:
გრძნეულები და კლასობრივი ბრძოლა | სილვია ფედერიჩი
05 11 2021

ამონარიდი წიგნიდან "კალიბანი და გრძნეული" (2004, Autonomedia)

პროლეტარიატის ისტორიაში კუდიანებზე ნადირობას იშვიათად თუ შევხვდებით. ეს დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე შეუსწავლელ ფენომენად ევროპისა და, საერთოდაც, მსოფლიო ისტორიაში, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "ახალ სამყაროში" ეშმაკის თაყვანისცემისთვის ბრალმდებლები მისიონრები და კონკისტადორები იყვნენ. ამგვარი ბრალდება კი ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარების საშუალება იყო.

ის რომ ევროპაში მსხვერპლები ძირითადად გლეხი ქალები იყვნენ, შეიძლება ხსნიდეს გენოციდისადმი ისტორიკოსების წარსულ გულგრილობას, რაც მათ თანაბრალეულობას უკავშირდება. ეს მართლაც რომ თანაბრალეულობაა, რამდენადაც გრძნეულთა ამოშლა ისტორიის ფურცლებიდან ხელს უწყობდა მათი კოცონზე დაწვისა და ფიზიკური მოსპობის ტრივიალიზებას, მიანიშნებდა რა, რომ ეს მეორეული მნიშვნელობის ფენომენი იყო, თუ არა მხოლოდ ფოლკლორი.

ისინიც კი, ვინც კუდიანებზე ნადირობას შეისწავლიდა (წარსულში უმრავლესად კაცები), ძირითადად, მე-16-ე საუკუნის დემონოლოგების ღირსეული შთამომავლები იყვნენ. რამდენადაც ჯადოქრების შესწავლა დაგმობილი იყო, უმრავლესობა მათ აღწერდა, როგორც ჰალუცინაციებით გატანჯულ საცოდავ ჭკუასუსტებს, რათა მათი დევნაც ახსნილიყო, როგორც "სოციალური თერაპია". ეს დევნა კი, ვითომდა, ემსახურებოდა კეთილმეზობლური შეჭიდულობის გაძლიერებას. გრძნეულობა შეიძლებოდა აღეწერათ ისეთი სამედიცინო ტერმინებით, როგორიცაა "პანიკა", "მანია" ან "ეპიდემია"; ყველანაირი მახასიათებლით, რაც კუდიანებზე მონადირეების ბრალეულობას გაამართლებდა და მათი ბოროტმოქმედების დეპოლიტიზებას შეუწყობდა ხელს.

ფემინისტები მსწრაფლ მიხვდნენ, რომ ათასობით ქალს არ გაჟლეტდნენ და უმოწყალოდ არ აწამებდნენ, თუ ისინი საფრთხეს არ შეუქმნიდნენ ძალაუფლებრივ სტრუქტურებს. მათ ასევე გააცნობიერეს, რომ ქალების წინააღმდეგ ამგვარი ომი, რაც ორი საუკუნე მაინც გრძელდებოდა, ევროპაში ქალთა ისტორიისათვის გარდამტეხი იყო. სოციალური დეგრადაციის პროცესში ეს იყო ის "პირველქმნილი ცოდვა", რისგანაც ქალები კაპიტალიზმის დადგომის კვალდაკვალ იტანჯებოდნენ. შესაბამისად, ამ ფენომენს განუწყვეტლივ უნდა ვუბრუნდებოდეთ, თუ გვინდა ავხსნათ ის ქალთმოძულეობა, რაც დღემდე ახასიათებს ინსტიტუციურ პრაქტიკებსა თუ ქალისა და კაცის ურთიერთობებს.

ამისგან განსხვავებით, მარქსისტი ისტორიკოსები "კაპიტალიზმზე გადასვლის" შესწავლისასაც კი ივიწყებდნენ კუდიანებზე ნადირობას (მცირე გამონაკლისის გარდა), თითქოს, ეს უადგილო ყოფილიყოს კლასობრივი ბრძოლის ისტორიისთვის. თუმცა, მასობრივი ჟლეტვის მასშტაბებს მაინც უნდა აღეძრა რაღაც ეჭვები. ასი ათასობით ქალი დაწვეს, ჩამოახრჩეს და აწამეს ორი საუკუნეზე ნაკლებ დროში.

ის მაინც უნდა ამოეცნოთ ნიშანდობლივად, რომ კუდიანებზე ნადირობა ისეთი მოვლენების თანადროულად დაიწყო, როგორიცაა კოლონიზაცია და "ახალი სამყაროს" მოსახლეობის მოსპობა, მიწების შემოფარგვლის ინგლისისეული პრაქტიკა, მონებით ვაჭრობა, "სისხლიანი კანონის" ამუშავება მაწანწალებისა და მათხოვრების წინააღმდეგ. დევნამ პიკს მიაღწია ფეოდალიზმის დასასრულსა და კაპიტალიზმის დასაწყისს შორის პერიოდში. მაშინ, როცა ინგლისში გლეხობამ ძალაუფლების პიკს მიაღწია, რაც ისტორიული მარცხით დააგვირგვინა. თუმცა, პირვანდელი დაგროვების ეს ასპექტი დღემდე მართლაც რომ საიდუმლოდაა შემორჩენილი.

კუდიანთა ცეცხლზე დაწვის დროება და სახელმწიფო ინიციატივები

დღემდე არაა აღიარებული, რომ კუდიანებზე ნადირობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კაპიტალისტური საზოგადოებისა და თანამედროვე პროლეტარიატის ფორმირებისას. ქალთა მიმართ ტერორის შეუზღუდავმა და შეუკავებელმა გალაშქრებამ, რასაც ნებისმიერი სხვა დევნა ვერც კი შეედრება, დაასუსტა ევროპელი გლეხობის წინააღმდეგობა. გლეხობას თავადაზნაურობა და სახელმწიფო ესხმოდნენ თავს იმ დროს, როცა გლეხობა ისედაც ქუცმაცდებოდა ისეთი მოვლენების თანადროული ზეგავლენით, როგორიცაა მიწის პრივატიზება, გაზრდილი გადასახადები, სახელმწიფო კონტროლის გავრცელება სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტზე.

კუდიანებზე ნადირობამ გააღრმავა ქალებსა და კაცებს შორის გაყოფილობა, ასწავლიდა რა კაცებს, შეშინებოდათ ქალთა ძალაუფლების. ამ დევნამ გაანადგურა სამყარო ისეთი პრაქტიკებისა, რწმენებისა და სოციალური სუბიექტებისა, რომელთა არსებობაც შეუთავსებელი იყო კაპიტალისტური სამუშაო დისციპლინისათვის. ამასთან, კუდიანებზე ნადირობამ სოციალური კვლავწარმოების მთავარი ელემენტები ახლებურად განსაზღვრა და გადააწყო. განმანათლებლობის მიერ გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, კუდიანებზე ნადირობა არ იყო მომაკვდავი ფეოდალური სამყაროს უკანასკნელი გაელვება. კუდიანებზე ნადირობამ პიკს მიაღწია 1580-1630 წლებში, იმ პერიოდში, როცა ფეოდალური ურთიერთობები გზას უთმობდა მერკანტილური კაპიტალიზმისათვის ტიპურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს. სწორედ ამ უსასრულო "რკინის საუკუნეში" ლამის მდუმარე თანხმობით, ერთმანეთში მებრძოლ ქვეყნებში კოცონზე დაწვის შემთხვევები გაიზარდა, სწორედ ამ დროს დაიწყეს სახელმწიფოებმა გრძნეულთა გმობა და დევნა.

სანამ მეზობლები ერთმანეთს ბრალს დასწამებდნენ ან მთელს თემს პანიკა მოიცავდა, მანამდე რეგულარული ჩაგონებები მიმდინარეობდა - ხელისუფლება საჯაროდ გამოხატავდა შეშფოთებას კუდიანთა მომრავლებასთან დაკავშირებით, სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ასწავლიდნენ მათ ამოცნობას, ზოგჯერ ეჭვმიტანილი კუდიანების სახელების სიაც დაჰქონდათ და დასჯით ემუქრებოდნენ მათ, ვინც მათ დამალავდა ან დაეხმარებოდა.

თუმცა, იურისტიც, მოსამართლეც და დემონოლოგიც ხშირად ერთი ადამიანი იყო, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა დევნაში. სწორედ ესენი აძლევდნენ არგუმენტებს სისტემატურ სახეს, პასუხობდნენ კრიტიკას, სრულყოფდნენ ლეგალურ მექანიზმებს, რამაც მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს სასამართლო პროცესებს სტანდარტიზებული და თითქმის ბიუროკრატიული ფორმა მისცა - დანაშაულის გამხელის სახელმწიფოთაშორის მსგავსებას შეუწყო ხელი. ამ კანონმდებელ კაცებს თავიანთი საქმიანობისას შეეძლოთ იმედი ჰქონოდათ იმ დროის ყველაზე დაფასებული ინტელექტუალებისა, ისეთი ფილოსოფოსებისა და მეცნიერების ჩათვლით, ვინც დღემდე არიან მოდერნული რაციონალიზმის სანაქებო მამები.

ეჭვგარეშეა, რომ კუდიანებზე ნადირობა დიდი პოლიტიკური წამოწყება იყო. კუდიანებზე ნადირობის პოლიტიკური ბუნება გაცხადებულია იმ ფაქტითაც, რომ ყველა საკითხში დაპირისპირებული კათოლიკური და პროტესტანტული ერები მხოლოდ კუდიანებზე ნადირობისთვის თუ აერთიანებდნენ თავიანთ ძალებსა და არგუმენტებს. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ კუდიანებზე ნადირობა იყო ახალი ევროპული ერი-სახელმწიფოების პოლიტიკის პირველი საზიარო ასპარეზი, გაერთიანების პირველი მაგალითი მას შემდეგ, რაც რეფორმაციამ, ევროპულმა უნიფიკაციამ განხეთქილება გამოიწვია.

ეშმაკისეული რწმენები და წარმოების საშუალებების ცვლილება

ევროპული კუდიანებზე ნადირობის მნიშვნელობის პირველ ანალიზს ვხვდებით მაიკლ ტოსინგის კლასიკურ ნაშრომში "ეშმაკი და მოხმარების გაფეტიშება სამხრეთ ამერიკაში" (1980). მისი თეზისია, რომ ეშმაკისეული რწმენები ისეთ ისტორიულ პერიოდში ძლიერდება, როცა წარმოების ერთი საშუალება ანაცვლებს მეორეს. ასეთ პერიოდში არა მხოლოდ ცხოვრების მატერიალური გარემოებები გადაიქმნება რადიკალურად, არამედ სოციალური წესრიგის მეტაფიზიკური საფუძვლებიც. მაგალითად, წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ღირებულება, რა წარმოშობს სიცოცხლესა და განვითარებას, დამკვიდრებული ჩვეულებებისა და სოციალური ურთიერთობებისთვის რა არის "ბუნებრივი" და რა არის მათი საწინააღმდეგო.

ტოსინგმა მისი თეორია შეიმუშავა კოლუმბიელი სამეურნეო მუშებისა და ბოლივიელი კალის მეშახტეების რწმენა-წარმოდგენების კვლევის საფუძველზე. იმ დროს ორივე ქვეყანაში მონეტარული ურთიერთობები იკიდებდა ფეხს, რაც ხალხს მომაკვდინებლად და ეშმაკისეულადაც კი მიაჩნდა წარმოების ისეთ ძველ და ჯერ კიდევ შემორჩენილ ფორმებთან შედარებით, რაც ორიენტირებული იყო მინიმალურ საარსებო საშუალებებზე. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, რასაც ტოსინგი იკვლევდა, ღარიბები ეჭვობდნენ, რომ შეძლებულობა ეშმაკის თაყვანისცემა იყო. და მაინც, ეს ასოციაცია ეშმაკსა და მოხმარების ფორმებს შორის იმას გვახსენებს, რომ კუდიანებზე ნადირობის უკანაც დგას სასოფლო კაპიტალიზმის მასშტაბების ზრდა, რასაც მოჰყვა ჩვეულებითი სამართლის გაუქმება და პირველი ინფლაციური ტალღა თანამედროვე ევროპაში.

ამ ფენომენებმა მხოლოდ სიღარიბის ზრდას, შიმშილს, სოციალურ უწესრიგობას გაუკვალა გზა. გარდა ამისა, ამ ფენომენებმა ძალაუფლება გადაულოცეს ახალ კლასს, "მოდერნიზატორებს", ვინც კაპიტალიზმამდელი ევროპისთვის ტიპურ კომუნალურ ცხოვრებას შიშითა და ზიზღით უყურებენ. სწორედ ამ პროტოკაპიტალისტური კლასის წამოწყება იყო კუდიანებზე ნადირობა, როგორც იარაღი, რაც შესაძლებელს ხდიდა სოციალური და ეკონომიკური რესტრუქტურირებისადმი წინააღმდეგობის დაძლევს.

სასოფლო კაპიტალიზმის გავრცელება მისი ყოველგვარი შედეგებით (მიწის ექსპროპრიაცია, სოციალური დისტანციის გაღრმავება, კოლექტიური ურთიერთობების მოშლა) კუდიანებზე ნადირობის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ეს იმითაც მტკიცდება, რომ ბრალდებულთა უმეტესობა ქალი იყო - ფერმაში მცხოვრები მოჯამაგირეები, დაქირავებული მშრომელები. მათი ბრალმდებლები კი საზოგადოების მდიდარი და პრესტიჟული წევრები იყვნენ, ძირითადად, ამ ქალების დამსაქმებლები ან მიწათმფლობელი მეიჯარეები, ადგილობრივი ძალაუფლებრივი სტრუქტურის წევრები, ვისაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

ინგლისში გრძნეულები უმეტესად იყვნენ სახელმწიფო შემწეობის მიმღები მოხუცი ქალები ან კარდაკარ მოსიარულე, საჭმლის, ღვინისა თუ რძის მთხოვნელი ქალები; დაქორწინებულების ქმრები დღიურად დასაქმებულები იყვნენ, თუმცა ისინი უმეტესად ქვრივები იყვნენ და მარტო ცხოვრობდნენ. მათ აღმსარებლობაში თვალსაჩინოა მათი სიღარიბე. ეშმაკი მათ გასაჭირის დროს ევლინებოდა, რათა დაერწმუნებინა, რომ ამიერიდან მათ "აღარ უნდა ჰქონდეთ სურვილები", ის ფულიც კი, რასაც ასეთი შემთხვევებისას უწყალობებდა, ნაცრად იქცეოდა (ეს დეტალი, სავარაუდოდ, იმ დროისთვის ნიშანდობლივ ჰიპერინფლაციას უკავშირდებოდა).

გრძნეულთა ეშმაკისეული დანაშაულებები დღეს ჩვენ გვესახება, როგორც სოფლის მასშტაბით გათამაშებული კლასობრივი ბრძოლა: "ეშმაკის თვალი", წყევლა მათხოვრისა, რომლის მიზანიც უარყოფილია, რომელიც ქირას ვერ იხდის, რომელიც სახელმწიფო შემწეობაზეა.

კუდიანებზე ნადირობა და კლასობრივი ამბოხი

როგორც ამ შემთხვევებიდან ჩანს, კუდიანებზე ნადირობა ისეთ სოციალურ გარემოში აღმოცენდა, სადაც "უმჯობესი კლასი" მუდმივად უფრთხოდა "დაბალ კლასს", ვისზეც სჯეროდათ, რომ აუცილებლად დაამკვიდრებდნენ ეშმაკისეულ აზრებს, რადგან იმ პერიოდში ისინი სხვა ყველაფერს კარგავდნენ, რაც კი გააჩნდათ.

ეს შიში რომ პოპულარულ ჯადოქრობაზე შეტევით გამოვლინდა, არცაა გასაკვირი. ჯადოქრობის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის იყო და დღემდეა კაპიტალიზმის თანმხლები. ჯადოქრობის ამოსავალი რწმენაა, რომ სამყარო სულიერი და არაწინასწარმეტყველებადია; რომ ყველაფერს აქვს ძალა და შესაბამისად, ყოველი მოვლენა აიხსნება, როგორც ოკულტური ძალის გამოხატულება, რაც უნდა გაიშიფროს და დაემორჩილოს გარკვეული ადამიანის ნებას.

ჯადოქრობა ასევე იყო სამუშაო პროცესის რაციონალიზაციის დაბრკოლება და საფრთხე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპის დამკვიდრებისათვის. რაც მთავარია, გრძნეულება ისახებოდა, როგორც სამუშაოზე უარის თქმა, დაუმორჩილებლობა და ხალხის ინსტრუმენტი, შეწინააღმდეგებოდნენ ძალაუფლებას. სამყარო უნდა განჯადოებულიყო, რათა მასზე ბატონობა შესაძლებელი გამხდარიყო.

მეთექვსმეტე საუკუნისთვის დაიწყო ჯადოქრობაზე შეტევა, ქალები კი მთავარი სამიზნეები იყვნენ. იმ შემთხვევებშიც კი, თუ ისინი არ იყვნენ ექსპერტი გრძნეულები, მათ ეძახდნენ ავადმყოფი ცხოველების დასანიშნად, მეზობლების განსაკურნად, დაკარგული ნივთების საპოვნელად, ამულეტებისა და სასიყვარულო ჯადოს დასამზადებლად, სამკითხაოდ. კუდიანებზე ნადირობამ მიზანში ამოიღო ქალთა მრავალგვარი პრაქტიკა. განსაკუთრებით იდევნებოდნენ გრძნეულები, ექიმბაშები, შემლოცველები და მკითხავები. მათი მტკიცება ჯადოსნური ძალების შესახებ ძირს უთხრიდა სახელმწიფოსა და ხელისუფალთა ძალაუფლებას, ანიჭებდა რა ღარიბებს თავდაჯერებულობას, რომ ჰქონდათ ბუნებრივი და სოციალური გარემოთი მანიპულირებისა და გაბატონებული წესრიგის მოშლის შესაძლებლობა.

საეჭვოა, ჯადოქრობის ეს ხელოვნება, რასაც ქალების მთელი თაობები მისდევდნენ, ამდენად გაზვიადებულიყო დემონურ კონსპირაციად იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვევლინებოდა ასეთი უკიდურესი სოციალური კრიზისის საწინააღმდეგოდ და მასთან მებრძოლად. ეს იყო "გლეხთა ომი" მიწის პრივატიზების წინააღმდეგ. ამ ომებს შორისაა ინგლისში "მიწის შემოფარგვლის" წინააღმდეგ ჯანყი (1549, 1607, 1628, 1631 წწ.-ში), როცა ასობით კაცი, ქალი და ბავშვი ფიწლებითა და ნიჩბებით მიემართებოდნენ საერთო სარგებლობის მიწების ღობეების მოსაშლელად და განაცხადებდნენ "ამიერიდან მუშაობა აღარ დაგვჭირდება". ამ აჯანყებებისას ასეთი ქმედებების წამომწყებები და გამძღოლები, უმეტესწილად, ქალები იყვნენ.

ამ ნიადაგზე აღმოცენდა კუდიანებზე ნადირობა. ეს იყო სხვა საშუალებებით მართული კლასობრივი ბრძოლა.

კუდიანებზე ნადირობა, ქალთა დევნა და შრომის დაგროვება

სარწმუნოა, რომ კუდიანებზე ნადირობა ნაწილობრივ მაინც იყო იმის მცდელობა, მომხდარიყო შობადობის კონტროლის კრიმინალიზება და ქალის სხეული (საშვილოსნო) ჩაეყენებინათ მოსახლეობის ზრდის, სამუშაო ძალის წარმოებისა და დაგროვების სამსახურში. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ქალებზე რა გავლენა ექნებოდა იმის დანახვას, კოცონზე როგორ წვავდნენ მათ მეზობლებს, მეგობრებსა და ნათესავებს; იმის გაცნობიერებას, რომ კონტრაცეფციის ნებისმიერი მცდელობა განიხილებოდა, როგორც დემონური გარყვნილება.

ამ თვალთახედვიდან, არ არის საეჭვო, რომ კუდიანებზე ნადირობამ გაანადგურა ის მეთოდები, რასაც ქალები შობადობის კონტროლისთვის იყენებდნენ. ამას კი იმით აღწევდნენ, რომ ქალებს ბრალს სდებდნენ და საჯაროდ აცხადებდნენ ეშმაკისეულ ქმნილებებად; ქალის სხეულზე სახელმწიფო კონტროლს კი ინსტიტუციურს ხდიდნენ. ეს იყო სხეულის დაქვემდებარების წინაპირობა სამუშაო ძალის კვლავსაწარმოებლად. შესაბამისად, კუდიანებზე ნადირობა იყო ქალების წინააღმდეგ ომი; ეს იყო შეთანხმებული მცდელობა ქალების ჩამოქვეითების, დეჰუმანიზაციისა და მათი სოციალური ძალაუფლების განადგურების.

მას შემდეგ, რაც ამ ამოცანას მიაღწიეს - როდესაც სოციალური დისციპლინა აღადგინეს და მმართველი კლასი დარწმუნდა, რომ თავისი ჰეგემონია განმტკიცებულიყო - კუდიანების გასამართლება დასრულდა. ჯადოქრობის რწმენა მასხრად ასაგდებიც კი გახდა, დაიგმო, როგორც ცრურწმენა და დავიწყებას მიეცა. ზუსად ისევე, როგორც სახელმწიფომ დაიწყო კუდიანებზე ნადირობა, სხვადასხვა მთავრობებმაც, ერთმანეთის მიყოლებით, დაიწყეს მისი აღმოფხვრა.

როგორც კი ჯადოქრობის ძირგამომთხრელობის პოტენციალი განადგურდა, ჯადოქრობის პრაქტიკები ნებადართულიც კი გახდა. კუდიანებზე ნადირობის დასრულების შემდეგ ბევრმა ქალმა განაგრძო თავის რჩენა მკითხაობით, შელოცვებით და ჯადოქრობის სხვა ფორმებით. ხელისუფლებებს აღარ აინტერესებდათ ამ საქმიანობების დევნა და ნაცვლად ამისა, ჯადოსნობას ასაღებდნენ, როგორც უმეცრებას ან წარმოსახვის აშლილობას.

თუმცა, კუდიანების აჩრდილი კვლავაც ბუდობდა მმართველი კლასის წარმოსახვაში. 1871 წელს პარიზელი ბურჟუაზია ინსტინქტურად დაუბრუნდა ამ წარმოდგენებს ქალი კომუნარების დემონიზებისთვის, სდებდნენ რა ბრალს, თითქოს, მათ პარიზის ცეცხლის ალში გახვევა სურდათ. ფაქტობრივად, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ "ცეცხლწამკიდებლებზე" (petroleuses) მითების შესაქმნელად საშიში ზღაპრების ნიმუშები და ბურჟუაზიული პრესის ილუსტრაციები გადმომღერებული იყო კუდიანებზე ნადირობის რეპერტუარიდან.

თამარ გოგიას თარგმანი

სილვია ფედერიჩის "კალიბანი და გრძნეული" წარმოგვიდგენს სხეულის ისტორიას კაპიტალიზმში გადასვლის ეტაპზე. გვიანი შუა საუკუნეების გლეხთა აჯანყებიდან კუდიანებზე ნადირობამდე და მექანიკური ფილოსოფიის აღზევებამდე, ფედერიჩი იკვლევს სოციალური რეპროდუქციის კაპიტალისტურ რაციონალიზაციას. იგი გვიჩვენებს, თუ როგორ არის ბრძოლა მეამბოხე სხეულის წინააღმდეგ და კონფლიქტი სხეულსა და გონებას შორის არსებითი პირობა შრომითი ძალისა და თვითკონტროლის განვითარებისათვის, რაც თანამედროვე სოციალური ორგანიზების ორი ცენტრალური პრინციპია.

ფედერიჩის ისტორიული ანალიზი შეეხება ქალთა შრომის ცვლილებას ეკონომიკასთან მიმართებაში, მასკულინობისა და ფემინურობის შესახებ ბურჟუა ინტელექტუალური იდეოლოგიის განვითარებას და კათოლიკურ ეკლესიასა და ერი-სახელმწიფოებს შორის ალიანსს მე-16 და მე-17 საუკუნეებში, ქალთა ავტონომიისა და სექსუალობის დასათრგუნად, ევროპაში მუშათა კლასებზე კონტროლის მობილიზებისთვის.

სილვია ფედერიჩი რამდენიმე ათწლეულია ფემინისტური აქტივიზმისა და თეორიის წამყვანი ფიგურაა - როგორც დამფუძნებელი წევრი კამპანიისა "ანაზღაურება საშინაო შრომისთვის", როგორც აკადემიური თავისუფლების ორგანიზატორი და როგორც სოციალური რეპროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარქსისტი ფემინისტი თეორეტიკოსი. რეპროდუქციული შრომა, სამუშაო, რომელსაც ადამიანები სწევენ საკუთარი და სხვების სიცოცხლისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, მისი ნაშრომების ცენტრალური თემაა.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა