მალტა ტრანს ადამიანების იდენტობებს კანონის ძალით აღიარებს
31 10 2014
სამოქალაქო უფლებების მინისტრმა გენდერული იდენტობის აქტი წარადგინა
გენდერული იდენტობის აქტი პარლამენტში სოციალური დიალოგისა და სამოქალაქო უფლებების მინისტრის, ჰელენა დალის მიერ იქნა წარდგენილი. მინისტრმა ერთთვიანი საჯარო კონსულტაციის პროცესიც წამოიწყო.
სხდომამდე გამართულ პრეს კონფერენციაზე დალიმ განაცხადა, რომ კანონი ტრანსგენდერ ადამიანებს მათი შესაძლებლობების სრული რეალიზების საშუალებას მისცემს ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი კარიერულ სფეროში.
„მე ბევრ ნიჭიერ ტრანსგენდერ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც იძულებულნი არიან უხილავი ცხოვრებით იცხოვრონ. მათ ყველას მსგავსად, ჩვეულებრივი ცხოვრების უფლება აქვთ“ - განაცხადა მინისტრმა.
დალიმ განმარტა, რომ კანონი ტრანსგენდერ ადამიანებს მათი დაბადების მოწმობების შეცვლის საშუალებას მისცემს, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისად შეიცვლება ყველა დანარჩენი საბუთი, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი საბუთები, პასპორტები, მართვის მოწმობები და განათლების დამადასტურებელი საბუთები.
ტრანსგენდერ ადამიანებს აღარ მოუწევთ სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ჩარევების გავლა მათი დაბადების მოწმობებში გენდერის შესაცვლელად. ნაცვლად, ისინი შესაბამის ორგანოში წარადგენენ განაცხადს, რომელიც დაადასტურებს რომ პირის გენდერული იდენტობა არ შეესაბამება მისთვის დაბადების მოწმობაში მიწერილ სქესს.
კანონპროექტი გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურას არეგულირებს ასევე არასწრულწლოვანთათვის და „პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს სამთავრობო ორგანოებს მათი სერვისები შესაბამისობაში მოიყვანონ აქტის მიზნებთან."
ამასთანავე, აქტი მშობლებს აძლევს უფლებას, გადადონ მათი შვილების დაბადების მოწმობებში გენდერული მარკერის მითითება.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, უკანონო იქნება სქესის მახასიათებლების სამედიცინო თვალსაზრისით არასაჭირო მკურნალობა ინფორმირებული თანხმობის გარეშე.
მინისტრმა განაცხადა, რომ „კანონი არ არის გარანტია კულტურაში არსებული დამოკიდებულებების შეცვლისა“ და მიუხედავად იმისა, რომ „კანონი არ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც უხილავები აღარ იქნებიან. ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორობაზე, იმაზე, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე უფლებები და შესაძლებლობები.“
წყარო
ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება