: პოლ ჰამილტონის გრაფიკა
გამოაშკარავდა, რომ შეერთებული შტატების მემარჯვენე დაჯგუფებებმა მსოფლიოს გარშემო 280 მილიონი დოლარი "შავი ფული" დახარჯეს
05 11 2020

კანონმდებლების თქმით, დანახარჯის მასშტაბი, განსაკუთრებით ტრამპის იურისტებისა და მოკავშირეების მიერ, "საგანგაშოა" და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით დაუყოვნებლივი ქმედებისაკენ მოუწოდებს.

ქლერ პოვოსტი / ნანდინი არჩერი

თარგმანი: ანა ითონიშვილი

შეერთებული შტატების მემარჯვენე, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირში მყოფმა, არაერთმა ჯგუფმა სულ მცირე 280 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 'შავი ფული" დახარჯა ქალებისა და ლგბტქი ადამიანების უფლებების წინააღმდეგ კამპანიების გასაძლიერებლად, აცხადებს openDemocracy.

ორგანიზაციებმა, რომლებსაც დონალდ ტრამპის რამდენიმე ყველაზე ხმამაღალი მოკავშირე და მხარდამჭერი უძღვება, ზრდადი ოდენობის თანხა დახარჯა მსოფლიოს გარშემო უცხო ქვეყნების კანონებსა, პოლიტიკაზე და საჯარო აზრზე გავლენის მოხდენისა და სქესობრივი და რეპროდუქციულ უფლებების წინააღმდეგ გალაშქრების მიზნით.

openDemocracy-მ ისტორიის მანძილზე ამგვარ მონაცემთა პირველი ბაზა გამოაქვეყნა, რომელიც დეტალურად აღწერს ამ გახარჯვის გლობალურ მასშტაბს. ადამიანის უფლებებისა და გამჭვირვალობის დამცველებმა მას "შემაშფოთებელი" უწოდეს, რადგან დემოკრატიისათვის ეს "საგანგაშო "გაფრთხილებაა".

openDemocracy-ს მიერ შესწავლილი არცერთი ქრისტიანული მემარჯვენე დაჯგუფება არ ავლენს საკუთარი დონორების ვინაობას და არ ააშკარავებს დეტალებს თუ ზუსტად რაში ხარჯავს გამოყოფილ თანხას საზღვარგარეთ.

"ეს ჩვენს პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემაში ჩარევის ერთერთი ფორმაა, რომელიც ისევე საზიანოა ადამიანის უფლებებისათვის, როგორც რუსეთის ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში," განაცხადა ნილ დატამ, სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების ევროპული საპარლამენტო ფორუმის ხელმძღვანელმა (EPF), რომელიც ევროპის პარლამენტის ათობით წევრსა და ეროვნული პარლამენტის წევრებს მოიცავს ევროპის გარშემო.

ირენ დონადიო დაგეგმილი მშობლობის საერთაშორისო ფედერაციის ევროპული ქსელიდან (IPPF EN) განაცხადა, რომ რეგიონის მასშტაბით რეპროდუქციული და სქესობრივი უფლებების წინააღმდეგ კამპანიებმა მკვეთრად იმატა და openDemocracy-ს მიერ გამოვლენილი დაფინანსების მასშტაბი შეაფასა როგორც 'შემზარავი'.

მან დაამატა: "ამაზრზენია ის, თუ როგორ ეთამაშებიან ეს დაჯგუფებები ქალების ცხოვრებასა და უსაფრთხოებას და თუ როგორ აქვთ მათ მინიჭებული ამ სიბნელეში საქმიანობის ნება. ისინი იძულებულნი უნდა იყვნენ დაემორჩილონ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ელემენტარულ პრინციპებს".

ტრამპთან დაკავშირებული შავი ფული

openDemocracy-ს მიერ გამოკვლეული თითოეული აშშ დაჯგუფება რეგისტრირებულია როგორც გადასახადისგან გათავისუფლებული არა-კომერციული ჯგუფი და შესაბამისად აკრძალული აქვს პარტიზანულ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის მიღება.

თუმცაღა, მათგან რამდენიმემ, მათ შორის კანონისა და სამართალის ამერიკულმა ცენტრმა ACLJ - რომელსაც ტრამპის პირადი ადვოკატი ჯეი სეკულოუ უძღვება - ხმამაღლა უჭერს მხარს ტრამპის ადმინისტრაციას და მისი უზენაესი სასამართლოს ნომინანტს ემი ქოუნი ბარეტს.

გასულ წელს, openDemocracy-მ გამოამჟღავნა თუ როგორ უშვებდა ათი წლის განმავლობაში სულ მცირე 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შავ ფულს ევროპაში ათზე მეტი აშშ-ს ქრისტიანული მემარჯვენე 'ფუნდამენტალისტური' დაჯგუფება, რომელთაგან ბევრი ტრამპის ადმინისტრაციასთან და სტივ ბენონთანაა კავშირში.

openDemocracy-ს უკანასკნელი მონაცემთა ბაზა ჯერჯერობით ყველაზე ამომწურავია, მას შემდეგ რაც გამოკვლეულ იქნა 28 აშშ ჯგუფიდან ამოღებული ფინანსური ჩანაწერების ათასობით გვერდი. ამ მონაცემების მიხედვით, ამ ორგანიზაციებმა მეტი ფული დახარჯეს ევროპაში (დაახლოებით 90 მილიონი აშშ დოლარი) ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში აშშ-ს გარეთ, რიგითობით მომდევნო ადგილებს კი აფრიკა და აზია ინაწილებენ.

აშშ-ს ქრისტიანული მემარჯვენეების 280 მილიონ დოლარიანი 'შავი ფულის" გლობალური იმპერია
2008 წლის შემდეგ, აშშ-ს ქრისტიანულმა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციასთან აფილირებულმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ლგბტ და ქალების რეპროდუქციულ უფლებების წინააღმდეგ ბრძოლით არიან ცნობილნი, 280 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შავი ფული დახარჯეს აშშ-ს საზღვრებს გარეთ. გადახედეთ მათი გავლენის იმპერიებს.

[იხილეთ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რეგიონების მიხედვით, openDemocracy-ს საიტზე]

ევროპის მასშტაბით ამ თანხის ხარჯვას ძირითადად უძღვება ორი დაჯგუფება, რომელიც საკუთარ ბრძოლას სასამართლოებისაკენ მიმართავს. ერთერთ ასეთ ორგანიზაციას, ACLJ, რომელსაც ტრამპის პირადი ადვოკატი ჯეი სეკულოუ რუდი ჯულიანისთან ერთად მართავს, ტრამპის მიერ ამერიკის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგზე შემოტანილ ნებისმიერი სამართლებრივი ცვლილების კოორდინირება დაევალება. დამატებით ექვსიოდე ACLI იურისტიც ტრამპის თავდაცვის ჯგუფის წევრი იყო იმპიჩმენტის ოქმის წარმოებისას მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში.

ACLJ-ს ევროპული ფილიალი (the ECLJ) ორ ქეისში ჩაერია იტალიის პოზიციის დასაცავად ერთიდაიმავე სქესის ადამიანების ქორწინების (გეი ქორწინების) წინააღმდეგ. ის ასევე ჩაერია პოლონეთში მიმდინარე სულ მცირე შვიდ ქეისში, მათ შორის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, რათა დაეცვა ქვეყნის კონსერვატორული პოლიტიკა მათ შორის განქორწინებისა და აბორტის წინააღმდეგ.

ახლახანს, პოლონეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ სასიკვდილო ემბრიონული ანომალიების შემთხვევებში აბორტზე წვდომის შეზღუდვის სასარგებლოდ მისცა ხმა. სეკულოუს ჯგუფმა ოფიციალური არგუმენტაციებიც შეიტანა ახალი შეზღუდვების მხარდასაჭერად.

აშშ-ს მეორე კონსერვატორული სამართლებრივი დაჯგუფება, რომელიც ჩართულია ასეთ ქეისებში, თავისუფლების დამცველი კავშირი ADF-ია. არიზონას ერთერთ პატარა ქალაქში დაფუძნებული, ის ასევე მჭიდრო კავშირშია ტრამპის ადმინისტრაციასთან ყოფილი თანამშრომლებისა და ხშირი შეხვედრების მეშვეობით.

ADF-მა აშშ-ს უზენაეს სასამართლოს მიმართა არაკომერციული ჯგუფის დონორის ანონიმურობის დასაცავად. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მის რამდენიმე უცნობ დამფინანსებელს შორისაა ტრამპის განათლების სახელმწიფო მდივნის ბეტსი დევოს საოჯახო ფონდები, რომლებიც ასევე რესპუბლიკური პარტიის მთავარ დონორებად გვევლინებიან.

ფინანსური საიდუმლოებები

აშშ-ს რელიგიური მემარჯვენეების გლობალური აქტივობების დაფინანსების სრული მასშტაბი გასაიდუმლოებულია, ვინაიდან ბევრი ქრისტიანული კონსერვატორი ორგანიზაცია დარეგისტრირებულია როგორც ეკლესიური ორგანიზაცია, რომელიც არ არის ვალდებული ასეთი სახის ინფორმაცია გაასაჯაროვოს.

openDemocracy-ს მონაცემებიდან ზოგიერთი ჯგუფისთვის, კერძოდ, ბილი გრეჰემის ევანგელისტური ასოციაციისათვის, აშშ-ს ფინანსური დოკუმენტაცია მხოლოდ რამდენიმე წლის მანძილზეა ხელმისაწვდომი. ეს ჯგუფი 2015 წელს ხელახლა დარეგისტრირდა, როგორც ეკლესიების ასოციაცია.

სეკულოუ საკუთარი ფინანსური პრაქტიკის დამსახურებით მოექცა დაკვირვების ქვეშ 1980-იანი წლების შემდეგ, როდესაც იგი გადასახადების იურისტი იყო და ატლანტას ელიტისათვის საგადასახადო 'თავშესაფრების' შექმნით სპეციალიზდებოდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში, Associated Press-მა გამოავლინა, რომ სეკულოუს დაჯგუფებებს, მათ შორის ACLJ-ს, 65 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა ჰქონდათ გადახდილი საქველმოქმედო ფონდებში სეკულოუს, მისი ოჯახის წევრებისა და მათ მფლობელობაში მყოფი კორპორაციებისათვის, საფუძვლიანად დოკუმენტირებულ მდიდრული ცხოვრების სტილის, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილებისა და უძრავი ქონებისთვის 'საწვავის მიწოდების' მიზნით.

მხოლოდ 2018 წელს, ACLJ-მ 6 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა CLA ჯგუფის იურიდიულ სერვისებზე, ეს არის კომერციული იურიდიული ფირმა რომლის 50 პროცენტიანი წილი სეკულოუს ეკუთვნის. ეს იგივე ფირმაა რომელთანაც ტრამპმა კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, მას მხოლოდ და მხოლოდ საფოსტო მისამართი გააჩნია, და მიიჩვენენ რომ სეკულოუ ტრამპთან დაკავშირებულ საქმეებზე ACLJ-ს ოფისებიდან მუშაობს.

ფილანტროპიის ამერიკული ინსტიტუტის პრეზიდენტმა, დენიელ ბოროჩოვმა, განაცხადა: "რეგულატორებმა უნდა გამოიძიონ არამიზნობრივად იყენებს თუ არა სეკულოუს კომერციული იურიდიული ფირმა არასაქველმოქმედო რესურსებს, როგორიცაა ოფისი, შრომა, აღჭურვილობა და ა.შ"

აშშ-ს ვებ-საიტების ქველმოქმედების ნავიგატორმა, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციების შეფასებითაა დაკავებული, 'ზომიერი/საშუალო პრობლემურობის' იარლიყი მიამაგრა ACLJ-ს შესახებ ჩანაწერს, მისი "ატიპიური ფინანსური ჩანაწერების წარმოების საკითხების" გამო. ეს მოიცავს მილიონობით დოლარს, რომელსაც ACLJ უკვე წლების განმავლობაში უხდის სეკულოუს კომერციულ იურიდიულ ფირმას.

გლობალური პროტესტი

აშშ-ს რამდენიმე ასეთი ქრისტიანული მემარჯვენე დაჯგუფება ასევე კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციასთანაცაა ასოცირებული. მაგალითად, აბორტის მოწინააღმდეგე მოსახლეობის კვლევით ინსტიტუტს უძღვება ულტრა-კონსერვატორი აქტივისტი, რომლის მტკიცებითაც კოვიდ-19 ერთ-ერთ ჩინურ ლაბორატორიაში ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსია, და ასევე ანტი-ჩინური ჯგუფის კულუარებში სტივ ბენონს უმშვენებს გვერდს.

კიდევ ერთი დაჯგუფება, ოჯახებზე საერთაშორისო დაკვირვება (FWI), უკვე წლების მანძილზე უტარებს ტრენინგებს აფრიკელ პოლიტიკოსებს, რელიგიური და სამოქალაქო საზოგადოებების ლიდერებს, რომ ყოვლისმომცველი სექსუალური განათლებისა (CSE) და ლგბტ უფლებების წინააღმდეგ იბრძოლონ აფრიკული კონტინენტის გარშემო.

UNAIDS-ის აღმასრულებელი დირექტორი ვინი ბინიამინა, უგანდადან, უცხადებს openDemocracy-ს, რომ "ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება განუყოფელი ნაწილია განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების. ეს არ არის არჩევითი საკითხი. და მოლაპარაკებასაც არ ექვემდებარება."

გენდერული უფლებების ჯგუფმა სამხრეთ აფრიკაში, სახელწოდებით The Other Foundation, ასევე განაცხადა რომ ის შეესწრო, თუ როგორ იქნა გამოყენებული აშშ რელიგიური მემარჯვენე დაფინანსება, "რათა დააკნინოს და დაგმოს თავისუფლების, ღირსებისა და ლგბტიქ ადამიანების თანასწორობისაკენ სწრაფვა".

მათი თქმით, "მთავრობა ვალდებულია, რომ დაგმოს და იმოქმედოს ნებისმიერი დღის წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც აკნინებს მისი ქვეყნის კონსტიტუციას", რომელიც სამხრეთ აფრიკაში კრძალვას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას.

ალეჰანდრა კარდენასმა, გლობალური სამართლებრივი სტრატეგიების დირექტორმა რეპროდუქციული უფლებების ცენტრში, გამოთქვა მოსაზრება, რომ openDemocracy-ს აღმოჩენები "ამტკიცებს იმ მანიპულაციის არსებობას აშშ-ს ქრისტიანული მემარჯვენეების მხრიდან, რომელიც წლების მანძილზე ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში, რომელმაც უნდა გაარღვიოს სოციალური "ქსოვილი" და უგულებელყოს ადამიანის უფლებების დაცვა, რომლისთვისაც ცნობილი მოძრაობები ამდენ ხან იბრძოდნენ;

EPF-დან კი ნილ დატტა აცხადებს: "ჩვენ, როგორც ევროპელებს, არ გვაქვს უფლება გულხელდაკრეფილები ვისხდეთ და შორიდან ვადევნოთ თვალყური თუ რა ხდება აშშ-ში, ამასთან ვიფიქროთ, რომ დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების გარღვევა აქ არ შეიძლება მოხდეს. აშშ-ს ქრისტიანული დაჯგუფებები სწორედ რომ ამის შთანერგვას ცდილობენ და მოცემულ მომენტშიც მილიონობით დოლარს ხარჯავენ ევროპაში, რათა აქაც (სხვა ქვეყნებშიც) იგივე მოხდეს".

ხორვატიის პარლამენტის წევრმა ბოიან გლავასევიჩმა, EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, თქვა რომ openDemocracy-ს გამოაშკარავებულმა ჩანაწერებმა აჩვენა, "რომ სწრაფი მოქმედება და რეაგირებაა საჭირო წევრი ქვეყნებისგან, რათა მოხდეს ევროკავშირის მოქალაქეების მტაცებელი ორგანიზაციებისაგან სრული დაცვის გარანტია. ეს იდეოლოგიის საკითხი არ არის. ეს არის უსაფრთხოების, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და გამჭვირვალობის საკითხი".

"დროა მსოფლიომ გამოიღვიძოს. ჩვენს შეცდომებზე ნუ წამოკრავთ ფეხს და არ იფიქროთ, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს იქ, სადაც თუნდაც თქვენ ცხოვრობთ", განაცხადა ქუინ მაკიუმ, Article 19-ის დირექტორმა (გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია), ამერიკულ პოლიტიკაში შავი ფულის გავლენის ზრდის თაობაზე. მან ეს მიუსადაგა "ხანგრძლივ პროცესს, რომელიც პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის გარღვევაზე ზრუნავს".

"გარდაუვალი იყო ის, რომ ადამიანები რომლებიც აძლიერებენ ამ ორგანიზაციებს, ადრე თუ გვიან მიზნად დაისახავდნენ თავიანთი გავლენის ინტერნაციონალიზებას", - დაამატა მან. "ახლა მოქმედებაა საჭირო, რომ გავზარდოთ "ფინანსური გამჭვირვალობა და ნათელი მოვფინოთ ამ ჯგუფების დაფინანსების წყაროებს."

"მთავრობების მოვალეობაა უზრუნველყონ, რომ ქალების უფლებები არ ირღვევა დეზინფორმაციისა და იდეოლოგიურად მოტივირებული კამპანიების მეშვეობით", - განაცხადა მელისა უპრეტიმ, ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის წევრმა, რომელიც ებრძვის ქალთა მიმართ დისკრიმინაციას. "ამ ყოველივეს, საბოლოოდ, რეალური და ხშირად ხიფათისშემცველი შედეგები მოაქვს ქალებისათვის".

არც ACLJ, არც PRI და არც FWI არ გამოხმაურებია openDemocracy-ს მოთხოვნებს კომენტარის გაკეთების თაობაზე.

ADF-მა არ უპასუხა openDemocracy-ს ხარჯვის შესახებ დასმულ კითხვებს, თუმცა განაცხადა, რომ "ეს ერთერთი უმსხვილესი და ყველაზე ეფექტურად მოქმედი იურიდიული უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელიც ყველა ამერიკელის რელიგიური თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების უფლებას ემსახურება".



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი