” Pink Embassy, ორგანიზაცია, რომელიც ალბანეთში ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვისათვის იღწვის, წუხილს გამოხატავს დილით მომხდარი ფაქტის თაობაზე, როდესაც 5 ტრანსგენდერი ადამიანის სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ იქნა დაყენებული, იმის გამო, რომ სახლს, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს.
დაზარალებული ტრანსგენდერი პირები ცხოვრობდნენ მიტოვებულ სახლში, რომელიც ტირანაში ყოფილი იუგოსლავიის საელჩოსთან მდებარეობდა. დაახლოებით 4:30 საათზე მათ კვამლი და ცეცხლის ალი შეამჩნიეს, რომელსაც სახლის თითქმის ყველა გასასვლელი ამოევსო. ამავე სახლში ცხოვრობდა ბოშების შვიდსულიანი ოჯახი, ხუთი მცირეწლოვანი ბავშვით.
საბედნიეროდ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტრანსგენდერი თემი თვლის, რომ ვანდალიზმის აქტი ჰომოფობების ჯგუფმა ჩაიდინა, რომელმაც მათი ადგილსამყოფელის შესახებ შეიტყო. პოლიცია და მეხანძრეები მყისიერად გამოცხადდნენ დანაშაულის ადგილას, რათა ცეცხლი ჩაექროთ და დაშავებულებისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინათ. მიუხედავად ამისა, ტირანას პოლიციას მომხდართან დაკავშირებით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაული მკაცრად ისჯება ცივილიზებულ ქვეყნებში და ალბანეთი ამასთან დაკავშირებით გამონაკლისებს აღარ უნდა უშვებდეს. ზემოხსენებული შემთხვევა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლე და ღირსება ჯერ კიდევ რისკისა და შეურაცხყოფის წინაშე დგას.
ის ფაქტი, რომ არც ტირანას მერიამ, არც დასაქმებისა ან სოციალურ საქმეთა და თანაბარ შესაძლებლობათა სამინისტროებმა არ უზრუნველყეს ტრანსგენდერი ადამიანები საცხოვრებელი ადგილით, სამსახურითა და უსაფრთხოებით, მიგვითითებს, რომ ჰომოფობიას ფესვები აქვს გადგმული ალბანეთის მმართველ შრეებში. ჩვენთვის ეს მიუღებელია! ყველა ტრანსგენდერი ადამიანის სიცოცხლე და ღირსება თანასწორია ნებისმიერი სხვა ალბანელი მოქალაქისა!
ზემოთ აღწერილი შემთხვევის გათვალისწინებით, გვსურს მოვუწოდოთ ტირანას მერიას და დასაქმებისა და სოციალურ საქმეთა და თანაბარ შესაძლებლობათა სამინისტროებს, რეაქცია მოახდინონ ამ დანაშაულზე და, რაც შეიძლება მალე, უზრუნველყონ ტრანსგენდერი ადამიანები საკვებით, საცხოვრებელი ადგილითა და უსაფრთხოებით, რაც მათ ძირეულ უფლებას წარმოადგენს.
მსგავსი ეპიზოდები ზიანს აყენებენ თემის ცხოვრებასა და ზოგადად ჩვენს საზოგადოებას. ადამიანის უფლებები ყველასათვის თანაბარია.”
ალბანეთის მედიას ზემოხსენებული ეპიზოდი და Pink Embassy-ს პროტესტი არ გაუშუქებია, არ ყოფილა არავითარი პასუხი ტირანას პოლიციის მხრიდან.