: "ქალის მიერ განსაზღვრული ქალი"
ქალის მიერ განსაზღვრული ქალი
26 04 2020

Radicalesbians (1970)

რა არის ლესბოსელი? ლესბოსელი ყველა ქალის გაერთიანებული და აფეთქების პირას მისული რისხვაა. ეს არის ქალი, რომელიც ხშირად ძალიან ადრეული ასაკიდანვე იწყებს მოქმედებას შინაგანი მისწრაფებით, რომ იყოს უფრო სრულყოფილი და თავისუფალი პიროვნება, ვიდრე მისი საზოგადოება - შესაძლოა, უკვე მაშინვე, და მოგვიანებით კი, აუცილებლად - რთავს ამის ნებას. ამ საჭიროებებს და ქმედებებს, წლებთან ერთად, ის მტკივნეულ კონფლიქტში მოჰყავს ადამიანებთან, სიტუაციებთან, აზროვნების, შეგრძნებებისა და ქცევების დამკვიდრებულ ფორმებთან, მანამ, სანამ მუდმივ ომში არ ჩაებმება ყველაფერთან მის გარშემო, მათ შორის საკუთარ თავთან. შესაძლოა, ის ბოლომდე ვერ აცნობიერებდეს იმის პოლიტიკურ შედეგებს, რაც მისთვის პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე დაიწყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე მისთვის შეუძლებელი ხდება მიიღოს ის შეზღუდვები და ჩაგვრა, რასაც მისგან თავისი საზოგადოების საბაზისო როლი - ქალის როლი მოითხოვს. წინააღმდეგობები, რასაც ის განიცდის, იწვევს დანაშაულის გრძნობას, რომელიც პირდაპირპროპორციულია იმის შეგრძნებისა, რომ ის ვერ ამართლებს სოციალურ მოლოდინებს და/ან საბოლოოდ აიძულებს მას, რომ ეჭვის ქვეშ დააყენოს და გააანალიზოს ყველაფერი, რაც საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია. ის იძულებული ხდება, სახე უცვალოს საკუთარი ცხოვრების მოდელს, გაატაროს ცხოვრების დიდი ნაწილი მარტომ, თავის ჰეტერო დებზე ბევრად ადრე გააცნობიეროს ცხოვრების მარტოსულობა (რასაც ქორწინების მითი ნიღბავს) და ილუზიების რეალობა. რამდენადაც ის ვერ გამორიცხავს სოციალიზაციის იმ დონეს, რაც ქალად ყოფნას თან ახლავს, ის ვერასდროს მოიპოვებს საკუთარ თავთან სიმშვიდეს. ის სადღაც შუაშია გაჭედილი, მის შესახებ საზოგადოების ხედვის მიღებასა - რა შემთხვევაშიც, ის საკუთარ თავს ვერ მიიღებს - და იმის გაცნობიერებას შორის, თუ რა გაუკეთა ამ სექსისტურმა საზოგადოებამ და რატომაა ამ საზოგადოებისთვის ფუნქციური და საჭირო ამის გაკეთება. მათთვის, ვინც ეს გადავლახეთ, საკუთარ თავს ამ რთული მოგზაურობის მეორე მხარეს აღმოვაჩენთ ხოლმე ერთ ღამეში, რომელიც შესაძლოა დეკადებს უდრიდეს. ამ მოგზაურობის შედეგად გაჩენილი პერსპექტივა: გათავისუფლება, შინაგანი სიმშვიდე, საკუთარი თავისა და ყველა ქალის ნამდვილი სიყვარული - არის ის, რაც ყველა ქალს უნდა გავუზიაროთ, რადგან ჩვენ ყველანი ქალები ვართ.

პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ ლესბოსელობა, ისევე როგორც კაცებში ჰომოსექსუალობა, არის ქცევის კატეგორია, რომელიც მხოლოდ იმგვარ სექსისტურ საზოგადოებაშია შესაძლებელი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხისტი გენდერული როლები და კაცთა უპირატესობის დომინირება. ეს როლები ქალების დეჰუმანიზაციას ახდენს, რადგან ჩვენ განგვსაზღვრავს, როგორც დამოკიდებულ/მსახურ კასტას, კაცთა მმართველ კასტასთან მიმართებაში; კაცებში კი ემოციების ატროფიას იწვევს, რადგან მათგან საკუთარი სხეულისა და ემოციებისგან გაუცხოებას მოითხოვს, იმისთვის, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო ფუნქციები ეფექტურად შეასრულონ. ჰომოსექსუალობა სქესის ბაზისზე როლების კონკრეტულად აწყობის (ან ქცევის მიღებული მოდელების) გვერდითი მოვლენაა; როგორც ასეთი, ის არაავთენტური ("რეალობასთან" არათანმხვედრი) კატეგორიაა. საზოგადოებაში, სადაც კაცები ქალებს არ ჩაგრავენ და სექსუალობის გამოვლენა გრძნობების მიყოლითაა ნებადართული, ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსქესუალობის კატეგორიები საერთოდ გაქრებოდა.

მაგრამ ლესბოსელობა ჰომოსექსუალობისგან მაინც განსხვავდება და საზოგადოებაში სხვა ფუნქციას ემსახურება. "Dyke" განსხვავებულად შეურაცხმყოფელი რეპლიკაა, ვიდრე "Faggot", მიუხედავად იმისა, რომ ორივე იმაზე მიუთითებს, რომ არ თამაშობ სოციალურად დაკისრებულ გენდერულ როლს... აქედან გამომდინარე, არ ხარ "რეალური ქალი" ან "რეალური კაცი." უღიმღამო აღტაცება tomboy-ს მიმართ და გულისრევის შეგრძნება sissyboy-ს მიმართ ისევ ამაზე მიანიშნებს: შეურაცხყოფაზე, რომელიც ქალების, ან იმ ადამიანებისკენაა მიმართული, ვინც ქალის როლს ირგებს. დიდი ინვესტიაცია ჩადებული ქალების ამ ზიზღნარევ როლში შესანარჩუნებლად. ლესბოსელი - არის სიტყვა, იარლიყი, მდგომარეობა, რომელიც ქალებს გამყოფ ხაზთან, კონტროლში აყენებს. როდესაც ქალს მის მიმართ წარმოთქმული ეს სიტყვა ესმის, მან იცის, რომ ხაზს გადააბიჯა. იცის, რომ მისი გენდერული როლის საშიში ზღვარი გადალახა. ის უკან იხევს, აპროტესტებს, ფორმას უცვლის საკუთარ ქმედებებს, იმისთვის, რომ აღირება მიიღოს. ლესბოსელი არის კაცის შექმნილი იარლიყი, რომელსაც ის მიაკერებს ყველა ქალს, ვინც ბედავს იყოს მისი თანასწორი, ბედავს გამოიწვიოს მისი პრეროგატივები ( მათ შორის ის, რომლის თანახმადაც, ყველა ქალი მიმოცვლის მედიუმია კაცებს შორის), ბედავს დაამტკიცოს მისი საჭიროებების უპირატესი მნიშველობა. ამ იარლიყის მიწებება ადამიანებზე, ვინც ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობებში აქტიურადაა ჩართული, გრძელი ისტორიის ყველაზე ახალი მაგალითია;

უფროსი ასაკის ქალები გაიხსენებენ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ნებისმიერი ქალი, რომლებიც წარმატებული და დამოუკიდებელი იყო და საკუთარ ცხოვრებას მთლიანად კაცებზე არ მიმართავდა, აუცილებლად გაიგებდა ამ სიტყვას მისი მისამართით, რადგან ამ სექსისტურ საზოგადოებაში, ქალის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება იყოს "ქალი", ის უნდა იყოს "dyke". ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია ქალის მდგომარეობა ახლა. ეს ნათლად ამბობს: ქალი და პიროვნება ურთიერთასწინააღმდეგო ცნებებია. რომ ლესბოსელი ვერ ჩაითვლება "ნამდვილ ქალად". და მიუხედავად ამისა, პოპულარულ აზროვნებაში, მხოლოდ ერთადერთი არსებითი განსხვავებაა ლესბოსელსა და სხვა ქალს შორის - სექსუალური ორიენტაცია, და თუ კი ყველა შეფუთვას ჩამოვაშორებთ მას, საბოლოოდ მივხვდებით, რომ "ქალად ყოფნის" არსი არის ის, რომ კაცი გტყნავს.

"ლესბოსელი" სექსუალობის ერთ-ერთი კატეგორიაა, რომლითაც მამაკაცებმა კაცობრიობა დაყვეს. მაშინ, როცა ქალები დეჰუმანიზებულნი არიან, როგორც სექსუალური ობიექტები, როგორც კაცების ობიექტებს, მათ გარკვეული კომპენსაციები ეძლევათ: იდენტიფიკაცია მის (კაცის) ძალაუფლებასთან, მის ეგოსთან, სტატუსთან, მის დაცვასთან (სხვა კაცებისგან), "ნამდვილ ქალად" თავის შეგრძნება, სოციალური მიმღებლობის მოპოვება საკუთარ როლთან ერთგულებისთვის და ა.შ. თუ ქალი საკუთარ თავს დაუპირისპირდება სხვა ქალთან დაპირისპირებით, კიდევ უფრო ნაკლები რაციონალიზება და ნაკლები დამცავი ზონა რჩება იმისთვის, რომ ამ დეჰუმანიზებული მდგომარეობის აბსოლუტური საშინელება აიცილოს თავიდან. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ ბევრი ქალის უმთავრეს შიშს, რომ არ იყვნენ სხვა ქალების მიერ გამოყენებული, როგორც სექსუალური ობიექტები, რაც, გარდა იმისა, რომ მათ დააკარგვინებს კაცთან დაკავშირებულ კომპენსაციებს, ასევე ფარდას ახდის იმ სიცარიელეს, რასაც ქალების რეალური მდგომარეობა წარმოადგენს. ეს დეჰუმანიზაცია გამოხატულია მაშინ, როცა ჰეტეროსექსუალი ქალი იგებს, რომ მისი და ლესბოსელია. ის იწყებს თავის ლესბოსელ დაზე ფიქრს იმგვარად, რომ თავს მის პოტენციურ სექსუალურ ობიექტად წარმოიდგენს, რადგან ლესბოსელს სუროგატულ კაცის როლს ანიჭებს. ეს აჩვენებს მის ჰეტეროსექსუალურ განსაზღვრულობას საკუთარი თავის ობიექტად ქცევის შესახებ ისეთ დროს, როდესაც ურთიერთობაში სექსის შესაძლებლობაა ჩართული, და ის ამასთანავე ლესბოსელს აცლის სრულად ადამიანად ყოფნის შესაძლებლობას. ქალებისთვის, განსაკუთრებით ვინც ქალთა განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრია, მათი ლესბოსელი დების აღქმა კაცის პრიზმიდან განსაზღვრული როლების მიხედვით, ნიშნავს კაცების კულტურული სწავლებების მიღებას და დების დაჩაგვრას, ზუსტად ისე, როგორც თავად არიან დაჩაგრულები კაცების მხრიდან.

ვაპირებთ კი გავაგრძელოთ კაცების მიერ კლასიფიცირებული სისტემა, სადაც ყველა ქალი განისაზღვრება მათი სექსუალური კავშირის მიხედვით სხვა კატეგორიის ადამიანთან? ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდი ქალებს შორის გახლეჩილობის ჩამოსაგდებად, ლესბოსელის იარლიყის მიწებებაა არამხოლოდ ნებისნიერი იმ ქალისთვის, რომელიც მიისწრაფვის, რომ იყოს პიროვნება, არამედ ყველა იმ სიტუაციისთვის, როცა ქალებს შორის ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი სოლიდარობა და ნამდვილი მისწრაფებაა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც აიძულებს ქალს, დარჩეს ფემინური როლის საზღვრებში, ეს არის მადისკრედიტერებელი, შემაშინებელი ტერმინი, რაც აკავებს ქალებს, ჩამოაყალიბონ რაიმე სახის უპირატესი ურთიერთობები, ჯგუფები და ასოციაციები ერთმანეთს შორის.

ქალთა მოძრაობებში ქალები უმეტეს შემთხვევაში მაქსიმალურად ცდილობენ თავიდან აირიდონ დისკუსია და კონფორნტაცია ლესბოსელობის თემაზე. ეს ძალიან ძაბავს ადამიანებს. ისინი ხდებიან ანტაგონისტურები, არაპირდაპირები ან ცდილობენ, ეს თემა უფრო "ფართო საკითხში" ჩართონ. მათ ურჩევნიათ, ამაზე არ ილაპარაკონ. და თუ მაინც უწევთ, ცდილობენ, თავიდან მოიშორონ ის, როგორც "Lavender herring". მაგრამ ეს არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ამის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობების წარმატებისა და სრულყოფისათვის. მანამ, სანამ Dyke-ის იარლიყი შეიძლება გამოიყენონ ქალის შესაშინებლად, რათა ის იყოს ნაკლებად მებრძოლი, დაცილდეს თავის დებს, არ მიანიჭოს პირველობა არაფერს, გარდა კაცისა და ოჯახისა - ასეთ მოცემულობაში, ის მუდმივად კონტროლირებული იქნება მასკულინური კულტურის მიერ. სანამ ქალები ერთმანეთში არ დაინახავენ იმის შესაძლებლობას, რომ უპირველესად თავი ერთმანეთს მიუძღვნან, რაც სექსუალურ სიყვარულსაც მოიცავს, ისინი საკუთარ თავს უარს ეუბნებიან იმ სიყვარულსა და ღირებულებაზე, რომელიც გამზადებული აქვთ კაცების დასაჯილდოვებლად, და ამით საკუთარ მეორეხარისხოვან სტატუსს განამტკიცებენ. სანამ მამაკაცთა მხრიდან აღიარება უმთავრესია როგორც ინდივიდუალურად ქალებისთვის, ისე, მთლიანად, მოძრაობისთვის - ლესბოსელის ცნებას ეფექტურად გამოიყენებენ ქალების წინააღმდეგ. რადგან ქალებს უნდათ მეტი პრივილეგია სისტემაში, მათ არ სურთ, დაუპირისპირდნენ მამაკაცთა ძალაუფლებას. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ მოიპოვონ მიმღებლობა ქალების თავისუფლებისთვის, და ამ მიმღებლობის ყველაზე კრიტიკული ასპექტი სწორედ ლესბოსელობის უარყოფაა - რაც, ქალად ყოფნის საფუძველზე, ნებისმიერი ფუნდამენტური გამოწვევის უარყოფას ნიშნავს. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა, უფრო რადიკალი ქალების ნაწილმა ნამდვილად დაიწყეს ლესბოსელობის თემის განხილვა, მაგრამ ამ დრომდე ეს ძირითადად მაინც აღიქმება, როგორც კაცების სექსუალური "ალტერნატივა". ეს ისევ კაცებს აძლევთ უპირატესობას ორი რამის გამო: ერთი ის, რომ ქალთან საკუთარი თავის სრულყოფილად დაკავშირების იდეა ჩანს, როგორც ნეგატიური რეაქცია კაცებზე, და მეორე - ლესბოსური ურთიერთობის მხოლოდ სექსთან გაიგივება ხდება, რაც [ქალებისთვის] გამხლეჩი და სექსისტურია. ერთის მხრივ, და ეს პერსონალურიცაა და პოლიტიკურიც, ქალებმა შესაძლოა უკან წამოიღონ ემოციური დ სექსუალური ენერგია კაცებისგან და ამ ენერგიებისთვის სხვადასხვა ალტერნატივა შეიმუშაონ თავიანთ ცხოვრებაში. მეორე, პოლიტიკურ/ფსიქოლოგიურ დონეზე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქალებმა დაიწყეს გათავისუფლება კაცების მიერ განსაზღვრული ქცევის მოდელებისგან. საკუთარ ფსიქიკასთან განმარტოებისას, ჩვენ საერთოდ უნდა უნდა გავწყვიტოთ ეს ძაფები. იმისგან დამოუკიდებლად, თუ საითკენ მიემართება ჩვენი სიყვარული და სექსუალური ენერგია, თუ კი გონებაში კაცთან იდენტიფიცირებული ვიქნებით, ვერ გავაცნობიერებთ ჩვენს ავტონომიურობას, როგორც ადამიანები.

მაგრამ რატომ მოხდა ასე, რომ ქალები დაუკავშირდნენ კაცებს ან კაცების საშუალებით? იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცთა საზოგადოებაში გავიზარდეთ, ჩვენ გაშინაგნებული გვაქვს კაცების კულტურის მიერ განსაზღვრული საკუთარი თავი. ეს განსაზღვრება გვანიჭებს სექსუალურ და საოჯახო როლებს და არ უშვებს, რომ ჩვენ თავად განვსაზღვროთ და ჩამოვაყალიბოთ საკუთარი ცხოვრების პირობები. სანაცვლოდ ემოციური მსახურებისა და საზოგადოების არამომგებიანი ფუნქციების შესრულებისა, კაცი მხოლოდ ერთ რამეს გვაძლევს: მონის სტატუსს, რაც ლეგიტიმურობას გვანიჭებს იმ საზოგადოების თვალში, რომელშიც ვცხოვრობთ. ამას ეძახიან " ფემინურობას" ან "ნამდვილ ქალობას" ჩვენს კულტურულ დიალექტში. ჩვენ ვართ ავთენტურები, ლეგიტიმურები, რეალურები იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვართ რომელიმე კაცის საკუთრებები, ვის სახელსაც ვატარებთ. იყო ქალი, რომელიც არცერთ კაცს ეკუთვნის, ნიშნავს იყო უჩინარი, საბრალო, არაავთენტური, არარეალური. ის ადასტურებს ჩვენს მისეულ იმიჯს - იმას, თუ როგორები უნდა ვიყოთ, რომ მისთვის გავხდეთ მისაღები, და არა საკუთარი თავებისთვის; ის ადასტურებს ჩვენს ქალობას - განსაზღვრავს რა მას საკუთარ თავთან მიმართებაში - მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს ჩვენი ინდივიდუალურობა, ჩვენი პიროვნება, როგორც აბსოლუტი. სანამ ჩვენ ამ განსაზღვრისა და დადასტურებისთვის დამოკიდებულები ვართ მამაკაცურ კულტურაზე, ვერ ვიქნებით თავისუფალი.

ამ როლის გათავისების შედეგი არის საკუთარი თავის სიძულვილის უზარმაზარი რეზერვუარი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ სიძულვილს ვაცნობიერებთ და ვიღებთ; რეალურად, ქალების უმეტესობა ამას უარყოფს. ეს შეიძლება გამოიხატოს დისკომფორტით საკუთარი როლის მიმართ, სიცარიელის შეგრძნებით, გაბრუებით, მოუსვენრობით და რაც მთავარია, პარალიზების მომტანი შფოთვით. სხვა შემთხვევებში, ეს შეიძლება საკუთარი როლის დიდებულების მომაბეზრებელი დაცვით გამოიხატოს. მაგრამ ის ნამდვილად არსებობს, ხშირად ქალის ცნობიერებისთვის თითქმის შეუჩნევლად, რომელიც წამლავს მის ყოფას, საკუთარ თავთან, საკუთარ საჭიროებებთან აუცხოებს და უცხოდ აქცევს მას სხვა ქალებისთვისაც. ისინი ამისგან გაქცევას ცდილობენ საკუთარი თავის მჩაგვრელთან გაიგივებით, მისით ცხოვრებით, მისი ეგოს, ძალაუფლების და მიღწევებისგან სტატუსის და იდენტობის მოპოვებით. და იმით, რომ არ მოახდინონ საკუთარი თავის იდენტიფიცირება სხვა, მათნაირ "ცარიელ ჭურჭლებთან". ქალები ყველა საფეხურზე ცდილობენ თავი აარიდონ სხვა ქალებთან დაკავშირებას, რაც მათსავე ჩაგვრას აირეკლავს, მათ მეორეხარისხოვან სტატუსს, მათ სიძულვილს საკუთარი თავის მიმართ. რადგან სხვა ქალთან თვალის გასწორება საკუთარ თავთან თვალის გასწორებას ნიშნავს, საკუთარ პერსონასთან, რომელთან თავის არიდებასაც ასე მონდომებით ვცდილობდით. და ამ სარკეში, ვიცით, რომ ჩვენ ვერ მოვიწონებთ და შევიყვარებთ იმას, როგორებადაც ვიქეცით.

რამდენადაც საკუთარი თავის სიძულვილის წყარო და რეალური პიროვნების ნაკლებობა ფესვგადგმულია ჩვენს კაცების მიერ შემოთავაზებულ იდენტობაში, ჩვენ უნდა შევქმნათ საკუთარი თავის ახალი შეგრძნება. სანამ "ქალად ყოფნის" იდეას ვებღაუჭებით, ყოველთვის გვექნება კონფლიქტი ჩვენს პირველსაწყის იდენტობასთან, მე-ს შეგრძნებასთან, მთლიანი პიროვნების შეგრძნებასთან. ძალიან რთულია, გააანალიზო და მიიღო, რომ იყო "ფემინური" და იყო მთლიანი ადამიანი - შეუთავსებელია. მხოლოდ ქალებს შეუძლიათ ერთმანეთს მისცენ საკუთარი თავის ახლებური შეგრძნება. ეს იდენტობა უნდა განვავითაროთ საკუთარ თავთან, არა კაცებთან მიმართებაში. ეს ცნობიერება არის რევოლუციური ძალა, საიდანაც ყველაფერი დანარჩენი წამოვა, რადგანაც ეს ორგანული რევოლუციაა. ამისთვის, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთისთვის ყოფნა და ერთმანეთის მხარდაჭერა, გავცეთ ჩვენი თავდადება და სიყვარული, გამოვუცხადოთ ერთმანეთს ემოციური მხარდაჭერა, რაც საჭიროა ამ მოძრაობის შენარჩუნებისთვის. ჩვენი ენერგიები უნდა მიედინებოდეს ჩვენი დებისკენ და არა უკან, ჩვენი მჩაგვრელებისკენ. მანამ, სანამ ქალთა განმანთავისუფლებლობა ცდილობს გაათავისუფლოს ქალი ისე, რომ თვალი არ გაუსწოროს მთავარ ჰეტეროსექსუალურ სტრუქტურას, რომელიც ჩვენს მჩაგვრელებთან ერთი-ერთზე ურთიერთობაში გვტოვებს, უზარმაზარი ენერგია ისევ იმაში დაიხარჯება, რომ გამოვასწოროთ თითოეული ურთიერთობა კაცთან, ვეძებოთ გზები, როგორ გვქონდეს მათთან უკეთესი სექსი, როგორ შევქმნათ მისგან "ახალი კაცი" იმ ფუჭი იმედით, რომ შემდეგ ეს საშუალებას მოგვცემს თავად გავხდეთ "ახალი ქალი". ეს შუაზე ხლეჩს ჩვენს ენერგიებს და პასუხისმგებლობებს, რაც შესაძლებლობას აღარ გვიტოვებს, თავი მივუძღვნათ ახალი მოდელების აშენებას, რაც გაგვათავისუფლებდა.

პირველადი მნიშვნელობის მინიჭება ქალების ქალებთან ურთიერთობისთვის, ქალების მიერ ახალი ცნობიერების შექმნა ერთმანეთზე და ერთმანეთისთვის, არის ქალების გათავისუფლების და კულტურული რევოლუციის საფუძველი. ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ, გავაძლიეროთ და ღირებულება მივცეთ ჩვენში ნამდვილ პიროვნებებს. ამით ჩვენ ერთმანეთში ვადასტურებთ, რომ მებრძოლი, ახალგაზღვიძებული სიამაყის და სიძლიერის შეგრძნებით, გამყოფი ბარიერები გაქრობას დაიწყებს, და ჩვენ მზარდ სოლიდარობას ვიგრძნობთ ჩვენი დების მიმართ. ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს უპირატესად, ვპოულობთ ჩვენს ცენტრებს საკუთარ თავებში. ჩვენ აღმოვაჩენთ უკან დახეულ გაუცხოების შეგრძნებას, გარიყულობის შეგრძნებას, ჩაკეტილი ფანჯრის მიღმა ყოფნის შეგრძნებას, შეუძლებლობის შეგრძნებას იმის გარეთ გამოსაშვებად, რაც ვიცით, რომ ჩვენშია. ჩვენ ვგრძნობთ რეალურობას, ვგრძნობთ, საბოლოოოდ როგორ მოვდივართ თანხვედრაში საკუთარ თავთან. ამ რეალური პიროვნებით, ამ ცნობიერებით, ჩვენ ვიწყებთ რევოლუციას, რომ დავასრულოთ სავალდებულო იდენტიფიკაციების თავსმოხვევა, და მივაღწიოთ მაქსიმალურ ავტონომიას ადამიანურ გამოხატულებაში.

თარგმნა: ნინო ჩიმაკაძემ



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი