ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსის მრჩეველმა პეტრ ჰაიეკმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალები ”გადახრების მქონე მოქალაქეები” არიან. მან მკაცრად გააკრიტიკა პრაღის მერის ბოჰუსლავ სვობოდას და მოქალაქეთა დემოკრატიული პარტიის პრაღის ოფისის თავმჯდომარის, ბორის სტასტნის ინიციატივა მხარი დაეჭირათ პრაღაში დაგეგმილი პრაიდისთვის. ჰაიეკის თქმით, ეს პრაიდი წარმოადგენს იმ აზრებსა და ღირებულებებს, რომლებსაც დღეს ბევრი იზიარებს ჩვენს სამყაროში, სადაც ტრადიციული ოჯახი არავითარ როლს აღარ ასრულებს. მან ასევე დაამატა, რომ ამ სამყაროში მულტიკულტურალიზმის ურჩხული ნთქავს ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურულ ფესვებს და სექსუალური ან ნებისმიერი სახის დევიაცია ღირსებამდეა აყვანილი, არანორმალურობა ნორმამდე, ხოლო საზოგადოების განადგურება - წმინდა პროგრესამდე. მისი აზრით თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი ქრისტიანი მამაკაცი სწორედ ის ”სახეობაა”, რომელსაც საფრთხე ემუქრება იმ საზოგადოებაში, რომელსაც პრაიდის მონაწილეები უწევენ პროპაგანდას.
გეი მსვლელობა პრაღაში ტოლერანტობის ფესტივალის ხუთდღიანი პროგრამის დამაგვირგვინებელი ღონისძიება იქნება, რომელიც ასევე სვობოდას მფარველობით ხორციელდება. გეი პრაიდი პრაღაში პირველად ტარდება. პრაღის პრაიდის პრეზიდენტი, ჩესლავ ვალეკი, აცხადებს, რომ ჰაიეკის შეხედულებები იმდენად მარგინალურია, რომ მათზე რეაგირების მოხდენაც კი არ ღირს. მისი აზრით, პრაღის პრაიდი სიხარულს, ცოდნას, პატივისცემასა და ტოლერანტობას ნიშნავს.
მას შემდეგ, რაც სვობოდამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ღონისძიებას, ქალაქის მერიამ სამოცამდე წერილი მიიღო, რომელშიც მოქალაქეები გმობდნენ სვობოდას გადაწყვეტილებას.
”ჰომოსექსუალები ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და არ აქვს აზრი ამის უარყოფას. უფრო მეტიც, მე ღრმად ვეწინააღმდეგები ადამიანების დაყოფას კანის ფერის, რელიგიური აღმსარებლობისა თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით,” - განაცხადა სვობოდამ.
წყარო:http://www.ceskenoviny.cz/news/zpravy/czech-president-s-aide-condemns-prague-gay-festival/670985#.TjuxgET32a0.facebook