ქალთა კლუბის დისკუსია
24 04 2009

15 აპრილს “ფონდ ინკლუზივის” ოფისში ქალთა კლუბის ოთხშაბათის ტრადიციული შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. ღონისძიება “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ იყო ორგანიზებული.

დისკუსიის თემა იყო “ქალები ქრისტიანულ ტრადიციაში”.

ქალთა კლუბის ფასილიტატორმა („ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადგენელი) ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა ქალის როლსა და ადგილზე ქრისტიანულ ტრადიციაში. მან ყურადღება გაამახვილა ეკლესიის, როგორც სოციალური ინსტიტუტის როლზე ქრისტიანულ კულტურებში, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ქალის დაქვემდებარებული როლის განმტკიცებაზე და მნიშვნელოვნად გააძლიერა ქალთა დისკრიმინაცია.

ბიბლიიდან და მოციქულთა წერილებიდან მოყვანილი ციტატების გარდა, სრული სურათის შესაქმნელად, მომხსენებელი ნეტარი ავგუსტინესა და თომა აქვინელის შრომებსაც შეეხო, რომელთაც დიდი გავლენა მოახდინა დასავლური ქრისტიანული ტრადიციების ჩამოყალიბებაზე. ქალისადმი ხშირად არასერიოზული და აბსურდული შინაარსის მქონე სხვადასხვა ციტატები მსმენელთა შესაბამის ირონიულ რეაქციებსა და ემოციებს იწვევდა.

ასევე, ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტებში, განხილულ იქნა ეკლესიის რეპრესიული პოლიტიკა და ქორწინების ინსტიტუტი.

საქართველოზე საუბრისას მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთიან რეგიონებში შემორჩენილ წარმართულ ტრადიციებზეც, რომლებშიც კარგად იკვეთება განსხვავებული დამოკიდებულება ქალის სექსუალობისა და ქორწინების ინსტიტუტის მიმართ.

აუდიტორია დიდი ინტერესით უსმენდა მომხსენებელს. თემა საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა ქალთა კლუბის წევრებისთვის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, სამომავლოდ ეს თემა არამარტო კულტუროლოგიურ, არამედ რელიგიურ ჭრილშიც განიხილონ, სასაუბროდ კი თეოლოგიური განათლების მქონე პირი მოიწვიონ.

დისკუსიის შემდეგ ქალთა კლუბის წევრებმა ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში განაგრძეს.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი