ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე
26 05 2009

ყოველი წლის 17 მაისს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში “ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე” (IDAHO) აღინიშნება. თარიღი უკავშირდება 1990 წლის 17 მაისს “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის” მიერ ჰომოსექსუალობის “ფსიქიკური დაავადებების” სიიდან ამოღებას და შემოღებულია 2005 წლიდან.

წელს ამ სიმბოლურ დღეს, მრავალ ღონისძიებას შორის, IDAHO-სა და “IDAHO-ს კომიტეტის” დამფუძნებლის, ლუი-ჟორჟ თინის ინიციატივითა და საერთაშორისო ინსტიტუციების მხარდაჭერით გავრცელდა “მსოფლიო მიმართვა ტრანსფობიის წინააღმდეგ და გენდერული იდენტობის პატივისცემისთვის”, რომელიც “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას” “ფსიქიკური დაავადებების” ჩამონათვალიდან ტრანსსექსუალობის ამოღებისაკენ მოუწოდებს.

მიმართვას უკვე მოაწერა ხელი მსოფლიოს 75-ზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ, მათ შორის, მისადმი მხარდაჭერა გამოხატეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პოლიტიკოსებმა, ნობელის პრემიის ლაურეატებმა და ა. შ. საფრანგეთმა სპეციალური ღონისძიებები დაამთხვია IDAHO-ს და 15 მაისს ჯერ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მსოფლიო კონგრესს უმასპინძლა, 17 მაისს საღამოს კი, პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ტრანსსექსუალობა ოფიციალურად ამოღებულია “ფსიქიკური აშლილობების” სიიდან. ამ ღირსშესანიშნავ ფაქტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, საფრანგეთის ჯანდაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს ეწვიოთ.

17 მაისისადმი მიძღვნილ მრავალ ღონისძიებასთან ერთად, IDAHO-ს გუნდმა სოციალურ ქსელ Gays.com-თან თანამშრომლობით არაჩვეულებრივი ვიდეო გადაიღო, რომელშიც ადამიანები მსოფლიოს 6 კონტინენტიდან თავიანთ ენაზე ამბობენ, თუ როგორ ეამაყებათ, რომ არიან გეი!

ამ გლობალურ პროექტში, რომელიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, 48 ქვეყნიდან 359 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. “ჩვენ აღელვებულები ვართ, და ამავე დროს, მოკრძალებულნი, ენთუზიაზმით სავსე იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან ნიაღვარივით მოედინებოდა მას შემდეგ, რაც ვიდეო-პროექტის განხორციელება დავიწყეთ აპრილში. ადამიანები სპეციალურად მიემართებოდნენ “თავისუფლების” ქანდაკების, ჩინეთის “დიდი კედლის”, სიდნეის “ოპერის შენობის”, “ოქროს ჭიშკრის” ხიდის, “მერლიონის”, პეტრონას “ტყუპი კოშკებისა” და “ეიფელისკენ”, რომ თავისი საზეიმო განწყობა ასე გადმოეცათ,” – აღნიშნა ლუი-ჟორჟ თინმა.

აღნიშნული ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ IDAHO-სა და Gays.com-ის ვებ-გვერდებზე.

რაც შეეხება საზეიმო მსვლელობებს, “ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მსოფლიო დღე” კუბასა და თურქეთშიც ფართომასშტაბიანი გამოსვლებით აღნიშნეს. სინგაპურში პირველად გაიმართა ამგვარი ღონისძიება, პირველი იყო IDAHO-ს მსგავსი აქტივობა სან-ფრანცისკოშიც, სადაც ერაყის ლგბტ “ქომიუნითის” მხარდასაჭერად 5000$ შეგროვდა.

16 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ლატვიელი, ლიტველი და ესტონელი ლგბტ აქტივისტების მიერ ორგანიზებული პირველი “ბალტიური პრაიდის” მსვლელობა, რომლის ჩაშლასაც ქალაქის ადმინისტრაცია წინასწარ შეეცადა, საბოლოოდ მაინც შედგა.

16 მაისსვე უნდა გამართულიყო პირველი გაერთიანებული “სლავური პრაიდი” მოსკოვში, თუმცა იგი, ტრადიციულად, პოლიციამ დაარბია. როგორც www.gayrussia.ru იუწყება, რუსმა სამართალდამცავებმა დაახლოებით 80-მდე მონაწილე დააკავეს, მათ შორის, ღონისძიების ორგანიზატორი, ნიკოლაი ალექსეევიც.

ქვეყნების მიხედვით IDAHO-ს ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პრეს-რელიზები ხელმისაწვდომია IDAHO-სა და “IDAHO-ს კომიტეტის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა