ვინმემ მითხარით, რომ ვიცხოვრებ: მკვლელობის, მედიისა და ტრანს ქალად ყოფნის შესახებ
12 11 2015
ავტორი: კაი ჩენგ ტომი
როცა 19 წლის ვიყავი ჟურნალ Guernica-ში სტატია წავიკითხე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტრანსგენდერი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 წელია. ამ სტატიამ დამიდასტურა ის, რაც უკვე თითქმის 10 წლის განმავლობაში ვიცოდი: მე განწირული ვიყავი უსიამოვნო, ხანმოკლე და უბედური ცხოვრებისთვის. მე ვიქნებოდი ღარიბი, შეიძლება უსახლკაროც კი, და აუცილებლად უმუშევარი. მე გავხდებოდი ემოციური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი (და ეს მართლაც ასე მოხდა), შემდეგ კი მოვკვდებოდი, სავარაუდოდ, სასტიკი მკვლელობით. ჩემს საფლავზე მცდარ სახელს ამოტვიფრავდნენ. ერთი სიტყვით, ჩვეული ტრანსგენდერის ამბავიარ ამცდებოდა.
ამ ყველაფრის გასაგებად ჟურნალში ამოკითხული სტატია სულაც არ მჭირდებოდა - ყველაფერი ისედაც ცხადი იყო ყველა იმ ნაძირალას გადამკიდე, რომელიც კი შემხვედრია სკოლის ეზოში, ავტობუსსა თუ ქუჩაში. ამასვე ცხადყოფდა 90-იანებში გადაღებული ყველა ფილმი და სერიალი, სადაც ტრანსგენდერი ადამიანები აუცილებლად კვდებოდნენ. ეს ყველაფერი ცხადი იყო ყველა იმ კაცისა და ბიჭის წყალობით, რომლებიც მოკვლით მემუქრებოდნენ ჯერ კიდევ იმ ასაკიდან, როცა სიტყვა „ტრანსფობიის“ დაწერაც კი არ ვიცოდი წესიერად. იგივე დამიდასტურეს მშობლებმა, რომლებმაც, გაიგეს თუ არა, რომ თავს გოგოდ აღვიქვამ, ტირილი დაიწყეს და მითხრეს, რომ ეს მათი სიკვდილის ტოლფასი იყო. იყო რაღაც რეალობის ასე დანაწევრებულად დანახვასა და კონკრეტული ტერმინებით ახსნაში ისევე, როგორც - მოწოდებულ სტატისტიკაში (იმის და მიუხედავად, თუ რამდენად აკურატული იყო ის), რამაც ძალიან დიდი დარტყმა მომაყენა.
23 წელი - ეს რიცხვი მყარად ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალები იძულებულები ვართ, ვიცხოვროთ იმ ცნობიერებით, რომ ჩვენი დღეები დათვლილია. ხანდახან გვჭირდება, არ ვიფიქროთ იმაზე თუ ზუსტად რამდენი დღე გვაქვს დარჩენილი.
მას მერე, რაც წლების განმავლობაში ვიმტვრიე თავი „სამედიცინო ტრანზიციის“ პირად, პოლიტიკურ და სოციალურ შედეგებზე, გასულ იანვარს გადავწყვიტე, რომ ჰორმონული თერაპია დამეწყო. მესმის, რომ ეს კლიშეა, მაგრამ მართლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თავიდან დავიბადე. როდესაც წყვეტ, რომ რადიკალურად შეცვალო საკუთარი ფიზიკური და ქიმიური შემადგენლობა, ამაში არის რაღაც, რაც ახლებურად გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ. ჩემთვის ეს ნამდვილად სასიხარულო გაცნობიერებაა. წლების განმავლობაში მეგონა, რომ ჰორმონების მიღება ნიშნავს, დანებდე მზაკვრულ და ჰეგემონურ ნარატივს, რომელიც დასავლურმა ფსიქიატრიამ შექმნა იმის შესახებ, რომ „ნამდვილ“ ტრანსგენდერ ადამიანებს საკუთარი სხეული სძულთ. მე კი ამ ნარატივს საკუთარ რეალობას ვერაფრით ვუსადაგებდი. ბოლოს და ბოლოს გავაცნობიერე, რომ ტრანზიციის დაწყებისთვის საკუთარი სხეული სულაც არ უნდა შემძულებოდა. ტრანზიციის დაწყება სწორად იმიტომ შემეძლო, რომ საკუთარი სხეული მიყვარდა. 2015 წლის მესამე კვირას მონრეალში ექიმის კაბინეტში მივედი ჰორმონული თერაპიის დასაწყებად. მოსაცდელში ტელეფონით ფეისბუკს ვათვალიერებდი და ამ დროს წავიკითხე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.
ექვსი კვირის შემდეგ, თებერვლის ბოლოდან მოყოლებული თითქმის ყოველ კვირას ერთიან მეტი ტრანსგენდერი ქალი ხდებოდა მკვლელობის მსხვერპლი ამერიკაში. მათი უმეტესობა ფერადკანიანი ტრანსი ქალები იყვნენ: ლამია ბერდი, თაი ანდერვუდი, იასმინ ვაშ ფეინი, თაია დეიესუსი, ფენი ფრაუდი, ბრაი გოლეკი, კრისტინა გომეს რეინვალდი. ორი დღის წინ კიდევ ერთი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი სუმაია დალმარი იპოვეს მოკლული ტორონტოში, გაურკვეველ ვითარებაში. ამ ქალების სიკვდილმა შოკის ტალღა გამოიწვია გარკვეულ ლიბერალურ და მემარცხენე ჯგუფებში; მემარცხენე მედიაში ჩაფლული, ყოველდღე ვხედავ ნიუსს, ბლოგს, ან სტატიას, რომელიც 2015 წელს აგორებულ ტრანსი ქალების მკვლელობების ტალღაზე საუბრობს. ჩემი ფეისბუკის გვერდი არის სტატუსების მდინარე, სადაც ძირითადად სისგენდერი ადამიანები აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან, რომ გლოვობენ, რომ პოლიტიკურ სოლიდარობას გვიცხადებენ. ეს ყველაფერი შერეულია „ივენთებზე“ მოპატიჟებებში, პოლიტიკურ კომენტარებსა და კატების ფოტოებში. შედეგი, რომელსაც ვღებულობ ამ ყველაფრის კითხვისგან არის რაღაც აბსურდული ეგზისტენციალიზმი: შეხედე, დღეს ჩემმა კატამ რა ჭამა საუზმეზე. დანით მიყენებული ჭრილობებისგან ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა. გელოდებით ჩემს დიჯეი სეტზე. ოჯახმა ტრანსი გოგონა მოკლა. ჯანდაბისკენ გზა ჰქონია ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიას. შენც ასე მოკვდები.
ის დრო, როდესაც ტრანსი ქალების სიკვდილი მედიაში არ ხვდებოდა და მეინსტრიმული მედია უბრალოდ არ გადმოსცემდა მათი მკვლელობის ამბებს, ან გაშუქებისას კაცებს ეძახდა, დღევანდელი გადმოსახედიდან უცნაურადაც შეიძლება, მოგვეჩვენოს. დღესდღეობით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახალგაზრდა, ტრაგიკულად მოკლული ტრანსი ქალის ამბავი ჩნდება მედიაში წელიწადში ერთხელ მაინც, როგორც განტევების ვაცი, რომელიც დანაშაულის გრძნობას უქარწყლებს ლიბერალ სისგენდერ ადამიანებს, რომლებმაც არასოდეს იცოდნენ ამ ქალების სახელი, სანამ ისინი ცოცხლები იყვნენ. რეაქციები ყოველთვის ერთი და იგივეა: აღშფოთება, სევდა, ცვლილებისაკენ მოწოდება. შემდეგ არაფერი ხდება და ტრანსი ქალები აგრძელებენ სიკვდილს.
2013 წლის ზაფხულში, როდესაც ასილენ ნეტლსი ცემით მოკლეს ნიუ იორკში, მემორიალურ ცერემონიაზე მივედი ანთებული სანთლით, შემდეგ წავედი დემონსტრაციაზე, შემდეგ დავწერე სტატია. ხმამაღალი და აქტიური ვიყავი, თუმცა, შინაგანად თავს დაკარგულად და სასოწარკვეთილად ვგრძნობდი. გასულ დეკემბერს, როდესაც ლილა ალკორნმა გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა tumblr-ზე, შემდეგ კი თავი მოიკლა, კომპიუტერი ჩავხურე და რამდენიმე საათი სრულ სიბნელეში გავატარე. დღეს, როდესაც ვხედავ სტატიებს მოკლული, ნაცემი, ტრანსი ქალების შესახებ, საკუთარ თავში ცრემლებს ვეძებ, მაგრამ ვერაფერს ვპოულობ. მე მინდა, რომ ვიგლოვო და განვრისხდე. მინდა, პატივი მივაგო ჩვენს დებს - ასეულობით რომ კვდებიან ყოველ წელს, ასე ახალგაზრდები. მაგრამ გლოვა და ბრაზი, ემპათიაც კი, აღარ მოდის ჩემთან. არაფერს ვგრძნობ, გარდა გაყინულობის და დაღლილობისა, და სადღაც შორს შიშიც იჩენს თავს.
სოციოლოგმა, კაი ერიკსონმა, ერთხელ დაწერა, რომ კოლექტიური ტრავმა არის „საზოგადოებრივი ცხოვრების ქსოვილზე თავდასხმა, რომელიც აზიანებს იმ კავშირებს, რომლებსაც ადამიანები ერთად უჭირავს [...] ისე, რომ „მე“ აგრძელებს არსებობას, თუმცა, დაზიანებულ მდგომარეობაში და „შენ“ აგრძელებს არსებობას, თუმცაღა, იმდენად შორეული, რომ მასთან კავშირის დამყარება უკვე რთულია. ჩვენ აღარ ვარსებობთ ერთმანეთთან შეკავშირებულად, როგორც უჯრედები საერთო სხეულში.“ მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანების ჯგუფი ტრავმირებული და ტერორიზებულია, მისი წევრები ერთმანეთთან კავშირის განცდას წყვეტენ. ეს გამოყოფა, ალბათ, თავდაცვითი რეაქცია, მცდელობა, ჯგუფის წევრობასთან დაკავშირებული ტკივილი ავირიდოთ თავიდან. შედეგად, ჩვენ საკუთარი თავის იზოლირებას ვახდენთ და ვფიქრობთ, რომ მარტონი ვართ იმედის გარეშე.
ხანდახან მგონია, რომ ტრანსგენდერ ქალებს ის ძირეული ცოდვა გვაკავშირებს, რომ დაბადებისას ბიჭები დაგვარქვეს, ჩვენ კი გამოვთავისუფლდით კაცობის წესებიდან და ასე დავრჩით მატრავმირებელ ამბავში გამოკეტილები. ადრეული ასაკიდან ვიძირებით საკუთარი სიკვდილის ამბავში, მას განვიცდით ისევ და ისევ, სანამ მართლაც მოვკვდებით. ერთი და იგივე ამბავი არის გადმოღებული, მასობრივ პროდუქციაში ჩაშვებული ჩვენ გარეთ მყოფი ჯგუფების მიერ - მედია გამოცემები სენსაციებს ეძებენ, აკადემიკოსები კვლევების გაკეთებას ლამობენ და როგორც მორგან კოლადო აღნიშნავს, ლგბტ ოგრანიზაციებიც კი ცდილობენ, გამოიყენონ ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობის სტატისტიკა თანხების მოსაძიებლად და სისგენდერი, თეთრკანიანი გეების და ლესბოსელების ინტერესების დასაცავად. კეთილი ზრახვების მქონე ლიბერალი სისგენდერი ადამიანებიც კი ცდილობენ, „მოკავშირის“ ქულები დაიწერონ, თავისებურად გამოიყენონ და ექსპლუატაცია გაუწიონ განწირული ტრანსი ქალების ნარატივს.
მე არ ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ, ვწეროთ და აგიტაცია მოვახდინოთ მოკლული ტრანსი ქალების გარშემო. მე იმას ვამბობ, რომ ტრანს ქალებს უნდა მივცეთ ასპარეზი, როდესაც ამ ტიპის საუბარს ეხება საქმე. ჩვენ თვითონ უნდა ვწერდეთ საკუთარ ამბავს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ცოცხლებზე ისევე, როგორც მკვდრებზე. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ახალგაზრდა ტრანს ქალებს, რომლებიც ეს-ესაა, იწყებენ საკუთარი თავის ასეთებად დანახვას, იმედი, რომ მათ შეეძლებათ იცხოვრონ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით.
ჯენეტ მოქი და ლავერნ კოქსი შესანიშნავი მოდელები არიან, მაგრამ მათი წარმატება არ კმარა. მე, ჩვენ მეტი გვჭირდება. მეტი ვიდრე ლიბერალების სამართლიანი რისხვა, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული დაფინანსება ტრანს თავშესაფრებისთვის, სტიპენდიები, პროგრამული გრანტები, ჩენ გვჭირდება მეტი, ვიდრე ნიჰილისტური მემარცხენე რიტორიკაა, ჩვენ გვჭირდება კრეატიულობა და ტრანსფორმაცია. ჩვენ გვჭირდება, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ საუბარი იმაზე თუ როგორ კვდებიან ტრანსი ქალების მუდამ. ჩვენ გვჭირდება, რომ ადამიანებმა იმაზე დაიწყონ საუბარი, რომ მათ არ სურთ, რომ ჩვენ მოვკვდეთ.
გასულ კვირას ფეისბუკზე სტატუსი დავწერე: „ყოველთვის, როდესაც ვხედავ სტატიას მოკლული ტრანსგენდერი ქალის შესახებ, მახსენდება, რომ ერთ დღეს მეც შეიძლება, ასე მოვკვდე.“ ერთი საათის ფარგლებში, რამდენიმე სისგენდერმა ადამიანმა დამიწერა კომენტარი, რომ წუხან ისეთ სამყაროში რომ ვცხოვრობთ, სადაც სულ შიშში უნდა ვიყო. მინდოდა რომ სითბო მეგრძნო, მაგრამ შიში ვიგრძენი. „წუხილი“ მე ვერ დამიცავს ქუჩაში, ღამით, როდესაც ვიღაც კაცი გადაწყვეტს, რომ მეტისმეტად უცნაურად გამოვიყურები იმისათვის, რომ ცოცხალი დავრჩე. ტრანსი ქალების მკვლელობების შესახებ სტატიების გამოქვეყნება სოციალურ მედიაში არ დამიცავს იმავე ბედის გაზიარებისგან. ეს კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს, რომ მე ღამით მარტო ვიქნები ქუჩაში, როდესაც ეს მომენტი დადგება და ჩემი ისედაც დათვლილი დღეები საერთოდ ამოიწურება.
ცოტა ხნის შემდეგ მეგობარმა, რომელიც ასევე ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალია, და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და შესანიშნავი გოგო ჩვენს ქალაქში, პირადი შეტყობინება მომწერა. ის დამპირდა, რომ „ეს“ მე არ დამემართებოდა. რომ ის დამიცავდა, როგორღაც, რაღაცნაირად. ამას როცა ვკითხულობდი, პირველად ვიტირე მთელი ამ საშინელი, ტრანსი ქალების მკვლელობებით გაჯერებული წლის მანძილზე. ვიტირე იმიტომ, რომ არავის არასოდეს უთქვამს მსგავსი რამ ჩემთვის. არავის არ გამოუჩენია იმდენი მზრუნველობა ან გამბედაობა, რომ ეს დაპირება მოეცათ, ეთქვათ, რომ მე ვიცოცხლებდი.
ახალგაზრდა ტრანს ქალებს მინდათ ამბავი მოგიყვეთ: როცა პატარა ვიყავი, უკვე ვიცოდი, რომ გოგო ვარ. ყველა ჩემ გარშემო ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ ეს ასე არ იყო, და როდესაც უარს ვამბობდი მათთვის დამეჯერებინა, ისინი მპასუხობდნენ, რომ მე მოვკვდებოდი. მაგრამ მე ცოცხალი ვარ. მე ვიპოვე მამაცი დების ჯგუფი, და ჩვენ ყველანი, ამ სიძულვილის შუაგულში, ვახერხებთ, ვიცოცხლოთ, ვიცინოთ, გვიყვარდეს. მე თქვენ გეძებთ, თქვენზე ვზრუნავ. ჩვენ შეგვიძლია ეს ამბავი ერთად შევცვალოთ. მომავალ წელს მე 24 წელი მისრულდება.
წყარო
ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის