კომიკოსი მსახიობი, ჯული გოლდმანი თავის მრავალფეროვან კარიერაში ახალ ბრწყინვალე ეტაპს იწყებს. www.afterellen.com-ის ინფორმაციით, ამერიკული ლგბტ საკაბელო ტელევიზიის “ლოგოს” (Logo) ცნობილი კომედიური პროგრამის - “დიდი გეი სკეტჩ-შოუ” (The Big Gay Sketch Show) ვარსკვლავმა ახლახანს ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში გადაინაცვლა, მოდის შესახებ საკუთარი “ბლოგი” გახსნა და ახალი ლესბოსური რომანტიკული კომედიის სცენარის – “ყველაზე კარგი რამ” (Nicest Thing) - თანაავტორიც გახდა. ამჟამად გოლდმანი სწორედ მის დიდ საეკრანო ვარიანტზე მუშაობს.
მსახიობი მყარად იყო დამკვიდრებული ნიუ-იორკის კომედიურ სცენაზე და მრავალ მოკლემეტრაჟიან და მხატვრულ ფილმში (“დიდი ოცნებები მცირე იმედში” (Big Dreams in Little Hope), “ღიად - ქორწილში” (Out At the Wedding), “გილოცავ დაბადების დღეს” (Happy Birthday) და “დი ვორდი” (The D Word)) უკვე შეასრულა დაუვიწყარი როლები. როდესაც გოლდმანი თავისი სატელევიზიო და კინოკარიერით არაა დაკავებული, იგი ქვეყნის მასშტაბით ცოცხალ კომიკურ ნომრებს წარმოადგენს, რისთვისაც 2007-2008 წლებში სოლიდური ჯილდოებიც აქვს მოპოვებული.



