: Photo: composite
როგორ წარმოიშვა ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე
09 11 2015

გვენ სმითს არასოდეს ჰქონია განზრახული ტრანსგენდერი აქტივისტი გამხდარიყო, მაგრამ ახლა ეს ტერმინი აღარ ეუცხოება.

"ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ტრანსგენდერ აქტივისტს მეძახიან; ნამდვილად ვცდილობ აქტივიზმის შექმნას და ადვოკატირებაზე მუშაობას ტრანს საკითხების გარშემო," - აცხადებს გვენი.

სმითი არის "ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღის" დამაარსებელი. ეს არის დღე, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 100 სხვადასხვა ადგილზე აღინიშნება იმ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის პატივის მისაგებად, რომლებსაც ყოველდღიურად კლავენ ტრანსფობიური მოტივით. 1993 წელს სმითი ანონიმურად იყო დარეგისტრირებული AOL-ის ჩატში, სადაც ცდილობდა, სხვა ადამიანებთან განეხილა ტრანს საკითხები.

სამწუხაროდ, AOL-ის მომსახურების პირობების მიხედვით, ტრანსგენდერ საკითხებზე საუბარი ვულგარულად ჩაითვალა და სმითის და მისი ნაცნობების რამდენიმე ჩატი დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი უხამსობის დეტალებს არ შეიცავდა. "იქ ძირითადად შემოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც რჩევა სჭირდებოდათ, ან უბრალოდ, ტრანსგენდერი ადამიანები, ვისაც სხვა ტრანსგენდერ ადამიანებთან უნდოდათ საუბარი თუნდაც პოლიტიკასა ან საყვარელ მუსიკაზე, ან ნებისმიერ სხვა ინტერესის სფეროზე, და მიუხედავად ამისა, ჩვენს ჩატებს ხურავდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსგენდერები ვიყავით," - ჰყვება გვენ სმითი.

1994 წელს გვენის მეგობარმა ტრანსგენდერმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. "მან თავი მოიკლა იმ წინასწარგანწყობებისა და დისკრიმინაციის გამო, რომელსაც ოჯახისა და გარშემო მცხოვრები ადამიანებისგან აწყდებოდა. ის ასევე ლესბოსელი იყო და ადგილობრივი ლესბი თემისგანაც ბევრ პრობლემას აწყდებოდა. იმის დანახვამ, რომ ნათელი, ძლიერი და მეგობრული ადამიანი სუიციდამდე მიიყვანეს, ძალიან განმარისხა," - ამბობს გვენი. ამ ორი მოვლენის კომბინაციამ გვენ სმითი აამოქმედა.

ის AOL-ის ჩატის მომხმარებელ მეგობრებთან ერთად შეებრძოლა კომპანიას და ანტი-ტრანსპოლიტიკის შეცვლას მიაღწია. აქტივისტებმა მედიას მიმართეს თავისი გამარჯვებით და შეეცადნენ, აემაღლებინათ ცნობიერება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ტრანსგენდერი, და რომ ამ თემებზე საუბარი ვულგარული არ არის. ჯგუფმა AOL-ზე ტრანსგენდერი სათემო ფორუმი შექმნა, რომელსაც სმითი უძღვებოდა 1995 წლიდან 1999 წლამდე. ინტერნეტი ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა სმითისთვის. მან წამოიწყო ინტერნეტ პროექტი "გვახსოვდეს ჩვენი დაღუპულები" (www.rememberingourdead.org )

1998 წლის 28 ნოემბერს ბოსტონში მოკლული რიტა ჰესტერის საპატივცემულოდ. სამი წლით ადრე ნოემბრის დასწყისში ბოსტონში სხვა ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. რიტა ჰესტერის მკვლელობა ღამის კოშმარის გამეორებას ჰგავდა სმითისთვის. "რაღაც უცნაური დამთხვევა იყო, ამ საქმეებს თითქოს საერთო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ბევრი მსგავსება იყო," - თქვა სმითმა "ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმის დანახვით, რომ თემს დაავიწყდა ის ადამიანები, რომლებიც დავკარგეთ და მათი სიკვდილი თითქოს არც შეიმჩნია." გვენ სმითს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ეს მკვლელობები არასოდეს უნდა მისცემოდა დავიწყებას იმისათვის, რომ ერთ დღესაც ისინი აღარ განმეორებულიყო.

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე პირველად 1999 წლის ნოემბერში აღინიშნა, რიტა ჰესტერის გარდაცვალების წლის თავზე. "ჩვენ გავიაზრეთ, რომ ბევრი კარგი ინფორმაცია გვქონდა და უფრო მეტი საჯაროობა გვჭირდებოდა," - ამბობს გვენ სმითი. ღონისძიება 20 ნოემბერს ჩატარდა 28 ნოემბრის ნაცვლად მადლიერების დღესასწაულის გამო. ტრნასგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე და ვებ პროექტი, "გვახსოვდეს ჩვენი დაღუპულები", პირველი ფართომასშტაბიანი პროექტები იყო, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობას ეხმიანება. "ამის მსგავსი მართლა არაფერი ყოფილა მანამდე. ცალკეული ტრანსგენდერი ადამიანები პერიოდულად ცდილობდნენ საკითხისათვის ხილვადობა მოეპოვებინათ, მაგრამ დიდი შედეგი ამას არ მოჰყოლია," - აღნიშნავს სმითი.

სმითი იმედოვნებს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე თემს სოლიდარობის შეგრძნებას შემატებს და ცნობიერებას აუმაღლებს ადამიანებს, რომლებიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს. "იმედი მაქვს, რომ ბევრი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანი, რომლებიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, თემისადმი მიკუთვნებულობას იგრძნობენ. სისგენდერი ინდივიდებისთვის კი, ეს უნდა იყოს საშუალება, გაიგონ, რა ძალადობას აწყდებიან ტრანსგენდერი ადამიანები საკუთარი იდენტობის გამო." ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა ესკალირებს და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, სმითს თავისი თეორიები აქვს. "ჩემი აზრით, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს მეორეხარისხოვნად აღიქვამს. ჩვენ გვყავს მედია, რომელიც ადამიანებს ასწავლის, რომ ტრანსგენდერი ადამიანები იტყუებიან და შესაბამის მოქცევას იმსახურებენ. ბევრგან პოლიცია და სასამართლო სისტემა არ რეაგირებს სათანადოდ ამ მკვლელობებზე და არ სჯის დამნაშავეებს, რაც ადამიანებს დაუსჯელობის შეგრძნებას აძლევს."

ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა არც ისე შორს დგას გეების წინააღმდეგ ძალადობისგან. "ხშირად, როდესაც დანაშაული ჩადენილია გეების ან ლესბოსელების წინააღმდეგ, ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ერთმანეთს კოცნიან საჯაროდ. უმეტესწილად ეს იმიტომ ხდება, რომ მათი გენდერული თვითგამოხატვა სხვანაირად აღიქმება. ამასთანავე, როდესაც ტრანსგენდერ ადამიანს ესხმიან თავს, ხშირად "პედერასტს" იყენებენ დამამცირებელ ტერმინად, რაც, რა თქმა უნდა, გეი კაცების წინააღმდეგ გამოიყენება პირველ რიგში."

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ტრანსგენდერ თემს შეადგენენ, განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სმითი თვლის, რომ გაერთიანება მნიშვნელოვანია სიძულვილთან საბრძოლველად. "ინდივიდები, რომლებიც ასეთ რაღაცებს აკეთებენ, მსგავს ზიანს აყენებენ ადამიანებს, არ მარჩიელობენ, ვისაც თავს ესხმიან, ის ტრანსგენდერია, გეი თუ ლესბოსელი. ისინი ერთგვაროვან ჯგუფად აღგვიქვამენ ყველას. ამიტომ, ჩვენც მსგავსი პასუხი უნდა გავცეთ."

სმითი იმედოვნებს, რომ ტრანსგენდერი ადმაიანების ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს არა მარტო ტრანსგენდერი ადამიანები დაესწრებიან. "ყველა პოტენციური მსხვერპლია, ასეთ ძალადობას როცა ეხება საქმე. არაა საჭირო, ტრანსგენდერი ან გეი იყო. არაა აუცილებელი, განსხვავებული გენდერული იდენტობა გქონდეს, რომ მსგავს ძალადობას გადააწყდე. ეს ის ძალადობაა, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს," - ამბობს სმითი. სმითი იმედოვნებს, რომ ცნობიერების ამაღლება ძალადობის საწინააღმდეგო იარაღია.

სმითი ფიქრობს, რომ ინფორმირების შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ზიანს მიაყენებდნენ ტრანსგენდერ ადამიანებს, შეყოყმანდებიან, რადგან ეცოდინებათ, როგორები არიან ტრანსგენდერი ადამიანები და რა პრობლემებს აწყდებიან. სმითისთვის ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე პოლიტიკურიცაა და პირადიც. "ვებგვერდზე, მოკლული ადამიანების სიაში სამია, ვისაც პირადად ვიცნობდი. ძალიან მინდა, რომ იქ მეოთხე არ მოხვდეს. ძალიან მინდა, ეს ყველაფერი შეიცვალოს," - აცხადებს სმითი.

წყარო



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება