ოჯახში ძალადობა ლგბტ წყვილებს შორის
16 03 2013

დაავადებათა კონტროლის ცენტრი იუწყება, რომ 18 წელს ზემოთ, ოთხიდან ერთი ქალი და შვიდიდან 1 კაცი განიცდის მძიმე ფიზიკურ ძალადობას თავისი ცხოვრების მანძილზე. თუმცა საუბარი, როგორც წესი იმის გარკვევის ირგვლივ წარიმართება კაცი ძალადობს ქალზე თუ არა, და როგორც კი ეს დადგინდება, ქალებს რჩევას აძლევენ როგორ გაექცნენ ასეთ ურთიერთობას. რა ხდება ამ დროს ლგბტ ადამიანების ურთიერთობებში? პარტნიორებს შორის ძალადობა სხვაგვარად ვლინდება ლგბტ მოსახლეობაში, ეს კი ერთგვარ დაბრკოლებას წარმოქმნის თემისათვის იმ სპეციფიკური სირთულეების წარმოჩენისას, რომელსაც ჩვენი თემი აწყდება. აი, რა უნდა გავითვალისწინოთ: ქამინაუთის მუქარა ქამინაუთის მუქარა ლგბტ ადამიანების კონტროლის იარაღად შეიძლება იყოს გამოყენებული. ადამიანს, რომელიც არ არის ღია საკუთარი სექსუალობისა და გენდერული იდენტობის შესახებ შეიძლება არა მხოლოდ ეშინოდეს სტიგმატიზებისა და გარიყვის ოჯახისა და საკუთარი სოციალური ჯგუფის მხრიდან, არამედ უნებლიე ქამინაუთის შემთხვევაში შეიძლება ბევრ სხვა სერიოზულ პრობლემას გადააწყდეს. ოცდაცხრა შტატში დამქირავებელმა ადამიანი შეიძლება გაათავისუფლოს სამსახურიდა იმიტომ, რომ ის გეია, ხოლო 34–ში ტრანსგენდერობის გამო. ლგბტ ახალგაზრდები ასევე უფრო ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე საცხოვრებლის გარეშე, ვიდრე მათი ჰეტეროსექსუალი თანატოლები. ამასთან ერთად ლგბტ უსახლკარო ახალგაზრდები უფრო ხშირად ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით (62%), ვიდრე ჰეტეროსექსუალები (29%). გენდერულ როლებზე დამყარებული შეურაცხყოფა გაითვალისწინეთ შეურაცხყოფის შემდეგი ფორმები: – არასაკმარისად გეი ხარ; – მეტისმეტად გეი ხარ; – მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ ბისექსუალი ხარ, რომ გინდა ბევრი პარტნიორი გყავდეს; – მეტისმეტად ბუჩი ხარ იმისათვის. რომ ნამდვილი ქალი იყო; – ნამდვილი ქალები ასე არ იცვამენ; ეს არის ზოგიერთი იმ შეურაცხყოფათაგანი, რომელსაც ჰეტეროსექსუალი ადამიანები უმეტესწილად არ აწყდებიან ხოლმე. იდენტობის მოპარვა ჰეტეროსექსუალი კაცისათვის რთული იქნებოდა საყვარელი ქალის მართვის მოწმობა ან პირადი ინფორმაცია გამოეყენებინა მისი იდენტობის მოპარვისთვის. თუმცა ეს შესაძლებელი ხდება, როცა საქმე ერთსქესიან ურთიერთობასთან გვაქვს. წარმოიდგინეთ: გეი კაცს აჩერებენ სიჩქარის გადაჭარბებისთვის და ის წარადგენს თავისი პარტნიორის მართვის მოწმობას და ჯარიმაც არასწორი ადამიანის სახელზეა გამოწერილი. მედიკამენტების შეკავება ან გაყიდვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს პარტნიორის კუთვნილი მედიკამენტები, თუმცა ლგბტ თემში ამას შეიძლება სერიოზულად უარყოფითი შედეგი ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. თუკი ადამიანი ტრანზიციის პროცესშია და ჰორმონულ თერაპიას გადის, და მას ხელი არ მიუწვდება შესაბამის მედიკამენტებზე, ეს არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ტრანზიციას ვერ გაივლის, არამედ იმასაც რომ ის დისკრიმინაციისა და შევიწროვების მზარდ დონეს წააწყდება. ბავშვები ადამიანი შეიძლება ზრდიდეს ბავშვებს ათი წლის მანძილზე, მაგრამ არ იყოს მათი ბიოლოგიური მშობელი. ბევრ შტატში ასეთი მშობელი ლეგალურად არ არის დაცული და ვერ განაცხადებს ბავშვზე უფლებას. მოძალადე შეიძლება დაემუქროს პარტნიორს ბავშვების წართმევით. თუკი არაბიოლოგიური მშობელი გაქცევას ცდის შვილებთან ერთად, მას შეიძლება მოტაცების ბრალი წაუყენონ. ამასთან ერთად ბევრი სოციალური მუშაკი და სასამართლო ჯერ კიდევ მტრულად არის განწყობილი ლგბტ ადამიანებისადმი. ძალადობის ამ ფორმებთან ერთად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ლგბტ ადამიანები უფრო რთულად მიუწვდებათ ხელი სერვისებზე, აი რამდენიმე მიზეზი: სკრინინგის ნაკლებობა ტრადიციულად, სერვისების მიმწოდებლებს თითქმის არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ ერთსქესიანი წყვილების შემთხვევაში მოძალადე და მსხვერპლი გაერჩიათ ერთმანეთისაგან. როდესაც ქალი რეკავს თავშესაფარსა ან პოლიციაში, ავტომატურად მიიჩნევა, რომ მასზე მამაკაცი ძალადობს. თუმცა ეს მოდელი ვერ ასახავს ერთსქესიან წყვილებს შორის ძალადობას. ყოფილა ერთსქესიან წყვილებს შორის ოჯახში ძალადობის შემთხვევები, როდესაც წყვილი დაუპატიმრებიათ, ერთ მანქანაში და შემდეგ ერთ საკანშიც კი ჩაუსვამთ, მხოლოდ იმისათვის, რომ მეორე დღეს ორივე გაეთავისუფლებინათ. რესურსების ნაკლებობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების უმეტესობა მხოლოდ ქალებზეა გათვლილი და ისიც ჰეტეროსექსუალურ მოდელზე გახლავთ აგებული (მხარდაჭერის ჯგუფებში ფასილიტატორები მამაკაცის პრივილეგიაზე საუბრობენ და იმაზე თუ რას ნიშნავს იყო ქალი ამ პრივილეგიასთან მიმართებაში და როგორ ავირიდოთ თავიდან მამრობითი სქესის პარტნიორებისგან ძალადობა მომავალში). ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ლგბტ ადამიანი არც კი ცდილობს დახმარებისათვის ვინმეს მიმართოს ან თავშესაფარი მოძებნოს. მცირერიცხოვანი თემი და ჩაკეტილი მეგობრები იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ თემი მცირერიცხოვანია, ძირითად მოსახლეობასთან შედარებით, მსხვერპლსა და მოძალადეს ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე საურთიერთობო წრე, რესურსები და მხარდაჭერის ჯგუფები აქვთ. მსხვერპლისათვის, იზოლაციის შეგრძნება ამ დროს შეიძლება განსაკუთრებით გამწვავდეს. ცნობიერების ნაკლებობა „ოჯახში ძალადობა ლგბტ თემშიც ხდება?“ ეს არის შეკითხვა, რომელსაც ხშირად გავიგებთ ხოლმე. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ლგბტ წყვილებში შეუძლებელია ერთი პარტნიორი მეორეზე ძალადობდეს. სამწუხაროდ ამ ცრურწმენის გამო გვაქვს დღესდღეობით შესაბამისი რესურსების (თუნდაც, საინფორმაციო მასალების და თავშესაფრების სახით) ნაკლებობა, და ვერ ვახერხებთ უფრო გავაფართოვოთ და ინკლუზიური გავხადოთ საუბარი პარტნიორებს შორის ძალადობაზე. წყარო: http://www.huffingtonpost.com/pierre-r-berastain/intimate-partner-abuse-in_b_2765797.html


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის