პრაიდი და ჩვენ, მჩაგვრელების როლში
08 07 2012

ავტორი: ეიდან როუ, ქვიარ ანარქისტი ბლოგერი და აქტივისტი

1969 წლის 28 ივნისს, დილით ადრე, სრულიად ჩვეული რამ მოხდა: ნიუ იორკის გრინვიჩ ვილიჯში მდებარე გეი ბარი, სახელად Stonewall Inn პოლიციამ დაარბია. ამ დროისათვის გეი ბარები არალეგალური იყო და მათ მაფია მართავდა, რაც ხშირად ხდიდა მათ პოლიციის მხრიდან ძალადობის სამიზნედ. უჩვეულო ამ დილით ის იყო, რომ ბარის მკვიდრებმა თავდამსხმელებს ხელი შეუბრუნეს. თავდაპირველად პოლიციას ბოთლებსა და ლუდის ქილებს ესროდნენ, შემდეგ ქვებსა და აგურებს, რასაც პოლიციამ ბარში ცეცხლმოკიდებული ნაგვის შეგდებითა და შემდეგ ხალხისთვის წყლის ჭავლის მიშვერით უპასუხა. ცამეტი ადამიანი დააკავეს, ოთხი პოლიციის ოფიცერი დაიჭრა და ბარის სულ ცოტა ორი სტუმარი პოლიციამ სასტიკად სცემა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ერთეული და სპონტანური პროტესტი ამოიფრქვა, რაც ორდღიან ამბოხებასაც მოიცავდა, რომლის განმავლობაშიც პოლიციას საგრძნობლად უჭირდა სიტუაციის გაკონტროლება.

პირველი პრაიდ მსვლელობა, ნიუ იორკში, ლოს ანჯელესსა და ჩიკაგოში 1970 წლის 28 ივნისს გაიმართა, სწორედ სტოუნუოლის ამბოხების აღსანიშნავად.

დღეს, პრაიდი უკიდურესად განსხვავებული რამაა: სამკვირიანი, კონსუმერისტული ზეიმი, რომელსაც კორპორატიული სპონსორებიც კი ჰყავს (Trades Union Congress–ისა და ისეთი კომპანიების ჩათვლით, როგორიცაა კოკა–კოლა). ეს სანახაობა იმის მანიშნებელია, რომ ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) მოძრაობა სულ უფრო და უფრო ასიმილირდება მეინსტრიმში, მაგრამ ჩვენივე რადიკალიზმისა და ტრანსფორმაციული პოტენციალის დაკარგვის ხარჯზე.

Pride London–მა უმასპინძლა ვახშამს, რომელზე დასწრებაც 250 ფუნტი სტერლინგი ღირდა და რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს აღიარების ჯილდო გადასცეს იმის გამო, რომ მან გლობალური სცენიდან ბანალურად კარგი რაღაცები ილაპარაკა ჩვენზე, მაშინ, როცა მისი ადმინისტრაცია აგრძელებს „შტატების უფლებების“ უკან მლიქვნელურად მალვას, რათა პასუხი არ მოეთხოვოს ლგბტ ამერიკელების სტატუსში რეალური პროგრესის არარსებობის გამო. ეს მეტნაკლებად იგივე დისკურსია, რომელსაც ამერიკა ისტორიულად იცნობს შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის დროიდან.

ამასობაში კი, ამერიკის ჯარები ავღანეთში ადამიანებს სიცოცხლეს უსპობენ (მათ შორის ლგბტ ავღანელებსაც), ხოლო რიგითი მანინგი (რომელსაც, როგორც წესი, გეის უწოდებენ, სინამდვილეში კი ტრანსი ქალია, რომელიც თავს ბრეანას უწოდებს) საკუთარი მთავრობის ციხეში ლპება ერაყში ამერიკელთა სისასტიკის დეტალების გახმაურების გამო.

ეს ფენომენი, სადაც ლგბტ ადამიანებისათვის საჭირბოროტო საკითხებს ერთად ეტანებიან რეაქციონერული ჯგუფები და ინსტიტუციები – დიდი ბიზნეს დაწესებულებები, პოლიტიკოსები, უკიდურესი მემარჯვენეები, მილიტარისტები და პოლიცია – იმისათვის, რომ საკუთარი დღის წესრიგი უფრო პროგრესულ შუქში გამოაჩინონ, ცნობილია, როგორც „pinkwashing”. ტერმინი მკერდის კიბოსთან ბრძოლის კამპანიიდან (Breast Cancer Action) მომდინარეობს, რომელმაც გამოიყენა ეს სიტყვა იმ კომპანიების გასაკიცხად, ვინც ამ აქციის აღმნიშვნელ ვარდისფერ ლენტს წმინდად პიარის მიზნით იყენებენ.

ხშირად, ამ პროცესის სამიზნედ მუსლიმები იქცევიან ხოლმე, რომლებსაც ყველა ჰომოფობ ფანატიკოსებად მიიჩნევს – ჩამორჩენილ ბარბაროსებად, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ლგბტ ადამიანების სტატუსისათვის, გასხივოსნებულ დასავლეთის სამყაროში. მათთვის ამ ყველაფრის დაბრალება მათზევე ზეწოლის გასამართლებლად გამოიყენება. უკიდურესმა მემარჯვენე ჯგუფებმა, როგორიცაა English Defence League წარმატებულად აითვისეს ეს ტაქტიკა იმისათვის, რომ მხარდაჭერა მოეპოვებინათ რასისტი პოლიტიკოსებისგან, მაშინ, როცა აპარტეიდული რეჟიმი ისრაელში აგრძელებს ლგბტ უფლებების სფეროში წარმატებების გამოყენებას პალესტინელების უწყვეტი ჩაგვრის გასამართლებლად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მაშინ, როცა Gay Liberation Front, რომელიც სტოუნუილის ამბოხების ალიდან აღმოცენდა, როგორც ორგანიზებული ქვიარ მილიტანტური მოძრაობა – აქტიურად ცდილობდა კავშირი დაემყარებინა ისეთ ჯგუფებთან, როგორიცაა შავი პანტერები, იმ გაგებით, რომ ჩვენი ემანსიპაცია განუყრელია სხვა ჩაგრული ჯგუფების თავისუფლებასთან, თანამედროვე ლგბტ მოძრაობა სულ უფრო მეტად აყენებს საკუთარ თავს მორიგი განსაკუთრებული ინტერეს ჯგუფის პოზიციაში, რომელიც მხოლოდ თავის კუთხისათვის იბრძვის. ჩვენ დავკარგეთ სოლიდარობის ჩვენებური გაგება.

დესმონდ ტუტუს სიტყვები რომ მოვიხმოთ, თუკი გულგრილები დავრჩებით სამართლიანობის მიმართ, იმის იმედით, რომ ეს ჩვენ საგრძნობ პროგრესამდე მიგვიყვანს ჩვენს საქმეში, ჩვენ მჩაგვრელის როლი აგვირჩევია.

წყარო:http://www.newstatesman.com/blogs/lifestyle/2012/07/pinkwashing-no-cause-pride



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან