სპლიტში მომხდარი ძალადობა
13 06 2011

10,000 ადამიანი გამოვიდა დალმატიის ქალაქ სპლიტში გამართული პირველი გეი პრაიდის გასაპროტესტებლად. პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა, რასაც 137 ადამიანის დაკავება მოყვა.

ათასობით ადამიანისგან შემდგარი ბრბო შეიკრიბა, რათა სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ქვების სროლით გაეცილებინა მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილე 200 ადამიანი, რომელსაც პოლიცია იცავდა. აქტივისტების თქმით, პოლიცია არ იყო სათანადოდ მომზადებული პრაიდის დასაცავად.

ინციდენტის დროს 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრაიდის მონაწილეებისკენ ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს. ამის შემდეგ პოლიციამ პრაიდის მონაწილეების ევაკუირება მოახდინა.

რადიო თავისუფალი ევროპის განცხადებით, ხორვატიის პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა და პრემიერ მინისტრმა იადრანკა კოსორმა დაგმეს ძალადობა. იოსიპოვიჩის განცხადებით, სპლიტში მომხდარი ინციდენტი არ არის ხორვატიის ”ნამდვილი სახე” და ეს ინციდენტები ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ”არაევროპული” ნაწილი.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სიმე ლუცინმა განაცხადა, რომ პოლიციამ ყურადღება არ მიაქცია იმ გაფრთხილებებს, რომლებიც პრაიდამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო ანტი-გეი გრაფიტებისა და ინტერნეტში გავრცელებული ჰომოფობიური შეტყობინებების სახით. ლუცინის თქმით, რთული დასაჯერებელია, რომ 10,000 ადამიანი შემთხვევით შეიკრიბა და პოლიციას, რომელსაც საიდუმლო სამსახურებისა და სხვა მექანიზმების გამოყენება შეეძლო, ასეთი მცდარი გათვლა არ უნდა გაეკეთებინა.

პრაიდის ორგანიზატორები შინაგან საქმეთა მინისტრის ტომისლავ კარამარკოს გადადგომას მოითხოვენ. მათი განცხადებით, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საშუალება მისცა, მსვლელობისათვის განკუთვნილი გზა დაევიწროვებინათ და მოუწოდა პრაიდის მონაწილეებს ამ გასასვლელში გაევლო მიუხედავად იმისა, რომ მათ ქვებს ესროდნენ.

წყარო:http://www.croatiantimes.com/news/General_News/2011-06-13/19926/Activists_blame_unprepared_police_for_escalation_of_violence_in_Split



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება