10 რამ, რაც ყველა მოკავშირემ უნდა იცოდეს ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით
05 11 2015

ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე საკმაოდ უჩვეულო „დღესასწაულია“. ამ დღის მიზანი და ფორმა შეიძლება არასწორად იქნას გაგებული, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიერ, ვისაც კარგი ზრახვები აქვთ, მაგრამ ტრანსგენდერ თემს კარგად არ იცნობს. გთავაზობთ 10 საკითხს, რაც მოკავშირეებმა უნდა იცოდნენ ამ დღის შესახებ, განსაკუთრებით, თუ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს რამე ღონისძიების დაგეგმვას აპირებენ.

  • ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე აღინიშნება ყოველწლიურად 20 ნოემბერს, თუმცა, ცერემონიები შეიძლება ჩატარდეს 20 ნოემბრის წინა ან შემდგომ დღეებში (მაგალითად, შაბათ-კვირას), იმის მიხედვით, თუ კვირის რომელ დღეს ემთხვევა 20 ნოემბერი.
  • ეს არის ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე ტრანსგენდერი თემის კალენდარში. ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ტრანსგენდერი თემისთვის, ვიდრე ლგბტ მოძრაობაში აღმოცენებული სხვა დღესასწაულები, როგორებიცაა პრაიდის თვე ან ქამინგაუთის დღე.
  • ეს დღე უფრო მემორიალურ აღნიშვნას ან პანაშვიდს ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ დღესასწაულს. მისი ტონი ყოველთვის მიუთითებს იმ გავლენაზე, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობები ახდენს ტრანსგენდერი თემის ცხოვრებასა და ნამდვილ ადამიანებზე, რომელთა სახელებიც არის მოკლულთა სიაში წარმოდგენილი. საყვარელი ადამიანის დაკარგვისას პირველი რეაქცია გლოვაა და ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეც სწორედ საჯარო, ჯგუფური გლოვისთვის ქმნის სივრცეს. ამგვარად ღონისძიების ფორმაც შესაბამისი უნდა იყოს.
  • ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე წარმოადგენს წინააღმდეგობის და ღირსების აღდგენის აქტს. ძალიან ხშირად ტრანსგენდერი ადამიანების (განსაკუთრებით კი, ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალების) მკვლელობები სისასტიკისა და ძალადობის მაღალ დონეს შეიცავს, ხშირია მსხვერპლის დასახიჩრება და წამება. ამ მკვლელობებში გამოვლენილი რისხვა ხშირად განასხეულებს იმ სიძულვილს, რომელიც სცდება კონკრეტულ მსხვერპლს, ვრცელდება მთელს ჯგუფზე და მიზნად ისახავს მის დამცირებასა და დეგრადირებას. ეს არის სწორედ „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის“ განსაზღვრება. ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღის ცერემონიები წარმოადგენს სივრცეს, სადაც შეგვიძლია ვაღიაროთ როგორც ძალადობა ერთი კონკრეტული ადამიანისადმი, ასევე  - კოლექტიური ზიანი, რომელსაც ეს უკიდურესი და დამამცირებელი ძალადობა გვაყენებს. ეს ის სივრცეა, სადაც ასევე შეიძლება, აღმოცენდეს წინააღმდეგობა და მოხდეს წართმეული ღირსების აღდგენა.
  • ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე წარმოადგენს პროტესტს და მოწოდებას სამართლიანობისთვის. როდესაც ტრანსგენდერ ადამიანებს კლავენ, საზოგადოების გამოხმაურება ხშირად არ ისმის. ეს შემთხვევები ხშირად გამოუძიებელი რჩება. მაშინაც კი, როდესაც დამნაშავის ვინაობა ცნობილია, სამართალდამცავი სისტემა ჩვენს სიცოცხლეებს ეპყრობა, როგორც მეორეხარისხოვანს და მსხვერპლის დადანაშაულებას იწყებს. ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე არის შესაძლებლობა, კოლექტიურად გაეცეს პასუხი მსგავს უდიერ მოპყრობას, როგორც ფართო საზოგადოების, ისე - მთავრობისა და სამართალდამცველების მხრიდან. ეს არის სივრცე, რომელიც იტევს აღშფოთებას, სადაც შეიძლება მოვითხოვოთ ანგარიშგება მთავრობისგან, რომელიც ასე ხშირად ვერ ახერხებს ჩვენი თემის დაცვას.
  • ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე არის შესაძლებლობა, გავაცნობიეროთ, თუ ვინაა ყველაზე მოწყვლადი ჩვენს თემში. იმ სახელებს შორის, რომლებიც ათ წელზე მეტია, გროვდება ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ პორტალზე, ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალები ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. ეს დღე არის შესაძლებლობა, აღვუდგეთ წინ რასიზმსა და სექსიზმს საკუთარ თავში და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, თავსმოხვეული წინასწარგანწყობები დავძლიოთ.
  • ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე არის შესაძლებლობა, წინ აღვუდგეთ იზოლაციას და მოვიპოვოთ მხარდაჭერა. ისინი, ვინც საყვარელი ადამინი დაკარგა ან თავად გადაიტანა თავდასხმა, განსაკუთრებით ტრავმირებულები ვართ ამ ინციდენტებით. ისინი, ვისზეც ამ მკვლელობებს პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია, ხშირად ცხოვრობს შიშში, მეორად ტრავმას განიცდის და საჭიროებს მხარდაჭერას დაკარგული სიცოცხლეების გლოვის პროცესში. ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე“ არის საშუალება, რომ გავერთიანდეთ და ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ შეგვიძლია, ერთად შევეწინააღმდეგოთ სხვების უცოდინრობას, ფარისევლობას, სიძულვილს, რომელიც მიმართულია ტრანსგენდერი ადამიანებისა და გამოცდილებებისადმი. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ მსგავსი ღონისძიებების შინაარსმა შეიძლება, ხელახალი ტრავმა გამოიწვიოს, ამიტომ მონაწილეებს აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ემოციური მხარდაჭერა, რომელიც თავიდანვე უნდა იყოს პროგრამის ნაწილი.
  • ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე არის საშუალება, საკუთარ თავს აღვუთქვათ, რომ ცხოვრებას გავაგრძელებთ, რომ წინააღმდეგობას გავუწევთ, მტკიცედ და იმედით, ყველა იმ ტრავმის მიუხედავად, რომელიც შეიძლება, განცდილი გვქონდეს და რომელიც არ გვშორდება. იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე შეიძლება, შთაგონების წყაროდ იქცეს, ჯერ უნდა გავაცნობიეროთ ღრმა გავლენა, რომელიც ჩვენს თემზე ძალადობას აქვს. აღნიშვნისას ჩვენ კვლავ ვამყარებთ კავშირს იმ მებრძოლ სულთან, რომლის ენერგიის წყაროც ჩვენი წინაპრების გამბედაობა და ამტანობაა.
  • ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე არ არის თანხების მოძიების ან აუთრიჩის საშუალება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანია ტრანსგენდერი ადამიანების კალენდარში, შეიძლება, ცდუნება გვქონდეს, ის გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ტრანსგენდერ თემთან კავშირი დავამყაროთ. გვახსოვდეს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე განმსჭვალულია ხოლმე გლოვითა და ბრაზით, რომელიც არ უნდა შევურიოთ სხვა მიზნებს, რაც არ უნდა კეთილშობილური და მნიშვნელოვანი იყოს ისინი. საჭიროა, ვაღიაროთ ამ დღის მოწყვლადობა და ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ გამოვიყენოთ სხვა მიზნებისთვის.
  • ტრანსგენდერი ადამინების ხსოვნის დღე არის საშუალება, დავუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება, სხვა შემთხვევაში არ შევხვედროდით. მათთვის, ვინც შედარებით უსაფრთხო და პრივილეგირებულ ცხოვრებას ეწევა, ესაა შესაძლებლობა, ხმა მიაწვდინოს მათ, ვინც ყველაზე მოწყვლადია ტრანსფობიის (ასევე რასიზმის, სექსიზმის ა.შ.) მიმართ თემში და წამოიწყოს ურთიერთობა, რომელიც სოლიდარობასა და ურთიერთგაგებაზე არის დაფუძნებული. კავშირები, რომლებიც ამ დღის ირგვლივ მყარდება, შეიძლება, შემდგომ კიდევ უფრო გაძლიერდეს.

წყარო



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"