წერილი #11
29 09 2015
ბებო, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ დავიწყო და განსხვავებულ შესავალზე არ ვიფიქრო. ბეე,  გახსოვს რომ მკითხე ,,არავინ გიყვარსო?“ კი ბებო, მიყვარს… დარწმუნებული ვარ, მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი და შენთვის ეს ადამიანი  მენახვებინა გაგეხარდებოდა… ამ შემთხვევაში კი,  ვშიშობ რომ გულს გატკენ. თუმცა,  მე დარწმუნებული ვარ  რომ, შენი ჩემდამი გრძნობა იმაზე ძლიერია ვიდრე ეს ფობიები (შიშები ბებიკო). ყველაზე მეტად მინდა შენ იცოდე სიმართლე, ვიცი ჩემით როგორ ამაყობ და თუკი ამით იმედს გაგიცრუებ ვწუხვარ. მე ერთი არაჩვეულებრივი გოგო მიყვარს ბებო. არ ვარ ბედნიერი, არა იმის გამო რომ ვწუხვარ ლესბოსელი რომ ვარ, არამედ იმიტომ რომ მასთან არ ვარ. ბევრი შეცდომა გიპატიებია ჩემთვის, ბევრჯერ მითხოვია პატიება, ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც არ გთხოვ პატიებას. უბრალოდ მინდა გამიგო, მირჩიო არა ბიჭებზე ფიქრი, არამედ ის, თუ როგორ ვიცხოვრო ტკივილის გარეშე. შენგან ვიცოდი, რომ სიყვარულს საზღვრები არ ქონდა, ეხლა კი მე მივამატებ მაგ შენს ფრაზებს და გეტყვი რომ,  სიყვარულს  არც სქესი არ აქვს. ყოველ ჩემს ნაბიჯს ვუფიქრდები და ვიცი რომ ბეწვის ხიდზე გავდივარ. გავდივარ მარტო, დაუხმარებლად და მთელი სიმტკიცით, ზოგჯერ მეშინია, ვკანკალებ, ვიცი ახლა ამ ,,კანკალზე“ დამცინებ, მაგრამ მართლაც ასეა ხოლმე, იცი რა მიცავს ამ დროს? შენი და მისი ღიმილი. ორი ადამიანის სახე და ემოცია რომლნიც  მე ასე ძალიან მიყვარხართ… შეიძლება შენ ეხლა ბრაზდები ჩემზე და თვლი რომ აღარ გაქვს ჩემს მიმართ არანაირი გრძნობა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, გულის სიღრმეში არასოდეს არ მაპატიებდი რომ არ მებრძოლა ჩემი სიყავრულისთვის,  ვიცი სილაჩრეს არასოდეს მომიწონებ და ისიც ვიცი  რომ,  დრო გავა და უფრო მეტად გეყვარები, რადგან მე ვთქვი ამაყად ის,  რასაც ვგრძნობ და არ შემრცხვა, არც შემეშინდა … გახსოვს? ჩვენ სიბრმავის გვეშინოდა, შენ იმის რომ მე ვერ დამინახავდი თუკი სიბერე უსინათლოდ გაქცევდა, მე კიდევ იმის რომ, შენ სადმე წაიქცეოდი,რამდენი მიტირია ამის გამო ბებო….   ვგრძნობ რომ ადამიანებს თუკი უყვართ, მაშინ ისინი მის ლანდს ყოველთვის დაინახავენ და მე როდესაც შენს ასაკში ვიქნები,  უსინათლობის და უიმისობის არ შემეშინდება. შენს რჩევას გავითვალისწინებ და მე არასოდეს დავნებდები ცხოვრებას, არც შენს გაბრაზებას და შესაძლო მძიმე სიტყვებს, რადგან ვიცი მალე გადაგივლის ტკივილი და მომისმენ, მირჩევ, ჩამიხუტებ, ვიტირებთ ერთად და ასე ცრემლიანებს ჩვენი პაწაწინა თევზები გაგვახალისებენ, ჩვენ ხომ გვიყვარს მათთან თამაში. მერე კი ბებო ერთად მოვუყვებით მათ შენი და პაპას,  და ჩემი და იმის სიყვარულის ისტორიას, ვიცი ჩემზე მოიწყენენ, ამიტომ შენ უნდა თქვა ბოლოს რომ,  ჩვენი მეგობარი თევზები არ დავტოვოთ სევდიანები… დროებით, ბებიკო და გახსოვდეს, მიყვარხარ…  


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება