: როიტერსი | ა. პერობელი
გერმანიამ არასრულწლოვანი გეი ადამიანებისთვის კონვერსიული თერაპიის გამოყენება კანონით აკრძალა
12 05 2020

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ე.წ. "ჰომოსექსუალთა კონვერსიულ თერაპიას" ახალგაზრდებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კანონმდებლობის მიზანია აუკრძალოს სერვისის მიწოდება იმ ჯგუფებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ მეთოდით შესაძლებელია ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლა 18 წლამდე ასაკში.

ზემოთხსენებული კანონის დამრღვევებს ერთ წლამდე ციხე ან ჯარიმა ემუქრებათ 30 000 ევროს ოდენობით (32 535 აშშ დოლარი, 26 268 ფუნტი სტერლინგი).

კვლევები გვიჩვენებს, რომ ასეთმა ჩარევამ ადამიანი შეიძლება დეპრესიამდე მიიყვანოს და გაზარდოს სუიციდის რისკი.

7 მაისს მიღებული კანონის თანახმად, აიკრძალება არასრულწლოვნების მონაწილეობა ისეთ სამედიცინო პროცედურებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი სექსუალური ორიენტაციის შეცვლას ან დათრგუნვას.

პასუხისმგებლობა ასევე შესაძლოა გავრცელდეს მშობლებსა და კანონიერ მეურვეებზეც, თუ მათი შვილები მოტყუებით, მუქარით ან იძულებით მიიღებენ მონაწილეობას ზემოთხსენებულ თერაპიაში.

კონვერსიული თერაპია შესაძლოა მოიცავდეს ჰიპნოზის და ელექტროშოკის ელემენტებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ სიტყვა "თერაპიას" შეცდომაში შევყავართ, რადგანაც აღნიშნულ პროცედურას არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ საჭირო იყო რაციონალური და მყარი კანონის მიღება, რომელიც გაუძლებდა გასაჩივრებებს სასამართლოში და დასძინა, რომ ამ სერვისით მოსარგებლეთა უმრავლესობას ახალგაზრდები შეადგენდნენ, რომლებსაც სხვები აიძულებდნენ თერაპიაში ჩართვას.

"მათ თავი დაცულად და ძლიერად უნდა იგრძნონ, როდესაც მოისმენენ სახელმწიფოს, საზოგადოების და პარლამენტის მხრიდან განცხადებას, სადაც გარკვევითაა ნათქვამი: ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ხდებოდეს ამ ქვეყანაში", განაცხადა შპანმა, რომელიც თვითონაც გეი გახლავთ.

იენს შპანმა, რომელიც კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიის (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) წევრია, ამ პრაქტიკის აკრძალვის შესახებ პირველად გასული წლის ივნისში განაცხადა, ხოლო ნოემბერში უკვე კანონპროექტის სამუშაო ვერსია შემუშავდა.

თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონი საკმარისად მომცველი არ არის. გერმანიის ოპოზიციური, მწვანეთა პარტია მოითხოვს, რომ ასაკობრივი ზღვარი 26 წლამდე გაიზარდოს, ხოლო მემარცხენე პარტიას სურს, ეს ზღვარი 27 წლამდე აიწიოს.

ბერლინში მდებარე ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის, მაგნუს ჰირშფელდის ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, გერმანიაში ყოველწლიურად დაახლოებით 1000 ადამიანზე ხდება ზეწოლა თერაპიაში მონაწილეობის მისაღებად.

ზემოთხსენებული პრაქტიკის გამოყენება აკრძალულია შვეიცარიაში, ავსტრალიის გარკვეულ ნაწილში, კანადაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წყარო: BBC



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა