წერილი #9
29 09 2015
უმისამართო წერილი ამ წერილის დაწერა მთხოვეს, არადა რისთვის ან ვისთვის, არ ვიცი. ალბათ, იმის დასამტკიცებლად, რომ მეც სტატისტიკურად ჰომოსექსუალ ქართველ ადამიანს, კერძოდ, ქალს, წარმოვადგენ. ვავსებ სტატისტიკას. აბა ჰეტეროსექსუალი რომ ვიყო, ქამინგაუთის გაკეთება არც მომიწევდა, უფრო სწორად ყოველდღე ამის დღე იქნებოდა. მოკლედ, მეც ლესბოსელი ვარ. და, ჰოი საოცრებავ, ამასთან ერთად, ანდა მიუხედავად ამისა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ალბათ მსგავსი ოცნებებითა და მისწრაფებებით, როგორც ყველა დანარჩენი. რთულია წერილის დაწერა, რომ არ იცი ვის სწერ… მე მიზიდავს ჩემივე სქესი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც, აი ეს მხდის ლესბოსელს. ეს იარლიყი რომც არ ვიხმარო, მაინც იგივე ადამიანი ვიქნებოდი, მეყვარებოდა ქალები. ეს ისე, ვინმეს მხოლოდ იარლიყი რომ არ ვეგონო… რატომ ვარ ასეთი? დავიბადე. რა ვიცი რომ ლესბი ვარ? – ვგრძნობ. ყველა ქალიმინდა? არა. არა, ლესბოსელებს ვანიჭებ უპირატესობას. ალბათ იცით, ვიღაც (განურჩევლად სქესისა) მოგეწონებათ და დაახლოებას ცდილობთ: თუნდაც უბრალოდ ხელის ხელზე მოკიდება, ვითომ და შემთხვევით, რამდენს ნიშნავს (ნუ უფრო რომანტიკოსი ადამიანებისთვის ალბათ), პირველი კოცნა, საყვარელი ადამიანისთვის ღრმად თვალებში ჩახედვა…. ხომ ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი და ამასთანავე გასაოცარი და ბედნიერების მომტანი განცდებია… მეც ასე მიყვარს. მეც იგივეს განვიცდი. თუმცა, მე ლესბი ვარ. თუ ჩემი წარსულიც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ თბილისში გავიზარდე, სწავლაში გადავარდნილი მოსწავლე ვიყავი, ჩემი სკოლის დამრიგებელი (ქალი იყო) მიყვარდა წლიდან წლამდე, ისე რომ არც ვიცოდი, რატომ მაინცდამაინც ის, და ვერც ვერავის ვეუბნებოდი. ოღონდ ის მენახა, ავადაც რომ ვიყავი, მაინც სკოლისკენ მიმეჩქარებოდა. ახლა მეღიმება. არასოდეს არ მითქვამს ეს მისთვის, მაინც ვერ გაიგებდა. ჩემი გარდატეხის ასაკისთვის ოჯახში არავის ეცალა, ჩემი ძმის ეს წლები იყო მნიშვნელოვანი და მშობლები მის თინეიჯერულ პრობლემებთან გამკლავებით იყვნენ დაკავებული. მე ისე გავიზარდე, ვიცოდი, ბიჭებს უნდა მოვაწონო თავი და მერე ვინმეს იქნებ მოვეწონო და მოუნდეს ჩემთან ყოფნა თქო (ისე რომ არც ვიცოდი, რომ მე ეს არ მინდოდა). 23 წლისამ გავაცნობიერე, რომ მე ლესბოსელი ვარ, როცა სიყვარულმა კლანჭები ჩამავლო და აღარ გამიშვა და თავიდან ბოლომდე კარგად შემაჭანჭყარა და ტრადიციებზე დაფუძნებული ჰეტეროსექსუალობა თავიდან ამომიგდო. რთული იყო, მაშინდელი ქართველი მეგობრები ვერ გამიგებდნენ. მარტო მომიხდა ჩემს პირად ქამინგაუთთან გამკლავება. ახლა ბედნიერი ვარ :) საყვარელი ადამიანი მყავს გვერდში და ხშირად მავიწყდება კიდეც, რომ ლესბოსელი ვარ, ისეთი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად, რომელსაც მე, ჩემი პარტნიორი და ჩვენი ძაღლი წარმოადგენს. მხოლოდ ხანდახან გამახსენდება ხოლმე, რომ მე განსხვავებული ვარ. განსხვავებული და მაინც მსგავსი. მეც ხომ თქვენნაირად მიყვარს. <3


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის