ILGA-Europe ხორვატიაში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით
30 11 2013
2013 წლის 1 დეკემბერს, ხორვატიის მოქალაქეები მონაწილეობას მიიღებენ რეფერენდუმში, სადაც ისინი გასცემენ პასუხს შეკითხვაზე, უნდა განისაზღვროს თუ არა ქორწინება კონსტიტუციაში, როგორც კავშირი ქალსა და კაცს შორის. ეს კამპანია წამოიწყო ინიციატივამ სახელწოდებით „ოჯახის სახელით“, რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების (ლგბტი) უფლებათა აღიარებისკენ არის მიმართული. ჯგუფმა მოახერხა რეფერენდუმის დანიშვნისთვის ხელმოწერების საჭირო რაოდენობის მოგროვება. დასანანია, რომ ხორვატიის მთავრობამ ჩათვალა, რომ უმცირესობის ჯგუფისათვის ადამიანის უფლებების შეზღუდვის საკითხი რეფერენდუმში უმრავლესობის გადაწყვეტილების საგნად უნდა ქცეულიყო. ILGA-Europe იმედგაცრუებას გამოთქვამს, რომ ხორვატია, ევროკავშირის ახალი წევრი, თანასწორობის, ღირსების და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის პრინციპებზე დამყარებულ ამ კავშირში შესვლას აღნიშნავს რეფერენდუმით, რომლის ერთადერთი მიზანიც არის ხორვატიის მოქალაქეთა ნაწილის უფლებების შეზღუდვა. ILGA-Europe მოუწოდებს ხორვატიის მოქალაქეებს, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას და პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, უარყოფითი პასუხი გასცენ რეფერენდუმზე დასმულ შეკითხვას. ჩვენ მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, გადაწყვეტილების მიმღებ პირს, და გავლენიან საჯარო პირებს ხორვატიაში, საჯაროდ აიმაღლონ ხმა და შეეწინააღმდეგონ ამ შემზღუდავ და დისკრიმინაციულ ცვლილებას კონსტიტუციაში. ქორწინების უფლება და ერთი სქესის პარტნიორებს შორის კავშირის ლეგალური აღიარება, არ არის არავისთვის საზიანო ან სახიფათო. პირიქით, ეს დისკრიმინაციისა და შევიწროვების აღმოფხვრისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. კვლევები ქვეყნებიდან, სადაც ერთი სქესის პარტნიორებს შორის კავშირები ოფიციალურად არის აღიარებული და დისკრიმინაციისაგან დამცავი მექანიზმები არსებობს, აჩვენებს, რომ ეს ადამიანები უფრო ბედნიერები არაინ, იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ამ სახის დისკრიმინაცია ჯერ კიდევ არსებობს. ევროპის 49 ქვეყნიდან უკვე 21 აღიარებს ლეგალურად ერთი სქესის პარტნიორებს შორის კავშირებს. დროა, ხორვატიამაც გადაწყვიტოს სურს თუ არა ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ყველა ადამიანს პატივს სცემენ და შექმნას საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის ბედნიერება მნიშვნელოვანია, თუ ურჩევნია ისეთი სახელმწიფო გახდეს, სადაც დისკრიმინაცია და უთანასწორობა ქვეყნის უმთავრეს კანონის ნაწილი იქნება. ბრიუსელი, 2013 წლის 28 ნოემბერი. წყარო


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან