ჰილარი კლინტონი ლგბტ უფლებებზე
07 12 2011

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ფიცი დადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდ წვლილს შეიტანდა მსოფლიოში ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციასთან ბრძოლაში. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენებს დიპლომატიურ კორპუსს და სამ მილიონ ამერიკულ დოლარს ქვეყნის გარეთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებათა გასაფართოვებლად და დასაცავად. ქალბატონი კლინტონის განცხადებით, ადამიანის უფლებათა განსაზღვრება სექსუალურ განსხვავებულობაზე უნდა იქნას მორგებული. „ზოგი ამბობს, რომ ადამიანის უფლებები და ლგბტ უფლებები ორი სხვადასხვა რამ არის, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთი და იგივეა,“ – განაცხადა მან.

ქალბატონმა კლინტონმა თავის სიტყვაში მიმოიხილა ადამიანის უფლებათა ცნების განვითარების ეტაპები 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციიდან დღემდე და აღწერა თუ როგორ იცვლებოდა თანასწორობისათვის ბრძოლა წლიდან წლამდე:

„უკანასკნელი 63 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დეკლარაცია იქნა მიღებული, ბევრმა ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა ადამიანის უფლებათა სფეროში. თანდათანობით ის ბარიერები, რომლებიც ადამიანებს სრული თავისუფლებით, ღირსეული ცხოვრებითა და სამოქალაქო შეღავათებით სარგებლობაში უშლიდა ხელს, თითქმის გაქრა... დღეს, მე მსურს გესაუბროთ იმ სამუშაოზე, რომელიც ჯერ კიდევ დაგვრჩა გასაკეთებელი ადამიანების იმ ჯგუფის დასაცავად, რომლის უფლებები ჯერ კიდევ დაუცველია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ხშირ შემთხვევაში, ისინი უხილავ უმცირესობას წარმოადგენენ. მათ აპატიმრებენ, ცემენ, აშინებენ, კლავენ კიდეც. ბევრ თანამოქალაქეები ძალადობენ და აბუჩად იგდებენ, ხოლო მმართველი ძალები, რომელთა მოვალეობაა მოქალაქეთა დაცვა, ამ ფაქტებზე თვალებს ხუჭავენ ან ხშირად თავადაც უერთდებიან ჩაგვრას. ეს ადამიანები მოკლებულნი არიან მუშაობისა და სწავლის თანასწორ საშუალებას, მათ დევნიან სახლებიდან და ქვეყნებიდან და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საკუთარი იდენტობის უარყოფას აძალებენ. მე ვსაუბრობ გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებზე.“

კლინტონმა აღიარა, რომ ამერიკის ისტორია ლგბტ ადამიანების უფლებებთან მიმართებაში „უნაკლო“ სულაც არაა და აღნიშნა, რომ ამერიკის ლგბტ მოქალაქეებმა ასევე გადაიტანეს ძალადობა, შეურაცხყოფა და დაცინვა. მისი თქმით ამერიკელებმა, ისევე, როგორც სხვა ერებმა, მეტი უნდა გამოიჩინონ ადამიანის უფლებათა დაცვაში.

აშშ–ს სახელმწიფო მდივნის განცხადებას მალე მოჰყვება კრიტიკა იმის თაობაზე, რომ 3 მილიონი ამერიკული დოლარი ძალიან უმნიშვნელო თანხაა და, რომ ზემოხსენებული გეგმის განხორციელების თაობაზე მეტისმეტად მწირი ინფორმაცია იქნა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, კლინტონის გეგმა ამერიკელი მემარჯვენეების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდება. ამას განსაკუთრებით რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები დაიხვევენ თითზე, რომლებსაც ერთი სული აქვთ ულტრა კონსერვატიული მოსაზრებები შეიქონ. წინააღმდეგობა მათი მხრიდანაც იქნება, ვინც ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალობა „დასავლეთიდან შემოტანილი“ პრობლემაა, რომელიც ფუნდამენტალურად ეწინააღმდეგება რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებს. კლინტონი მსგავს აზროვნებას ეწინააღმდეგება და საკმაოდ ეფექტურადაც. იგი მიუთითებს, რომ ტრადიციები ისევე, როგორც კანონები დროთა განმავლობაში იცვლება. დღეს „ქალთა წინააღმდეგ ძალადობა აღარ არის კულტურა, ის უკვე დანაშაულია. ასევე მონობაც, რომელიც თავის ვითომ ღმერთის მიერ იყო „გამართლებული და დაშვებული“ ახლა გაუქმებულია, როგორც ადამიანის უფლებათა უკიდეგანო დარღვევა,“ – დასძენს იგი.

წყარო:http://globalspin.blogs.time.com/2011/12/07/hillary-clinton-vows-to-support-global-fight-for-gay-rights/



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია