ევროსაბჭო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუციას იღებს
24 04 2015
22 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო ყოვლისმომცველი რეზოლუცია, რომელიც ტრანს ადამიანთა უფლებებს ეხება. ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს პატივი სცენ და დაიცვან ტრანს ადამიანთა უფლება იცხოვრონ არა დისკრიმინაციულ გარემოში, ასევე, უზრუნველყონ, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარება იყოს თვით–დეტერმინაციაზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც იქნება სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ყველასათვის. საკმაოდ ემოციურ დებატებში, პარლამენტარებმა მოუწოდეს წევრ სახელმწიფოებს პრო–აქტიური ზომები მიიღონ ტრანს ადამიანთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდისთვის. რეზოლუცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს: • მიიღონ ტრანს ინკლუზიური ანტი–დისკრიმინაციული კანონი, კანონმდებლობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ და სხვა შესაბამისი ზომები, • დააწესონ სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის, რაც დაფუძნებული იქნება ადამიანის თვით–დეტერმინაციაზე, ისეთი მახასიათებლების საფუძველზე შეზღუდვების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად ასაკი, • გააუქმონ სტერილიზაციისა და სხვა სამედიცინო სახის მოთხოვნები, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი ან გაყრის აუცილებლობა გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესში, • უზრუნველჰყონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, როცა საქმე შეეხება ბავშვებს, • განიხილონ გენდერის მესამე ალტერნატივის დამატება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში • ხელმისაწვდომი გახადონ ტრანს–სპეციფიური ჯანდაცვის სერვისები და უზრუნველჰყონ, რომ ტრანს ადამიანები (მათ შორის ბავშვები) არ არიან ნახსენები როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ნაციონალურ თუ საერთაშორისო კლასიფიკაციებში, • იყვნენ პრო–აქტიურები ინფორმაციის გავრცელების, ცნობიერების ამაღლებისა და ტრენინგების (განსაკუთრებით, პროფესიულ ჯგუფებთან) ჩატარების კუთხით 2013 წლის შემდეგ თანასწორობისა და არადისკრიმინაციის კომიტეტმა ტრანს ადამიანების პერსპექტივები არაერთხელ მოისმინა. ტრანსგენდერ ევროპა აკვირდებოდა ამ პროცესს და მადლობელია, რომ საშუალება მიეცა კომიტეტის მუშაობაში მისი წვლილი შეეტანა. გუშინ, აქტივისტებმა უკრაინიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან და ირლანდიიდან, დელეგატებს იმ რეალობებზე მოახსენეს, რომლებშიც ტრანს ადამიანები ცხოვრობენ და დაჟინებით მოუწოდეს პარლამენტარებს მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის, რომელიც ტრანს ადამიანებისთვის საცხოვრებელი სიტუაციის გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. რეზოლუციის სამუშაო ვერსია და ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე. ტრანსგენდერ ევროპა ადამიანის უფლებათა დამცველი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ტრანს ადამიანების უფლებებისთის მუშაობს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე www.tgeu.org ტრანსგენდერი ან ტრანსი ქოლგა ტერმინია იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენდერული იდენტობა ან გამოხატვა განსხვავდება მათთვის დაბადებისას მიწერილ სქესს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შედგება 47 ევროპული ქვეყნის პარლამენტის დელეგატებისგან. წყარო


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი