სთოუნვოლის ამბოხებების მე-40-ე წლისთავი
01 07 2009

28 ივნისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით “სთოუნვოლის ამბოხებების” მე-40-ე წლისთავი აღინიშნა. ამ მოვლენამ ფაქტობრივად თანამედროვე ლგბტ უფლებათა მოძრაობას დაუდო სათავე, როდესაც 1969 წლის 28 ივნისის დილას ნიუ იორკის პოლიციის ოფიცრებმა ცნობილი რეიდი განახორციელეს გრინვიჩ ვილიჯში მდებარე გეი-ბარზე - “სთოუნვოლის სასტუმრო”. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბარის მფლობელების გარეთ გამოყვანა სცადა ძალის გამოყენებით, ლგბტ ჯგუფის წევრებმა წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტეს და სამი დღის განმავლობაში მძვინვარებდა “სთოუნვოლის ამბოხება”.

შეერთებული შტატების ახალი ამბების ერთ-ერთი ცნობილი ტელე-რადიო პროგრამის – “დემოკრატია ახლა” (Democracy Now) ვებ-გვერდზე - www.democracynow.org შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტური რადიო ფილმის ვიდეო ვერსია – “სთოუნვოლის გახსენება” (Remembering Stonewall) (რეჟისორი - დეივ აისეი).

სთოუნვოლის მე-40-ე წლისთავთან და “ლგბტ პრაიდის თვესთან” დაკავშირებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 29 ივნისს ლგბტ ჯგუფის წევრები “თეთრ სახლში” ოფიციალურ სადილზე მიიწვია,- იუწყება www.nydailynews.com.

ბრაიან ბონდმა, “თეთრი სახლის” საზოგადოებრივ საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილემ, რომელიც ღია ჰომოსექსუალია, “თეთრი სახლის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადა: “ჩემთვის დღევანდელი მოვლენა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ “ლგბტ პრაიდის თვისადმი” პატივის მისაგები მიღება. ეს ადმინისტრაციისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ნამდვილი გმირების მსოფლიოს წინაშე წარმოჩენაა, რომლებსაც ყოველდღიურად შეაქვთ წვლილი თანასწორობისთვის ბრძოლაში.”

ობამას მიღებას მრავალი ლგბტ აქტივისტი კვლავ ნაკლები ოპტიმიზმით შეხვდა, რაც ა.შ.შ.-ს სამხედრო სამსახურში მოქმედი “არ იკითხო, არ თქვა-ს” (Don’t Ask, Don’t Tell) დისკრიმინაციული პოლიტიკის ჯერჯერობით შენარჩუნებასა და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ახლახანს მხარდაჭერილ “ქორწინების დაცვის აქტს” (DOMA) უკავშირდება (ეს უკანასკნელი შტატებს უფლებას აძლევს, სხვა შტატებში გაფორმებული ერთსქესიანი ქორწინებები არ ცნონ).

ა.შ.შ.-ს პრეზიდენტმა მიღებაზე შეკრებილ აუდიტორიას განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს, როგორც “არ იკითხო, არ თქვა-ს” პოლიტიკის დასრულების მიმართულებით პენტაგონთან და კონგრესთან, ისე “ქორწინების დაცვის აქტის” გაუქმების კუთხითაც, რასაც ასევე კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება.

ობამამ ლგბტ აქტივისტებს დარწმუნებით მიმართა: “ჩვენ ექვსი თვეა, რაც ოფისში ვართ და მე მგონია, რომ იმ დროისათვის, როდესაც ეს ადმინისტრაცია დაასრულებს თავის მუშაობას, თქვენ, მეგობრებო, ნამდვილად კარგი განწყობები გექნებათ ობამას ადმინისტრაციასთან მიმართებაში.”

ა.შ.შ.-ს პრეზიდენტის გამოსვლის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია - www.advocate.com-ზე.

28 ივნისის ადრე დილას, “სთოუნვოლის ამბოხებების” მე-40-ე წლის თავზე, ტექსასის ქალაქ ფორტ-ვორტში სწორედ “სთოუნვოლის” მსგავსი მძიმე ინციდენტი მოხდა. ქალაქის ექვსმა პოლიციის ოფიცერმა და “ალკოჰოლური სასმელების კომისიის” სამმა თანამშრომელმა გეი-ბარ “რეინბოუ ლონჯზე” რეიდი მოაწყვეს,- იტყობინება Fort-Worth Star-Telegram

“საზოგადოებრის ინტოქსიკაციის” ბრალდებით დაკავებულ იქნა ბარის შვიდი მეპატრონე და მათ შორის, 26 წლის ჩედ გიბსონი, რომელიც დაკავების დროს მიღებული თავის უმწვავესი ტრავმის გამო ამჟამადაც ჰოსპიტალიზებულია.

მომხდარმა, რომლის გამოძიებაც მიმდინარეობს, ლგბტ ჯგუფის მხრიდან დიდი პროტესტი გამოიწვია და იმავე დღეს 100-მდე ადამიანმა დემონსტრაცია გამართა.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია