ავღანელი ქალების მსვლელობა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ
08 08 2011

ქაბული, ავღანეთი - ”ეს ქუჩა მეც მეკუთვნის”; ”ჩვენ აღარ ავიტანთ შეუარცხყოფას”, – ასეთი პლაკატებითა და დიდი ბანერით, რომელზეც ყურანიდან მოყვანილი შესაბამისი ციტატა ეწერა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქალების ჩაგვრა დაუშვებელია, ოცდაათმა ახალგაზრდა ავღანელმა ქალმა და მამაკაცმა მსვლელობა მოაწყო ქაბულში შუადღის სიცხეში, რათა გაეპროტესტებინა ქალაქის ქუჩებში ქალებსა და გოგონებზე გაბატონებული ძალადობა და ჩაგვრა.

ეს დემონსტრაცია პირველია ავღანეთის ისტორიაში. მიუხედავად მისი მცირე მასშტაბებისა, საპროტესტო აქციის აზრი ცხადი და ავღანეთის უკიდურესად კონსერვატიული საზოგადოებისთვის სკანდალური იყო: ქალების შევიწროვება ქუჩაში არის თავდასხმა მათ ფუნდამენტურ უფლებაზე მამაკაცებთან ერთად იცხოვრონ საზოგადოებაში და მას წერტილი უნდა დაესვას.

ორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრისა და რამდენიმე მამაკაცისგან შემდგარი მსვლელობა ქაბულის უნივერსიტეტის მიდამოებიდან დაიწყო ავღანეთის დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა კომისიის შენობისკენ.

მოვაჭრეებითა და საყიდლებზე გამოსული ადამიანებით გადავსებულ ქუჩებში მიმავალი მონაწილეები ბროშურებს არიგებდნენ და ავღანელ თანამემამულეებს მოუწოდებდნენ აეღიარებინათ ქალების დამცირებისა და შევიწროვების ფაქტები და საკუთარი ცხოვრებიდან დაეწყოთ ცვლილებების განხორციელება ირგვლივ გამეფებული ძალადობის აღმოსაფხვრელად.

დემონსტრაციის მონაწილეებმა კარგად იცოდნენ ავღანეთის ისტორიაში მშვიდობიანი აქციების სისხლიან გარჩევებად გადაქცევის გამოცდილება და შიშობდნენ, რომ ძალადობის ინიციატორები არა მხოლოდ მამრობითი სქესის მოწინააღმდეგეები, არამედ მტრულად განწყობილი სამართალდამცავებიც იქნებოდნენ. თუმცა, პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს აქციის განმავლობაში ახლო მანძილზე მიყვებოდა და საპროტესტო აქციამ მშვიდობიანად და შეფერხებების გარეშე ჩაიარა.

ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებით, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ახალგაზრდების ამ ჯგუფს ბევრი სხვა რამ აქვს სამომავლოდ დაგეგმილი. მათი ინიციატივის მხარდამჭერები უკვე თავადაც სთავაზობენ აქტივისტებს ახალ იდეებს. ფეისბუკზე არსებულ „Young Women for Change“-ის გვერდზე აქციის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მამაკაცმა, ახალგაზრდების წამოწყება მოიწონა და შესთავაზა მათ ფეისბუკზე შექმნან ახალი ჯფუფი - “Sex Offenders in Kabul”, რომელზეც გამოქვეყნდება ყველა იმ მამაკაცის სურათი და მანქანის ნომერი, რომელიც ქუჩაში მდგარ გოგოს მანქანას გაუჩერებს და მასთან ერთად წასვლას შესთავაზებს.

წყარო: http://www.muslimwomennews.com/n.php?nid=6468



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება