გულადი ირანელი ქალები
18 12 2010

”გულადი ირანელი ქალები”- ირლანდიური ტელევიზიის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმია მამაც ირანელ ქალებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს აჯანყებულიყვნენ უსამართლო კანონების წინააღმდეგ, რომელბიც მათ “ნახევარკაცად” აღიქვამს და შესაბამისად ეპყრობა.

დოკუმენტურ ფილმში შესულია ინტერვიუები იმ ქალებთან, რომლებიც ყვებიან ”მილიონი ხელმოწერის კამპანიის” ამბავს და მოგვითხრობენ იმ საფრთხის შესახებ, რომლის წინაშეც აქტივისტები იდგნენ კამპანიის წარმოებისას. დოკუმენტური მასალის ნაწილი გვიჩვენებს თუ როგორ გეგმავდნენ ორგანიზატორები ამ კამპანიას. ჩვენ მივყვებით ამ ქალებს ქუჩებში და ვხედავთ, როგორ ემატებათ მიზნის მიღწევის იმედი 2009 წლის არჩევნებზე, რომლებიც საბოლოოდ მაინც მარცხით დასრულდა.

შირინ ებადი

შირინ ებადი ალბათ ქალთა უფლებების ყველაზე ცნობილი დამცველია ირანში. იგი იურისტია, ყოფილი მოსამართლე, რომელმაც 2003 წელს ნობელის პრემია მოიპოვა ქალებისა და ბავშვების უფლებებისა და დემოკრატიის დამკვიდრება-გავრცელებისთვის გაწეული ღვაწლისთვის. ის იყო პირველი ირანელი ადამიანი და ასევე პირველი მუსლიმი ქალი, რომელმაც ეს პრემია მიიღო. ქალბატონ ებადის კამპანიები ხშირად კონფლიქტს იწვევდა ირანის მთავრობასა და კონსერვატორებთან, განსაკუთრებით 2009 წლის ივნისის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

1990 წლიდან მას უფლება მიეცა ეწარმოებინა პრო–ბონო იურიდიული პრაქტიკა და შირინ ებადი ისეთ საქმეებზე მუშაობდა, რომლებიც ხაზს უსვამდა რევოლუციური ირანის საკანონმდებლო სისტემის უსამართლობებს.

შირინ ებადის ბევრი მოკავშირე ირანის მთავრობას სამიზნეში ჰყავდა ამოღებული და გასულ წელს მთავრობის მოხელეებმა დახურეს თეირანის ადამიანის უფლებათა ცენტრი - წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ებადიმ დაარსა 2001 წელს.

რამდენიმე ხნის წინ, შირინ ებადიმ ხმამაღალი პროტესტი გამოთქვა მისი კოლეგის, ადამიანის უფლებათა ადვოკატის, ნასრინ სოთუდეს დაკავების თაობაზე.

2010 წლის დეკემბერში, „Guardian“-თან ინტერვიუში (შირინ ებადი ამჟამად გადასახლებაშია და ლონდონში ცხოვრობს) მან განაცხადა: მე საშინლად ვღელავ მასზე (ნასრინ სოთუდეზე). ის ძალიან სუსტად არის და წარმოუდგენლად გამხდარი იყო, როცა ოჯახმა იგი ბოლოს ნახა. ნასრინს ეჭვგარეშე ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება”.

მეჰრანგიზ ქარი

მეჰრანგიზ ქარი 1944 წელს დაიბადა. იგი შირინ ებადის თანამედროვეა და მის მსგავსად ბევრ ცვლილებას მოესწრო. მეჰრანგიზი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ის ადვოკატი, მწერალი და აქტივისტია, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოქმედი ისლამური კანონის ჩარჩოებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამკვიდრებისათვის იღწვის. იგი აქტიური დამცველი გახლადთ ირანის სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლოებში.

მას შემდეგ, რაც მას ქვეყნის შიგნით საჯარო გამოსვლებში, მათ შორის კონფერენციეზე, რადიო და სატელევიზიო გადაცემებში გამოჩენა აუკრძალეს, ქალბატონმა ქარმა საერთაშორისო ფორუმების გამოყენება დაიწყო, როგორც პლატფორმისა საკუთარი აზრების გასახმოვანებლად და ირანელი ხალხის დემოკრატიული, პოლიტიკური, იურიდიული, კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა ადვოკატირებისთვის.

2000 წლის აპრილში, ბერლინის სიმპოზიუმში მონაწილეობის შემდეგ, მეჰრანგიზ ქარი დააპატიმრეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების ბრალდებით. მისადმი წაყენებული ხუთი ბრალდებიდან სამი ჯერ კიდევ ძალაში რჩება, რის გამოც იგი შეიძლება ხელხალა დააკავონ ირანში დაბრუნების შემთხვევაში.

მეჰრანგიზ ქარმა ბევრი ჯილდო მიიღო, მათ შორის 2004 წელს, ყოველწლიური „Human Rights First“–ის (ადამიანის უფლებები უპირველეს ყოვლისა - ყოფილი ადამიანის უფლებათა ადვოკატების კომიტეტი) ჯილდო.

მარიამ მალექი

2009 წლის აპრილში მარიამ მალექი 26 წლის სტუდენტი და ”მილიონი ხელმოწერის” კამპანიის წევრი, ბევრს წერდა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ქალები ოჯახში აწყდებოდნენ უსამართლო და დისკრიმინაციული კანონების გამო. მარიამი ზემოხსენებული კამპანიის პირველი წევრი იყო, რომელსაც ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება კამპანიაში მონაწილეობისთვის. ბრალდების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ”მილიონი ხელმოწერის კამპანია” არალეგალურ ორგანიზაციად შერაცხეს. მარიამის მსგავსად, კამპანიის ყველა წევრმა უარყო, რომ მათი ქმედება უკანონო იყო. ისინი მყარად იდგნენ იმ პოზიციაზე, რომ კამპანია კანონის ფარგლებში წარიმართებოდა და იყენებდნენ მოქალაქეობის უფლებას, რომელიც ითვალისწინებს საკუთარი პროტესტის გახმოვანებას იმისათვის, რომ ეს სხვა მოქალაქეებისა და პარლამენტში მათი წარმომადგენლების ყურამდეც მივიდეს.

სუსან თაჰმასები

”მილიონი ხელმოწერის კამპანიის” ერთ-ერთი დამაარსებელი სუსან თაჰმასები ქალთა უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივიზმში ორი ათეული წლის მანძილზეა ჩართული.

11 წლის განმავლობაში ის ირანში მუშაობდა გენდერის საკითხებსა და ქალთა უფლებებზე, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გასაძლიერებლად. დღესდღეობით გადასახლებაში მყოფ სუსან თაჰმასებს ბრალად ედება ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა. იგი ეროვნული უსაფრთხოების მოწინააღმდეგედ მიიჩნევა 2006 წლის ივნისში ქალთა უფლებების მხარდამჭერი პროტესტის ორგანიზების გამო. 2007 წლის 4 მარტს, სუსანი გაასამართლეს და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან განაჩენი გაასაჩივრა და იგი თავდებით გამოუშვეს, თუმცა აპელაცია ჯერ კიდევ არ იქნა განხილული.

ფარვინ არდალანი

”მილიონი ხელმოწერის კამპანიის” ერთ-ერთი დამაარსებელი, ფარვინ არდალანი, ირანის ქალთა უფლებების მოწინავე აქტივისტი, ჟურნალისტი და მწერალია.

2007 წელს, მას მიანიჭეს ულოფ პალმეს ჯილდო ირანში ქალებისა და მამაკაცების თანასწორი უფლებებისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის. ოფიციალური თეირანის უარმა არდალანისთვის ცერემონიაზე დასწრების უფლება მიეცათ, შვედეთში აღშფოთება გამოიწვია.

2010 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც მას რამდენიმე მოკლევადიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ის გადასახლებაში წავიდა. ფარვინ არდალანს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მცდელობის ბრალდება წაუყენეს.

მან მიიღო გრანტი, რომელიც საშუალებას მისცემდა ”თავისუფლად წარემართა თავისი პროფესიული საქმიანობა” შვედეთის ქალაქ მალმოში, რომელიც ემიგრანტთა საერთაშორისო ქსელის ნაწილია.

ეშა მომეინი

2008 წლის ოქტომბერში, გაზეთმა „UK Guardian“–მა შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

”ამერიკელი სტუდენტი და ქალთა უფლებების აქტივისტი, ოჯახში სტუმრობისას დააკავეს. ის ირანის ქალთა მოძრაობის კვლევას აწარმოებდა. ეშა მომეინი, კალიფორნიის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, თეირანში შესვლისას დააპატიმრეს, განაცხადა „Amnesty International“-მა.

თავდაპირველად, 15 ოქტომბერს, ის საგზაო წესების დარღვევისთვის დააკავეს, მაგრამ შემდგომ მას კომპიუტერი და პირადი ნივთები ჩამოართვეს და ევინის საპატიმროში წაიყვანეს, რომელიც ცნობილია, როგორც პოლიტიკურ პატიმართა ციხე. მომენი ირანის ქალთა უფლებების ჯგუფის წევრია, რომელსაც ”ცვლილება თანასწორობისკენ” ჰქვია.

2009 წლის ნოემბერში, გათავისუფლების შემდეგ ეშამ ბლოგზე დაწერა:

” როცა გამათავისუფლეს, სრულ შოკში ვიყავი იმის გამო, თუ რამხელა მხარდაჭერა მივიღე ყველასაგან. მე დავინახე იმედის სხივი, იმედი ადამიანების ნებისყოფასა და სურვილში, რომელმაც მე გამახსენა, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც შევცვალოთ. სწორედ თქვენმა მხარდაჭერამ გადამარჩინა ამ უფსკრულისგან. დღევანდელ სამყაროში მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიამ საშუალება მოგვცა მსოფლიოს მასშტაბით ურთიერთობისთვის, ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა ვიცით სხვა ადამიანების კულტურაზე, ისტორიასა და სიმართლეზე. ჩვენ განსხვავებებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე მსგავსებებს. ჩვენ ჯერ კიდევ ვთვლით, რომ სხვა ადამიანების ცხოვრება საკმარისად შორსაა იმისათვის, რომ ჩვენსაზე გავლენა არ მოახდინოს და პირიქით. მაგრამ თქვენი მხარდაჭერით, თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ და შეგვიძლია ცვლილებას მივაღწიოთ და შევცვალოთ მსოფლიოს მეორე ბოლოში მყოფი ადამიანის ცხოვრებაც კი. რაც უკეთ გავაცნობიერებთ ამ კავშირს, მით უკეთესი გახდება მსოფლიო.

გმადლობთ! მადლობა ყველას, ვინც ასე დაუღალავად მუშაობდა ჩემთვის, ამ ადამიანთაგან ბევრს არც კი შევხვედრივარ; განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, პროფესორ უოლს, ჩემს თანამოაზრეებს ”ერთი მილიონი ხელმოწერის” კამპანიიდან, ჩემს ჯგუფელებს კალიფორნიის უნივერსიტეტში და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დიდ მეგობარსა და მხარდამჭერს – ჰასანს.

ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც არსად მსოფლიოში აღარ იარსებებენ პოლიტიკური პატიმრები.

სიყვარულით

ეშა ”

ჰოდა ამინიანი

2008 წელს სუსან თაჰმასებისთან ინტერვიუში ჰოდამ თქვა:

” როცა უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ერთ-ერთი პირველი ქალი სტუდენტი ვიყავი, რომელიც პოლიტიკურ აქტივიზმში ჩაერთო, მუსლიმი სტუდენტების ასოციაციის ფარგლებში. იმ დროს, ქალებისთვის გამოყოფილი სივრცე ძალიან შეზღუდული გახლდათ.

მე ვარ პასუხისმგებელი ჩვენი სპარსული ვებ გვერდის - ”ცვლილება თანასწორობისკენ” ”პირისპირ” სექციაზე. ამ სექციაში კამპანიის აქტივისტები წერენ რიგით მოქალაქეებთან პირისპირ საუბრის გამოცდილებაზე, კამპანიითვის ხელმოწერების შეგროვების პროცესში.

მე ვთვლი, რომ ზეწოლამ კამპანიაში ჩართული აქტივისტები გააერთიანა. როცა შენ ისეთ წამოწყებაში ხარ ჩართული, რომლის ერთგულიც ხარ, ზეწოლა მხოლოდ გაამყარებს შენს გადაწყვეტილებას, მიზნების მიღწევას ესწრაფო. ის ვერ ავნებს შენს ერთგულებას შენი საქმისადმი, იმ შემთხვევაში, თუ პირად ინტერესზე არ იფიქრებ და თავად არ დაიხევ უკან.”

ნარგეს მოჰამმედი

ნარგეს მოჰამმედი შირინ ებადის ”ადამიანის უფლებათა დამცველთა ცენტრის” დირექტორის მოადგილე და 2009 წლის ალექსანდერ ლანგერის პრემიის მფლობელი გახლავთ.

როგორც ჟურნალისტი, ის მუშაობდა ბევრ რეფორმისტულ გაზეთთან, მათ

შორისაა „Payam-e Hajar“. მოგვიანებით ეს გამოცემები აიკრძალა, რადგან მათში მხარს უჭერდნენ ქალთა თანასწორობას მამაკაცებთან.

2008 წლის 7 სექტემბერს, ნარგეს მოჰამმედი, აირჩიეს ირანის მშვიდობის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორად. ეს დიდი კოალიციაა, რომელიც ეწინააღმდეგება ომს და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დამკვიდრებას. მასში შედიან მწერლები, ხელოვანი ადამიანები, ადვოკატები, სამოქალაქო აქტივისტები, ქალები, სტუდენტები, პროფკავშირის წევრები, ეთნიკური უმცირესობებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ეროვნული მშვიდობის კომიტეტს სურს მსოფლიოს ”სხვა ირანი” დაანახოს, რომელიც ეწინააღმდეგება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას და იღწვის მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენებისკენ ტოლერანტობასა და მეგობრობაზე დაყრდნობით.

2009 წლის 2 ივლისს, იტალიის ქალაქ ბოლცანოში გამართულ ცერემობიაზე, შირინ ებადიმ, ნობელის მშვიდობის ჯილდოს ლაურეატმა, მიიღო ალექსანდერ ლანგერის ჯილდო ნარგეს მოჰამმედის ნაცვლად, რომელსაც ქვეყნიდან გასვლა აკრძალული ჰქონდა.

ნარგეს მოჰამმედი 2010 წლის ივნისში დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს ევინის ციხეში არსებული მძიმე პირობების ფონზე გაუარესებული ჯანმრთელობის გამო. მისმა მეუღლემ თაღი რაჰმანიმ განაცხადა, რომ პარალიჩი ნარგესს მისი დაპატიმრების შემდეგ დაეწყო. უამრავი სამედიცინო ანალიზისა და ტესტის მიუხედავად, ექიმები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ მისი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზის დადგენას.

რეჟიმის მსხვერპლი

ატეფა საჰაალე - სიკვდილით დასჯილი მოზარდი.

2004 წელს „BBC“-მ ატეფას სულისშემძვრელი ამბავი გაახმაურა:

2004 წლის აგვისტოში, ატეფა საჰაალე ირანის ქალაქ ნექას მოედანზე საჯაროდ ჩამოახრჩვეს. სასიკვდილო განაჩენი მას ამორალურობის (დანაშაული უბიწოების წინააღმდეგ) გამო გამოუტანეს. სამთავრობო გაზეთმა მას მეუღლის ღალატში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ის 22 წლის იყო. თუმცა გოგონა არ გახლდათ გათხოვილი და მხოლოდ 16 წლისა იყო.

წყარო: http://www.asafeworldforwomen.org/advocates/464-the-courageous-women-of-iran.html

http://www.mehrangizkar.net/english/awards.php http://www.thelocal.se/25548/20100316/ One Million Signatures Campaign http://www.guardian.co.uk/world/2010/dec/15/nasrin-sotoudeh-iran-hunger-strike http://news.bbc.co.uk/1/hi/world/middle_east/3181992.stm http://www.wluml.org/node/5220 http://en.irangreenvoice.com/article/2010/jul/05/2138 http://www.guardian.co.uk/world/2008/oct/24/iran-arrest-american-activist EvilMonto.com Payvand.com


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება