:
მწვანე პოლიტიკა ქვიარ პოლიტიკაა
10 06 2019

ავტორი: გიორგი ფცქიალაძე

"ხეებს მიხედეთ, რა დროს შრომითი უფლებებია"

"რა გეფემინიზმებათ მწვანეებო?"

"ლგბტ ადამიანები და ცისარტყელის დროშა რა შუაშია თქვენთან?"

"თქვენი საქმე გარემოსდაცვაა და არა მუშების!"

"ყველა აქციაზე როგორ ხართ? პარკებს მიხედეთ, დანაგვიანებული რომაა"

"პარკები რომ დაალაგოთ არ გინდათ?"

მსგავს და სხვა კომენტარებს ნახავთ ახალგაზრდა მწვანეების ფეისბუქ გვერდზე, თუმცა ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმ შენიშვნებისა და კრიტიკისა, რასაც დროდადრო, ჩვენ მიერ, ერთი შეხედვით, არა-მწვანე მოვლენებში ჩართვისას გვაძლევენ გარკვეული ადამიანები. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ საზოგადოება მოელის ისეთ სოციალურ მოძრაობებს, რომლებიც მხოლოდ ერთი იდენტობის მქონე ადამიანებს გააერთიანებს კონკრეტული მიზნისთვის ან მხოლოდ ერთი საკითხის გარშემო იქნება შექმნილი, ხოლო სხვა მოძრაობებთან კავშირს არ დაამყარებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გაკვირვებას იწვევს, როდესაც 1 მაისს ფემინისტებს უსმენენ, 8 მარტს მშრომელ ქალებს, ხოლო მწვანეებს ქვიარებთან ერთად სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის მორბენალებს ხედავენ. სწორედ ასეთი არაერთი რეაქცია გამოიწვია WISG-ის და ახალგაზრდა მწვანეების მიერ ორგანიზებულმა ქვიარ დების გარბენმა, რომლის წლევანდელი მთავარი საკითხი სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა იყო. სწორედ იმიტომ, რომ გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვსაუბრობთ ერთი მხრივ, მწვანეები ქვიარ საკითხებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ქვიარ ორგანიზაცია გარემოსდაცვაზე, ვეცდები ჩემს ბლოგში მოკლედ ავხსნა.

პირველ რიგში, აუცილებელია განიმარტოს რა არის მწვანე პოლიტიკა, ვინაიდან მას ჩვენს ქვეყანაში მართლაც მხოლოდ ერთმნიშველოვნად - ხეების დაცვა - მიეწერა. სინამდვილეში, მწვანეობა პოლიტიკური იდეოლოგია და ფილოსოფიაა, რომელიც რამდენიმე მთავარ პრინციპზე დგას, ესენია: ეკოცენტრიზმი[1], ნაცვლად ანთროპოცენტრიზმისა[2], გარემოსდაცვა, ჰოლისტური მიდგომა, მდგრადი განვითარება, სოციალური სამართლიანობა, მონაწილეობითი დემოკრატია, არა-იერარქიულობა, არა-ძალადობა. მწვანეობა ბევრად კომპლექსურად განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც თუნდაც დღევანდელობის უმთავრესი პრობლემა - კლიმატის ცვლილებაა, რადგან მწვანე იდეოლოგიისთვის, კლიმატის ცვლილება მხოლოდ განახლებად ენერგიებზე გადასვლითა და "მწვანე ცხოვრების წესით" არ აღმოიფხვრება, ვინაიდან მისი გამომწვევი მიზეზი და საფუძველი მხოლოდ ნავთობი და ქვანახშირი არ არის, არამედ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკაა. აღნიშნული დებულებების გამო მწვანეობა ბუნებრივად ინიშნება ანტი-კაპიტალისტურ, ანტი-პატრიარქალურ, მემარცხენე პოლიტიკის გამტარებლად. აქ კი უკვე უნდა ვახსენოთ ქვიარ პოლიტიკა, რომელიც მსგავსად მწვანეობისა ანტი-კაპიტალისტური, ანტი-პატრიარქალური, მემარცხენე და ხელოვნურად შექმნილი იერარქიების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკაა.

საზოგადოების იერარქიულობის პრობლემატურობა, შეიძლება ითქვას, რომ ის საკითხია, რომელზეც მწვანე და ქვიარ პოლიტიკები ძალიან ახლოს იკვეთება ერთმანეთთან. გარემოსდაცვითი პრობლემის სათავე სწორედ ძალაუფლებრივი იერარქიებია; მუდმივი ვნება, რომ მეტად გამდიდრდე, სხვაზე წარმატებული იყო, მეტი დოვლათი დააგროვო და ა.შ. აღნიშნული კი მოითხოვს მეტი და მეტი რესურსის სწრაფ გამოყენებას. "არსებობს სულ უფრო მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ ამ საუკუნის განმავლობაში დედამიწაზე კლიმატი შეიცვლება ექსპონენციალური ზრდისა და ადამიანის ისეთი საქმიანობის გამო, როგორიცაა წიაღისეული საწვავის (ნახშირბადშემცველი საწვავი როგორიცაა: ქვანახშირი, ბუნებრივი გაზი და ბენზინი) წვა და ტყეების ჭრა (მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა 2013, 14)", მუდმივი ზრდა კი კვლავაწარმოებს გამარჯვებულს (მდიდარს) და დამარცხებულს (ღარიბს). იერარქიები ჩაგვრის უმნიშვენლოვანესი ნაწილს წარმოადგენს. ჰეტერონორმატიული საზოგადოებაც ასეთი ტიპის იერარქიას წარმოადგენს, სადაც არაჰეტეროსექსუალები მეორე ხარისხოვან, ნორმიდან გადახრილ ადამიანებად განიხილებიან, ვინაიდან ერთადერთი ჭეშმარიტი სექსუალობა ჰეტეროსექსუალობაა. ასეთივე იერარქია შეგვიძლია მრავლად მოვძებნოთ; გლობალურ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, კაცებსა და ქალებს შორის, მდიდრებსა და ღარიბებს, თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის და სხვა. ჩაგვრისა და დომინაციის გამართლება კი სწორედ ამ იერარქიის არსებობითა და მისი ბუნებრივად შერაცხვით ხდება. აქ საინტერესო იქნება მწვანეობის ერთ-ერთი მიმდინარეობის, სოციალური ეკოლოგიის მთავარი დებულების ციტირება; "არსებული გარემოსდაცვითი კრიზისი არის ჩვენს საზოგადოებაში ძალაუფლების იერარქიული გადანაწილების შედეგი. ძალაუფლების ეს სტუქტურები ისევე ერჩის კაცობრიობას, როგორც გარემოს (მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა 2013, 12)." მაშასადამე იერარქიული საზოგადოება ერთ-ერთი უმთავრესი დამნაშავეა ჩაგვრების არსებობასა და გარემოს განადგურებაში.

ფაქტი, რომ ეკოლოგიური ჩაგვრა, ანუ არასათანადო ეკოლოგიური მდგომარეობის არსებობა და მისი გამოსწორებისათვის ძალისხმევის არ გაწევა სახელმწიფოს მხრიდან ისეთივე პრობლემა და ჩაგვრაა, როგორც ეკონომიკური ან სოციალური, ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე პოლიტიკურად გაცნობიერებული არ არის. ხშირად, კლიმატის ცვლილება, მთიან რეგიონში ჰესის მშენებლობა, სხვა ქალაქში ან უბანში ხეების მოჭრა, შორს მყოფ პრობლემად აღიქმება, რომელიც მთლიად საზოგადოებაზე გავლენას არ ახდენს. ასევე ხდება ჰომოფობიის ან სექსიზმის შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება ვერ ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ტიპის ჩაგვრას აქვს გავლენა მთელს სოციუმზე, ვინაიდან ჩაგვრები ცალკე მდგომად არ არსებობენ, მეტიც ისინი ერთმანეთს განსაზღვრავენ. მაგალითად, ჰომოფობია რთულია წარმოსადგენია სექსიზმის გარეშე ან რასიზმი კოლონიალიზმისა და დასავლეთის დომინაციის გარეშე, ეკოლოგიური პრობლემები კი მისი მთავარი გამომწვევი - კაპიტალიზმის გარეშე. აქედან გამომდინარე, უმნიშვენლოვანესია, რომ მუდმივად ხდებოდეს სხვადასხვა ჩაგვრებს შორის კავშირების დანახვა და მათზე აქცენტის გაკეთება, რადგან ჩაგვრებს შორის არ არსებობს იერარქია და ყველა მათგანი, პირდაბირ თუ ირიბად, ზემოქმედებს ჩვენზე.

მთავარ საკითხს რომ დავუბრუნდე, მაშასადამე, ეკოლოგიური პრობლემები ისეთივე პრობლემებია, რომელიც ხილულად ყველას გვაზარალებს, თუმცა ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ მაინც - ყველას. ქვიარ პოლიტიკა კი, განსხვავებით ლიბერალური ლგბტ პოლიტიკისგან, არ საუბრობს მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან მიმართებულ ჩაგვრებზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ არის ერთადერთი, ან ყველაზე მწვავე იმ ჩაგვრებს შორის, რასაც ქვიარ ადამიანები განიცდიან. წლევანდელ ქვიარ დების გარბენზეც სახელმწიფოს მოვუწოდეთ, რომ გაატაროს მწვანე პოლიტიკა, შექმნას უსაფრთხო და თანასწორი გარემო ყველა მოქალაქისთვის. სახელმწიფო, რომელიც ბუნების ექსპლოატაციის პრევენციისთვის არაფერს აკეთებს და არ ზრუნავს მასზე, არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე. სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა არის ის საფუძველი, რასაც ჩვენი აზრით სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს.

დიახ, მწვანე პოლიტიკა ქვიარ პოლიტიკაა!


დამატებით
"საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების" პოლიტიკურ პლატფორმაში[3] ვკითხულობთ:
5.3 "ახალგაზრდა მწვანეები" თავს ფემინისტური და ქვიარ მოძრაობის ნაწილად მივიჩნევთ და მიზნად მათ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და პერსონალურ ემანსიპაციაში აქტიურ მონაწილეობას ვისახავთ. ქალებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ ფსიქოლოგიური, ვერბალური, ფიზიკური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი.

5.4 "ახალგაზრდა მწვანეები" ვეწინააღმდეგებით უფლებების ჰეტერონორმატიული წესრიგის მიხედვით გადანაწილებას და ჩვენს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ ქვიარ ადამიანების უფლებების ადვოკატირებას. საქართველოში მცხოვრებ პიროვნებებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ, აირჩიონ და გამოხატონ საკუთარი გენდერული და სექსუალური იდენტობა თუ სექსუალური ქცევა.

გამოყენებული ლიტერატურა

2013. მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა. თბილისი: მწვანე ალტერნატივა.

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [..]

პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.


[1] თეორიული ორიენტაცია, რომელიც, ადამიანთა მიზნების განხორციელების საპირისპიროდ, პრიორიტეტს ეკოლოგიური ბალანსის დაცვა-შენარჩუნებას ანიჭებს.

[2] ფილოსოფიური შეხედულება, რომლის მიხედვითაც ადამიანი წარმოადგენს სამყაროს ცენტრს, მისი ყოველი მოვლენის აზრსა და საბოლოო მიზანს



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის