:
სექსუალურ განათლებას გაუპატიურებების, საფრთხისშემცველი აბორტების თავიდან აცილება და სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია
12 12 2019

ყველა გოგოსა და ბიჭს - და ამ თვალსაზრისით, ყველა კაცსა და ქალს - არგებდა უსაფრთხო სექსუალური ქცევის შესახებ ყოვლისმომცველი ცოდნის მიღება. და მაინც, სექსუალობაზე განათლების მიმართ ხმამაღალი, დაჟინებული და ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობა არსებობს, რაც უმეტესწილად იმის ბრალია, რომ კრიტიკოსებს ზუსტად არ ესმით, თუ რას მოიცავს იგი.

სექსუალური განათლება ადამიანებს საკუთარი სხეულებისა და სექსუალობის შესახებ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების - და ამ პროცესში უსაფრთოების შენარჩუნების - ძალას აძლევს. შესაბამისად, ეს ხარისხიანი განათლების განუყოფელი ნაწილია. და მაინც, საყოველთაო სექსუალური განათლების წახალისების მაგივრად, ბევრი მის შესაზღუდად იბრძვის. ხოლო შედეგები - განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის - სერიოზული, ხანგრძლივი და, ზოგ შემთხვევაში, სასიკვდილოც კია.

როგორც იუნესკოს გლობალური განათლების მონიტორინგის ანგარიშის ახალი პოლიტიკის დოკუმენტი "ფაქტების პირისპირ" გვახსენებს, ყოველ წელს დაახლოებით 16 მილიონი 15-19 ასაკის (და 2 მილიონი 15 წლის ასაკს ქვევით მყოფი) გოგონა აჩენს ბავშვს - და მოვლენების ამგვარი განვითარება ხშირად მათი ფორმალური განათლების დასასრულს ნიშნავს. ხოლო ყოველ წელს, დამატებით, 3 მილიონ 15-19 ასაკის გოგონას სახიფათო აბორტი უკეთდება.

ეს ციფრები უკავშირდება სექსის, სექსუალობისა და ადამიანის სხეულის შესახებ განათლების არქონას. მაგალითად, ირანის ისლამურ რესბუბლიკაში, "უათერეიდის" მონაცემებით, გოგონების დაახლოებით ნახევარს მიაჩნია, რომ მენსტრუაცია დაავადებაა. ავღანეთში, გოგონების 51 %-მა არაფერი იცის მენსტრუაციის შესახებ, სანამ თავად არ გამოცდიან. მალავიში ეს ციფრი 82% მდე მატულობს. თუ გოგონებმა - ბიჭებზე რომ აღარაფერი ვთქვათ - არ იციან რა არის მენსტრუაცია, მათი მხრიდან როგორ უნდა ველოდოთ არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვას?

იგივე ვრცელდება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, როგორიცაა აივ ინფექცია. ზრდასრულებში აივ ინფექციების ახალი შემთხვევების ერთი მესამედი 15-24 წლის ახალგაზრდებზე მოდის. ეს ნაწილობრივ იმ მიზეზით ხდება, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე უმეტეს ქვეყნებში ქალების მხოლოდ მესამედმა თუ იცის, როგორ აიცილოს თავიდან გადამდები ვირუსი.

მაგრამ გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, სექსუალური განათლება მხოლოდ სექსის შესახებ არაა. "ფაქტების პირისპირ" ხაზს უსვამს, რომ ის ასევე მოიცავს გაკვეთილებს ოჯახებისა და სოციალური ურთიერთობების შესახებ. ეს შეიძლება სარგებლის მომტანი იყოს 5 წლის ბავშვებისთვისაც კი, რათა მათ მისაღები ფიზიკური კონტაქტისა და ძალადობის ერთმანეთისაგან გარჩევა მაინც შეძლონ.

ამას გარდა, სექსუალური განათლება მნიშვნელოვან გაკვეთილს გვთავაზობს გენდერის დინამიკაზე, მათ შორის თანხმობის, ძალდატანებისა და ძალადობის შესახებ. დაახლოებით 120 მილიონ გოგონას მსოფლიოს გარშემო - ოდნავ მეტს ვიდრე 10-დან ერთს - გამოუცდია იძულებითი სქესობრივი კავშირი, იძულებითი სქესობრივი აქტი ან ინტიმური პარტნიორისაგან რაიმე სხვა სახის ძალადობა ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე მაინც. ეს გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომაა ძალადობა სიკვდილიანობის რიგით მეორე გამომწვევი მიზეზი ახალგაზრდა გოგონებში მსოფლიოს მასშტაბით.

ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებას ისიც შეუძლია, რომ შეეწინააღმდეგოს დამახინჯებულ მესიჯებს მასკულინობის შესახებ, რომელიც კაცის სექსუალურ დომინანტობას ახალისებს და ხშირად ექსპლუატაციასა და ძალადობას განაპირობებს. ასეთი განათლება მსხვერპლებში ამგვარი გამოცდილებების შესახებ სიჩუმის დარღვევასაც წაადგება და შესაძლოა მათ დახმარების ძიებაც შთააგონოს.

ყველა გოგოსა და ბიჭს - და ამ თვალსაზრისით, ყველა კაცსა და ქალს - არგებდა უსაფრთხო სექსუალური ქცევის შესახებ ყოვლისმომცველი ცოდნის მიღება. და მაინც, სექსუალობაზე განათლების მიმართ ხმამაღალი, დაჟინებული და ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობა არსებობს. ზოგი მის სრულად აკრძალვას ემხრობა. ზოგი კი დაჟინებით მოითხოვს, რომ სკოლებში მხოლოდ აბსტინენცია ისწავლებოდეს, მიუხედავად მტკიცებულებისა, რომ ასეთი პროგრამები ხშირად სამედიცინო თვალსაზრისით მცდარ ინფორმაციას გვაწვდის.

ლგბტქი+ განათლების კრიტიკოსების მსგავსად, საყოველთაო სექსუალური განათლების მოწინააღმდეგეები ცდილობენ გაამართლონ თავიანთი პოზიცია კულტურულ, რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ საფუძველზეც კი. თუმცა, რაც უნდა იყოს მათი აშკარა მოტივაცია, მათი წინააღმდეგობა ხშირად ასახავს უცოდინრობას იმის თაობაზე, თუ რას მოიცავს ამგვარი განათლება. სექსუალური განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნეგატიური პროპაგანდის ნეიტრალიზებას გაამარტივებდა და ეს მეტ ახალგაზრდას დაეხმარებოდა.

ლიდერებმა მსოფლიოს გარშემო საყოველთაო სექსუალური განათლება უნდა დაიცვან, მის აშკარა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სარგებელზე ხაზგასმითა და საზიანო მითების გაქარწყლებით. ინფორმირებული მედია და სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირება ასევე დიდ წვლილს შეიტანდა ამ პროცესში. ზუსტი ინფორმაციის ფლობით, მეტია ალბათობა იმისა, რომ საზოგადოებამ სექსუალური განათლება მიიღოს.

თუმცა, იმისათვის, რომ ასეთ განათლებას მნიშვნელობა ჰქონდეს, ის მაღალი ხარისხის უნდა იყოს. მასწავლებლებს უნდა მიეცეთ შესაბამისი ცოდნა, რესურსები და რა თქმა უნდა თავდაჯერებულობა, რომელიც ამ გაკვეთილების ეფექტურად სწავლებისათვის სჭირდებათ. გაწერილი გაკვეთილები, როგორსაც ნამიბიასა და ჩილეში მიმართეს, ან ონლაინ რესურსები მასწავლებლებისათვის, როგორსაც ტანზანია უზრუნველყოფს, მეტად დაეხმარებოდა ამ საჭიროების დაკმაყოფილებას.

ამასთან, იდეალურ შემთხვევაში სექსუალური განათლება მოწოდებული უნდა იყოს, როგორც დამოუკიდებელი პროგრამა, და არ იყოს ინტეგრირებული სხვა საგნებთან (მიღებული პრაქტიკა, რომელიც მის გავლენას ამცირებს). და მას თან უნდა ერთვოდეს ფართოდ ხელმისაწვდომი, ახალგაზრდებზე მორგებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისები.

დროა ფაქტებს თვალი გავუსწოროთ: ადამიანებს აქვთ სექსი, ხშირად ბევრად ადრე, სანამ ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ. ახალგაზრდებისათვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის არმიწოდება ამორალური და პერვერტულიც კია. სხვა თუ არაფერი, ცოდნა ძალაა. დღევანდელი ახალგაზრდებისთვის - განსაკუთრებით გოგონებისთვის - საკუთარი სხეულების შესახებ უკეთესი ცოდნის მიცემით, შევძლებთ მათ საკუთარი ჯანმრთელობისა და საკუთარი მომავლის დაცვის ძალა მივცეთ.

თარგმნა: ანა ითონიშვილმა
წყარო



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა