ცრუ იდენტობით ბლოგის წარმოება
14 06 2011

როცა ”დაპატიმრებული ლესბოსელი სირიელი ბლოგერი” ამინა არაფი სინამდვილეში, შოტლანდიაში მყოფი, ცოლიანი ამერიკელი მამაკაცი, ტომ მაკმასტერი აღმოჩნდა - ბლოგსფერო აღშფოთებამ მოიცვა.

ლესბოსელი ქალის, ამინა არაფის სახელით ბლოგის წარმოებაზე მაკმასტერმა შემდეგნაირად მოიხადა ბოდიში:

”მიუხედავად იმისა, რომ მთხრობელი გამოვიგონე, ბლოგზე წარმოდგენილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და შეცდომაში არავინ შეჰყავს. მე არ მჯერა, რომ ვინმეს ზიანი მივაყენე.”

გასულ თებერვალს შექმნილი ბლოგი ”Damascus Gay Girl”, დამასკოში მცხოვრები ნახევრად სირიელი, ნახევრად ამერიკელი 25 წლის ლესბოსელი ქალის, ამინა აბდალა არაფ ალ-ომარის ცხოვრებას აღწერდა.

რამდენიმე ხნის წინ ბლოგზე გამოჩნდა პოსტი, რომელიც ვითომდა ამინას ბიძაშვილმა დაწერა. პოსტში ნათქვამი იყო, რომ ამინა პრეზიდენტ ასადის ბაასის პარტიის მომხრე შეიარაღებულმა მამაკაცებმა გაიტაცეს.

ამის შემდეგ მაკმასტერმა აღიარა, რომ ბლოგის ავტორი თვითონ არის.

„Gay Middle East“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დავიდ ნასერი მაკმასტერს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მის გამო ბევრი ნამდვილი ლგბტ აქტივისტი სირიელი მთავრობის ყურადღების ქვეშ მოექცა. ამ აქტივისტებს, მათ შორის, თავად ნასერსაც, ძალიან ბევრი რამის შეცვლა მოუწიათ საკუთარ მიდგომებსა და ცხოვრებაში იმისათვის, რომ სწორედ ისეთი ზიანისაგან დაეცვათ თავი, როგორიც მაკმასტერის პატარა ”ხუმრობამ” გამოიწვია.

ქალი, რომლის ფოტოც მაკმასტერმა პრესისთვის გამოიყენა, იელენა ლეჩიჩი, ძალიან უკმაყოფილოა და „Newsnight“-ს განუცხადა, რომ მაკმასტერზე მეტად ეს მედიის, განსაკუთრებით კი Guardian-ის შეცდომა იყო, რომელმაც მისი ფოტო დაბეჭდა.

„Guardian“-ის წარმომადგენელი კრის ელიოტი აცხადებს, რომ ფოტოს მოხსნა სტატიიდან დიდხანს არ მოხდა იმიტომ, რომ ჟურნალისტებს ეშინოდათ ეს ყველაფერი სირიელი მთავრობის მორიგი ხრიკი არ ყოფილიყო. მან ასევე ახსნა, რომ მას შემდეგ რაც ”ამინასთან” შეხვედრა არ შედგა, „Guardian“-მა სტატია ელექტრონული მიმოწერის საფუძველზე დაბეჭდა.

ელიოტის თქმით, ბლოგერმა შეხვედრაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ მასზე სირიელი უსაფრთხოების სამსახურები ახორციელებდნენ ზეწოლას, რაც საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა.

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/magazine-13749156



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა