ობამას ადმინისტრაციის ისტორიული ნაბიჯი
27 03 2009
ვაშინგტონი – შეერთებული შტატები უერთდება გაეროს დანარჩენ 66 წევრ ქვეყანას სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანთა დევნის დაგმობაში,- იუწყება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი

ამის შესახებ 18 მარტს დეპარტამენტის მოქმედმა წარმომადგენელმა – რობერტ ვუდმა განაცხადა ბრიფინგზე და დასძინა, რომ ”შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა გულწრფელი დამცველი და დარღვევათა კრიტიკოსია.” ”ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორუმზე ჩვენ კვლავაც შევახსენებთ ქვეყნებს ყოველი ადამიანის უფლებების პატივისცემის მნიშვნელობას”.

გაეროს გენერალური ასამბლეის განცხადება – ”ადამიანის უფლებების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის” შესახებ - ამ რანგის პირველი და, შესაბამისად, უნიკალური დოკუმენტია, რომელიც 2008 წლის 18 დეკემბერს საფრანგეთმა ევროკავშირის სახელით წარუდგინა გაეროს გენერალურ ასამბლეას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმ 66 წევრ სახელმწიფოს შორის, რომელიც განცხადებას უერთდება, საქართველოცაა (დსთ-ს ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველომ და სომხეთმა დაუჭირეს მას მხარი). მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი წევრი სახელმწიფოების სამართლებრივ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს, მაინც უაღრესად ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია. გამომდინარეობს რა 60 წლიანი ”ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” ამოსავალი პრინციპებიდან, იგი წევრ სახელმწიფოებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუციებს მოუწოდებს, ”ხელი შეუწყონ და დაიცვან ყველა ადამიანის უფლებები მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.” დოკუმენტი ყველა ქვეყანას სთხოვს, უზრუნველყონ, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული თვითგამოხატვა ”არავითარ გარემოებაში არ იყოს სისხლის სამართლებრივი დასჯის, კერძოდ, სასჯელაღსრულების, დაპატიმრებისა ან დაკავების საფუძველი.”

აღსანიშნავია, რომ გაეროს წევრ 70 ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კვლავაც არალეგალურია, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფოს კანონმდებლობით დღემდე სიკვდილით დასჯის საფუძველია.

2008 წლის 18 დეკემბერს, ადამიანის უფლებებზე გაეროს უმაღლესი დონის საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა - ნავი პილეიმ განაცხადა, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე არსებული და მოქმედი დისკრიმინაციული კანონები ”სულ უფრო მეტად იცნობა ანაქრონისტულად და შეუთავსებად როგორც საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ასევე ღირსების, ინკლუზიურობისა და ყველასადმი პატივისცემის ტრადიციულ ღირებულებებთან.”

პილეიმ აღნიშნა: ”ისინი, ვინც ლესბოსელი, გეი ან ბისექსუალია, ვინც ტრანსგენდერი, ტრანსსექსუალი ან ინტერსექსუალია, ადამიანთა ოჯახის სრულფასოვანი და თანაბარი წევრები არიან და უფლება აქვთ, შესაბამისადაც იყვნენ აღქმულნი.”

მას შემდეგ, რაც (დეკემბერში) გაეროს განცხადებას ბუშის ადმინისტრაცია გაემიჯნა, 18 მარტის ახალი ამერიკული ინიციატივა მართლაც რომ ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ ისტორიულ ფაქტამდე - ჯერ კიდევ 6 მარტს, ბრიუსელში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ”თაუნჰოლში” ახალგაზრდა ევროპელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: ”გეებისა და ლესბოსელების დევნასა და დისკრიმინაციას ჩვენ ძალზე სერიოზულად აღვიქვამთ.” მან დაგმო ჰომოსექსუალთა მიმართ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და ყველას მოუწოდა ”იმის აღიარებისკენ, რომ ადამიანის უფლებები – ყოველი პიროვნების განუყოფელი უფლებაა.”

ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტში 18 მარტს გამართულ ბრიფინგს და ოფიციალურ განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა A Amnesty International USA , რომელიც იმავე დღეს გავრცელებული პრეს-რელიზით მიესალმა შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს აქტს.

რობერტ ვუდის ბრიფინგის ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება