“ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები”
14 11 2009

ოთხშაბათს, 11 ნოემბერს “ბი-ბი-სი ორმა” (BBC Two) თავისი ახალი ფილმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის სამუშაო სახელწოდებაც “მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები” გახლავთ.

ენ ლისტერი 1791 – 1840 წლებში დიდ ბრიტანეთში, იორკშირის საგრაფოში ცხოვრობდა, იყო მკვლევარი, მიწათმფლობელი, ფილანტროპი, მეწარმე (ფლობდა ქვანახშირის მაღაროს), მოგზაური და წერდა დღიურებს.

ენ ლისტერი ბევრი მკვლევარის მიერ აღიარებულია “პირველ თანამედროვე ლესბოსელად”, რომელსაც მართალია თავისი ორიენტაციის დაფარვა უწევდა მისი თანამედროვე საზოგადოებისაგან, მაგრამ იმავდროულად გამოწვევას უცხადებდა მისი დროის ქცევის ნორმებს. პარტნიორთან, ენ უოლკერთან ქორწინებამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი პარტნიორი იყო, საზოგადოება საბოლოოდ განაწყო მის წინააღმდეგ.

ლისტერი სწორედ უოლკერთან ერთად მოგზაურობისას ციებ-ცხელებით გარდაიცვალა საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, რის შემდეგაც უოლკერმა მისი ცხედარი ინგლისში, კერძოდ კი, საუთორამში (დასავლეთ იორკშირი) გადაასვენა.

ლისტერმა დეტალურად აღწერა თავისი პირადი ცხოვრება მომნუსხველი და მტკივნეულად გულწრფელი ოთხი მილიონი სიტყვისაგან შედგენილ დღიურში. ხელნაწერის მნიშვნელოვანი ნაწილი კოდირების საშუალებითაა დაწერილი, თუმცა ახლახანს იგი გაშიფრეს.

სწორედ აღნიშნული დღიურები და ავტორის ნამდვილად არაორდინალური ცხოვრება გახდა ფილმის - “მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები” შექმნის საფუძველი. ფილმის პროდიუსერი მარკ ბენტლია, გადაღებები 2009 წლის ნოემბრიდან დაიწყო და 2010 წლის გაზაფხულზე ნამუშევარი ეკრანებზე გამოვა. კინო-ჩვენებას წინ წარუძღვება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოთხრობილი იქნება ენ ლისტერის ცხოვრებისა და მისი დღიურების გაშიფრვის შესახებ. დოკუმენტურ ფილმს წარადგენს ცნობილი კომიკოსი-მწერალი სიუ პერკინსი.

მსახიობმა მაქსინ პიკმა, რომელიც ენ ლისტერის როლს ანსახიერებს ფილმში, აღნიშნა: “ენ ლისტერი არაორდინალური ქალი გახლდათ, რომელიც დღემდე ლესბოსურ ისტორიაში ერთადერთი რეალურად დოკუმენტირებული პიროვნებაა. იმედია, რომ ამ ფილმით ისევე, როგორც დოკუმენტური ფილმით იგი გაცილებით ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგება, რომლებიც მაყურებლებს ამ შთამაგონებელ და დიდ ქალს შეახვედრებს. მე ძალზე ამაყი, მაგრამ გაოგნებული ვარ ამგვარი ნოვატორი ქალბატონის როლის შესრულებით!”



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"