პრეზენტაცია თემაზე: ლბ ქალები სპორტში
07 04 2009

მარტის თვიდან, ახალი საინიციატივო პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) ახორციელებს, ქალთა კლუბში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი - კლუბის წევრები თავად ირჩევენ მათთვის საინტერესო თემებს და კლუბის დანარჩენი წევრებისათვის თავადვე ამზადებენ პრეზენტაციებს. 18 მარტს, "ფონდ ინკლუზივის" ოფისში პირველი ასეთი ქალთა კლუბი ჩატარდა. შეხვედრის თემა სპორტის სფეროში მოღვაწე ლბ ქალები იყო.

კლუბის წევრთათვის ლბ სპორტსმენ ქალთა აქტივობებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარდა, შეხვედრა ზოგადად სპორტული აქტიურობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც ემსახურებოდა. სპორტის იმ სფეროებში, რომელიც ტრადიციულად მასკულინურად ითვლება, ზოგადად ქალთა მიმართ უამრავი დისკრიმინაციული სტერეოტიპი არსებობს. ამ და სხვა სირთულეების გარდა, ლბ ქალებს დამატებით ქამინაუთთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვაც უწევთ.

მცირე ისტორიული მიმოხილვისა და სტერეოტიპების შესახებ მსჯელობის შემდეგ, მომხსენებელი სიტუაციური ჰომოსექსუალობის საკითხსაც შეეხო, რომელსაც თავისთავად, სექსუალური ორიენტაციისგან დამოუკიდებლად, არსებული ჰომოსოციუმისა და მასთან ერთად, ჯგუფის ერთიანობის დარღვევის "შიშიც" შესაძლოა განაპირობებდეს.

მარტინა ნავრატილოვას, ბილი ჯინ კინგის, ჯუდით არნდტის, ამელი მორესმოს (მომო) და პეკინში გამართულ 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილე ლბ სპორტსმენ ქალთა შესახებ დისკუსია უხვი და შთამბეჭდავი ფოტომასალის თანხლებით მიმდინარეობდა, რამაც მოხსენებასაც და დისკუსიასაც სახალისო ელფერი შესძინა.

"ჩვენი გუნდი ძალიან ლიბერალურია, არ გვადარდებს წითელი ხარ, მწვანე თუ უცხოპლანეტელი. ის ხარ, ვინც ხარ", - განაცხადა ამერიკული სოფთბოლის ნაკრების წევრმა ნატაშა უოთლიმ. "სასურველი იქნებოდა, ეს მიდგომა ყველა გუნდს ჰქონდეს ყველა ქვეყანაში".

ინტერაქტიულმა პრეზენტაცია-დისკუსიამ იმდენად გაახალისა კლუბის წევრები, რომ შეხვედრა მცირე მკლავჭიდში სპონტანური შეჯიბრის მოწყობით დასრულდა.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"