ერთსქესიანი ქორწინებების ტალღა ამერიკაში
11 06 2009

მას შემდეგ, რაც ნიუ ჰემპშირის საკანონმდებლო ორგანოს ორივე შტომ, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, შტატის გუბერნატორმა ჯონ ლინჩმა 3 ივნისს მოაწერა მას ხელი, - იუწყება - www.nytimes.com.

ამით, ნიუ ჰემპშირი მეექვსე შტატი ხდება ამერიკაში, სადაც ერთსქესიანი ქორწინება დაშვებულია კონეკტიკუტს, აიოვას, მეინს, მასაჩუსეტსა და ვერმონტთან ერთად.

კანონპროექტზე ხელმოწერის შემდეგ ლინჩმა განაცხადა: “[მე მოვისმინე] დაუძლეველი არგუმენტები, რომ გამოყოფილი სისტემა არ არის თანასწორი სისტემა. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთსქესიანი წყვილების თავისუფლებებს იმის ცხადყოფით, რომ ისინი, ნიუ ჰემპშირის კანონმდებლობით, იგივე უფლებებით, მოვალეობებითა და პატივისცემით იქნებიან უზრუნველყოფილნი."

შტატის სენატმა კანონპროექტი მიიღო 14 ხმით - 10-ის წინააღმდეგ, ხოლო წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმე საათის შემდეგ ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, 198 მომხრით - 176-ის წინააღმდეგ დაამტკიცა იგი.

კანონპროექტის ადრინდელი ვერსია წარმომადგენელთა პალატამ იმ მოტივით დაბლოკა, რომ მისი წევრების განცხადებით, იგი თანაბარი უფლებებით საკმარისად არ უზრუნველყოფდა რელიგიურ ინსტიტუციებს.

ახალი კანონპროექტი კი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სასულიერო პირებს ერთსქესიანი ქორწინების ცერემონიალთა შესრულების ვალდებულებას არ აკისრებს. მასში აღნიშნულია: “ყოველ რელიგიურ ორგანიზაციას, ასოციაციას, ან საზოგადოებას ექსკლუზიური კონტროლი აქვს მის საკუთარ რელიგიურ დოქტრინაზე, პოლიტიკაზე, სწავლებებსა და მრწამსზე იმასთან დაკავშირებით, თუ მათი რწმენიდან გამომდინარე, ვის შეუძლია ქორწინება.”

კანონი ძალაში შედის 2010 წლის 1 იანვრიდან. იგი ასევე ერთსქესიან კავშირში მყოფ წყვილებს მათი ამ სტატუსის ქორწინებად შეცვლის საშუალებასაც აძლევს, რომელიც აღნიშნული თარიღიდან აითვლება, ხოლო 2011 წლისთვის ზოგადად ამგვარ კავშირში მყოფი პარტნიორები ავტომატურად ჩაითვლებიან დაქორწინებულებად.

ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ კანონმდებლობის განხილვა ამჟამად ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში მიმდინარეობს.

8 ივნისს, ნიუ იორკის შტატის ქალაქ ითაკას საქალაქო საბჭომ ანონიმური კენჭისყრით მხარი დაუჭირა შტატში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას და შესაბამისი რეზოლუციაც მოიწონა. ამის შესახებ www.theithacajournal.com იტყობინება.

“ნიუ იორკელებს მათ საკუთარ შტატში დაქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ მეგობრებისა და ოჯახების თანდასწრებით, მეზობელ შტატებსა და პროვინციებში გამგზავრების გარეშე”, ნათქვამია რეზოლუციაში.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი