წერილი #13
29 09 2015
ჩემო კლასელო და მეგობარო, ჩვენი 18 წლიანი ურთიერთობის მანძილზე გაგკვირვებია, რატომ არ მტკიოდა სკოლაში გაკეთებული აცრის ნემსი. 1 სექტემბერს, საზაფხულო არდადეგების შემდეგ ყოველთვის გიკვირდა როცა გეუბნებოდი რამდენი დღე საათი და წუთი არ მყავდი ნანახი,  ყოველთვის გიკვირდა რატომ იყავი შენ ის, ვისაც უთვალავი ლექსი დავუწერე. გიკვირდა, რატომ ეწერა შენი სახელის პირველი ასო ჩემი სადარბაზოს ყველა სართულზე. გიკვირდა, რატომ მახსენებდა ყველა სიმღერა შენს თავს. გიკვირდა, რა გამიკეთე ისეთი, რომ ასე ვიყავი შენს მიმართ განწყობილი. ასე, ანუ ისე, რომ ყველას და ყველაფერს მერჩივნე მთელს კაცობრიობას და თავად ღმერთს. ახლა უნდა და მინდა გითხრა – იმიტომ, რომ მიყვარდი. მიყვარდი მთელი გრძნობით, მთელი არსებით, მიყვარდი მთელი სიყვარულით. არ მკითხო რატომ. შენ პირველი იყავი და ერთადერთი ვინც სკოლის ეზოში ხელი ჩამკიდა და მეთერთმეტე კლასამდე არ გამიშვა. ეს მიზეზიც იკმარე. არ მტკიოდა სკოლაში გაკეთებული აცრის ნემსი რადგან იმ წამს შენზე ვფქრობდი. მეზიზღებოდა ზაფხულის არდადეგები რადგან ყოველი წამის დათვლა მიხდებოდა სანამ გნახავდი. ახლა როცა იცი როგორც მიყვარდი, ვიცი არ იზიარებ ამ გრძნობას და ყველანაირად ეცდები ”სწორ და ნორმალურ” გზაზე ჩემს დაყენებას რადგან თვლი, რომ ერთსქესიან ადამიანთა ურთიერთობა არც რელიგიურად არც ტრადიციულად და არც ბუნებრივად არ არის გამართლებული და შესაძლებელი, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული ვის როგორ ესმის ”შეიძლება”-ს მნიშვნელობა.  მაგრამ რა შუაშია ეს ყველაფერი სიყვარულთან? მთელი ის წლები ისე მიყვარდი წამითაც არ გამიფიქრია შენთვის მეკოცნა. წუთითაც არ წარმომიდგენია შეგხებოდი და მხარზე მეკოცნა. რელიგია სწორი გაგებით სიყვარულია თავად. ტრადიცია- სიყვარულს მოკლებული ადამიანების მიერ გამოგონილი უაზრო წესთა წყება. ბუნებრიობა- ფიზიკური ურთიერთობა – ვნება კი გრძნობების პიკი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მასთან შეიძლება განიცადო (და არა გქონდეს ვაკონკრეტებ,) ვინც გიყვარს. შვილი თუა კიდევ ერთერთი აუცილებელი მიზეზი იმისა რომ ‘ტრადიციული’ ურთიერთობა გქონდეს, გეტყვი რომ ასეთი ურთიერთობით თითქმის მთელი კაცობრიობაა მოვლენილი და ეს ყველა თითქმის მკვდარია სულიერად რადგან უსიყვარულო სიყვარულის ნაყოფნი არიან. მე მომწონს ჩემივე სქესის წარმომადგენლები. მე ასეთი ვარ დაბადებიდან და არა ბავშვობიდან. ჩემი ორიენტაცია არ არის შეძენილი, ის თანდაყოლილია. უდაოდ. და ასეთი ვარ არა იმიტომ რომ ასეთი მინდა ვიყო, არამედ იმიტომ რომ ასეთი უნდა ვიყო. ეს ჩემი მეა და არც და ვერც შევცვლი.  შენ კი თუ რამედ გიღირვარ,  ნუ ეცდები შემცვალო რამეთუ მერე მე – მე აღარ ვიქნები. არ მინდა თავის დაკარგვა. მერე რა, თუ ჩემი ასეთი ყოფა უბედურს გხდით თქვენც და მეც.  მე იმიტომ რომ არ მიზიარებთ ისეთს, როგორიც ვარ. ყველანაირად მზღუდავთ, მაკომპლექსებთ და მიგყავართ იმ დონემდე, რომ თავი გავიქრო. სიყვარულს არა აქვს სქესი. სიყვარული სექსი არ არის. სექსი კი საყვარელი ადამიანის სულის მოფერებაა. სიყვარული არც თანაგძნობა არ არის, სიყვარული გრძნობაა, უსქესო და გულწრფელი. ხოდა გთხოვ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ, სიყვარულით და არა ვალდებულება – იძულებით. შენს ზიზღს ნუ გადმომდებ ისედაც მძულს თავი. სიყვარული ცოდვა არ არის. სიყვარული ცოდვებისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა. მე ვარ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი და მე მაქვს უფლება ვიყო ის, რაც ვარ. და თუ ღმერთსაც კი  არ აქვს უფლება ჩემი განსჯის მანამ სანამ ცოცხალი ვარ, თქვენ, ადამიანებმა რატომ დაიკისრეთ ეს მოვალეობა? საიდან უნდა იცოდეთ რა არის სწორი და არასწორი როცა სიყვარულის მხოლოდ ერთ სახეობას ცნობთ და მისი მნიშვნელობა არც იცით. რატომ აიღეთ ვალდებულებად სხვების პირადი შეხედულებების დამხობა?! და კიდევ, თუ ღმერთი ღმერთია და მართლა არსებობს არც ის განმსჯის რადგან ეს ყველაფერი თავად ისურვა. ვისურვებდი დარჩენილიყავი ისევ ჩემს მეგობრად ყოველგვარი სიძულვილის, ზიზღის , მორალის კითხვის და ჩემი შეცვლის სურვილის გარეშე. რადგან მე არაფერს ვაშავებ იმის გარდა რომ მიყვარს ადამიანი და მასში არ ვანსხვავებ სქესს რადგან ცხოველი არვარ რომ განვასხვავო.


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის