5-7 მაისს, მიმიწვიეს მოლდავეთის პრაიდზე, რომლესაც მოლდავეთის ლგბტ ორგანიზაცია „გენდერდოკ–მ“ უწევდა ორგანიზებას.
პრაიდის პირველი ღონისძიება, როგორც დაგეგმილი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს რეპრესირებულთა ხსოვნის ობელისკთან ყვავილების მიტანით დაიწყო, საიდანაც პრაიდის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში, ფერადი ბუშტების ჰაერში გასაშვებად გადაინაცვლეს. კერძოდ, იმ ადგილას სადაც 3 წლის წინ, მათ აგრესიულად განწყობილ პირთა ჯგუფმა არ მისცეს საშუალება, ავტობუსიდან გადმოსულიყვნენ და დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაცია გაემართათ. აქვე გაკეთდა კომენტარები როგორც პრაიდის ორანიზატორთა, ასევე მოწვეულ სტუმართა მიერ. საერთოდ, ადგილობრივი ლგბტ ორგანიზაციის „გენდერდოკ-მ“-ის დამფუძნებელი, ალექსეი მარჩკოვი თავის გამოსვლებში ცდილობდა, მსგავს ღონიძიებებთან მიმართებაში ნაკლებად გამოეყენებინა სიტყვა „პრაიდი“, რომელიც უფრო კარნავალთან ასოცირდება.
მისი თქმით, ეს იყო არა პრაიდი, არამედ მშვიდობიანი მანიფესტაცია ლგბტ ადამიანთა უფლებების დასაცავად. სტუმართა შორის იყო ევროპარლამენტარი ჰოლანდიის „მწვანეთა პარტიიდან“ მარიე კორნელისენი, რომელმაც თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ მრავალი ხალხი საკუთარ აგრესიას და ჰომოფიბიურ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანთა მიმართ იმით ხსნის, რომ მისი ქვეყანა „ზედმეტად რელიგიური“ ან „ზედმეტად მაჩოა“ იმისათვის, რომ ოდესმე შეეგუოს მსგავს რამეს. მარიე კორნელისენმა აქვე გაიხსენა, რომ ისეთმა რელიგიურმა ქვეყანამ როგორიც ბრაზილიაა და ისეთმა მაჩო ქვეყანამ როგორიც ესპანეთია, კანონმდებლობით დაუშვა ერთსქესიან წყვილთა ქორწინება და რომ ვერც ზემოთაღნიშნული და ვერც რომელიმე სხვა მიზეზი შეიძლება გამოყენებული იყოს ჰომოფობიის გასამართლებლად. პრაიდის მეორე დღეს, დაგეგმილი კონფერენციის თემა იყო „ლგბტ ადამიანთა უფლებები დღევანდელ მოლდოვაში და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესაძლებლობები“. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციათა - ILGA -Europe, Amnesty International, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები, რომელთა კომენტარები ძირითადად, სარეკომენდაციო ხასიათის იყო და საბოლოოდ, ერთ ძირითად მესიჯად გაერთიანდა - არც ერთ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა ილუზია უვიზო რეჟიმსა თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, სანამ არ მიიღებდნენ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას.საღამოს გაიმართა ოფოციალური მიღება, სადაც პრაიდის ყველა სტუმარმა მოიყარა თავი. სტუმრები იყვნენ უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
პრაიდის ბოლო, მესამე დღეს გაიმართა საინტერესო დისკუსია თემაზე: „შვილები და მშობლები: ქამინაუთი“. დისკუსიაზე მოწვეულნი იყვნენ მშობლები, რომელთა შვილებსაც გაკეთებული ჰქონდათ ქამინაუთი და რომლებიც სარგებლობდნენ სერვისით, რომელსაც „გენდერდოკ-მ“–ი სთავაზობს ლგბტ ადამიანების მშობლებს. კერძოდ, კვალიფიციურ სპეციალისტთა კონსულტაცია, თემატური დისკუსიები და სხვა. თუმცა, როგორც თავად მშობლებმა აღნიშნეს, ამ ორგანიზაციაში მათი მისვლის მიზეზი არ ყოფილა კომპეტენტური ფსიქოლოგისა თუ სექსოლოგისგან კონსულტაციის მიღება, არამედ მსგავსი პრობლემების მქონე მშობლებთან ურთიერთობის სურვილი და ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ მათ მიეცათ ამის საშუალება და რომ დღეს თავისუფლად შეეძლოთ მათი შვილების ორიენტაციაზე საუბარი, აგრეთვე, სხვა მშობლებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
კიშინიოვის მე-10 პრაიდი დასრულდა საღამოს წვეულებით - „Safe sex promotion party“. წვეულების თემად არჩეული იყო „სკოლა“. ამიტომ მრავლად ნახავდით კედლებზე გაკრულ გამრავლების ტაბულებს, არითმეტიკულ განტოლებებს თუ გაბმულ თოკზე პრეზერვატივების გვერდით ჩამოკიდებულ სახაზავს და სხვა სასკოლო ნივთებს.
მოამზადა თამარ გოგინავამ