად, საქართველოში ბავშვებზე ძირითადად ქალები ზრუნავენ. თუ შევხედავთ იმ კუთხით, თუ რა რესურსი იხარჯება ამ როლის გამო, ძალიან საინტერესო შედეგებზე გავალთ. აქ არ უნდა იყოს საუბარი მხოლოდ ფინანსებზე, უნდა განიხილებოდეს ნებისმიერი რესურსი, იქნება ეს დრო თუ ფიზიკური შრომა. ჩვენ მხოლოდ მონეტარული თვალსაზრისით ვუყურებთ დანახარჯებს, რაც, ჩემი აზრით, არის ქალსა და კაცს შორის ეკონომიკური უთანასწორობის ერთ-ერთი წყარო. თუ გვინდა ეკონომიკური ძალადობა მინიმუმამდე დავიდეს, ნებისმიერი პასუხისმგებელი უწყება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალადობაზე მუშაობენ, ეკონომიკურ ძალადობას უნდა ეძებდნენ ყველა პროგრამაში, ყველა სტრატეგიაში. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია იდეალური კანონიც გვქონდეს, მაგრამ არსებული მდგომარეობა ვერ შევცვალოთ“ - ამბობს ანა აბაშიძე.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 2015 წლის მონაცმებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ქალები ყოველთვიურად საშუალოდ 318 ლარით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. 2014 წელს ქალების საშუალო ხელფასი კაცების ხელფასზე დაახლეობით 39%-ით ნაკლები იყო. ამავე კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 52% ფიქრობს, რომ ქალი ვერ იქნება ისეთივე წარმატებული კარიერაში, რადგან ოჯახის გამო დიდ დროს ვერ დაუთმობს მას. 74% კი იზიარებს აზრს, რომ ქალი უფრო მეტად იმით ფასობს, თუ როგორი ოჯახი აქვს და არა იმით, რა წარმატება აქვს სამსახურში. მიუხედავად ამისა, ქალების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დასაქმება საუკეთესო საშუალებაა, რათა თავი დამოუკიდებელ პიროვნებად იგრძნონ (UNDP, 2013. რესპონდენტების 77%, მათ შორის 85% ქალი). გამოკითხული ქალების 52%-ის თქმით, მათ არ აქვთ შემოსავალი. ოჯახების მხოლოდ 24%-ის შემთხვევაში ქალს მამაკაცის მსგავსი ან მეტი შემოსავალი აქვს. 18%-კაცს აქვს მეტი შემოსავალი, 6% - კაცს არ აქვს შემოსავალი.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება