პოლიციამ ჟურნალ “იდენტობა”-ს რედაქტორი დროებით დააკავა
13 12 2011

პრეს-რელიზი

2011 წლის 12 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე 45 წუთის განმავლობაში, საპატრულო და სამხედრო პოლიციის დაახლოებით ათმა თანამშრომელმა ჟურნალ “iD Mag” რედაქტორი, ჟურნალისტი თამარ ჩხეიძე დააკავა თამარ მეფის (ე.წ. “ჩელუსკინელების” ხიდზე, გზაჯვარედინთან, კამერით სანაპიროს კადრების გადაღების გამო.

ჟურნალისტი სანაპიროს და ხიდის კადრებს დოკუმენტური ფილმისთვის იღებდა. ფილმი სექს-მუშაკებზე ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მზადდებოდა. ფილმი ორგანიზაცია “იდენტობა”-ში, 17 დეკემბერს, სექს მუშაკებზე ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს უნდა ყოფილიყო ნაჩვენები. დოკუმენტური ფილმი სექს-მუშაკების ცხოვრებაზეა. გამომდინარე იქიდან, რომ სექს-მუშაკები ანონიმურად ჩაიწერა, კადრების გადასაფარად. ქალაქის ხედების გადაღება იყო გამიზნული.

გადაღების პროცესში თამარ ჩხეიძესთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა მივიდა. მან განაცხადა რომ პოლიციელია. ჟურნალისტმა საბუთის ჩვენება ითხოვა და დაინტერესების მოტივი გამოიკითხა. უცხო პირმა საბუთი მას შორიდან აჩვენა, რაც შეუძლებელს ხდიდა მისი სახელის და გვარის ამოკითხვას. მან თამარ ჩხეიძეს კამერის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ კამერა მის პირადი საკუთრებას წარმოადგენდა და უცხო პირს არ გადასცემდა. ამის შემდეგ თამარ ჩხეიძე გაეცალა პერიმეტრს .

რამდენიმე წუთში, უკვე გზაჯვარედინზე, მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი ადამიანი დაედევნა. დაწევის შემდეგ, მათაც კამერის გადაცემა და გადაღებული კადრების ჩვენება მოითხოვეს.

ერთ–ერთმა მათგანმა თამარ ჩხეიძეს წარუდგინა საბუთი, რომლის მიხედვითაც ეს პიროვნება, სახელად და გვარად არჩილ სამადაშვილი, სამხედრო პოლიციას წარმოადგენდა. სამადაშვილის თქმით, რადგან ჟურნალისტი თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიას იღებდა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, ამისთვის მას თამარ ჩხეიძის გადაღებული კადრების ნახვის უფლება ჰქონდა. თამარ ჩხეიძემ მას განუმარტა, რომ იღებდა ხიდს და არც ერთ კადრში საერთოდ არ ჩანდა თავდაცვის სამინისტრო. ასევე განუმარტა, რომ მისი ,როგორც მოქალაქის უფლებაა გადაიღოს ქალაქის ქუჩები და მისი უფლებაა გადაღებული მასალა არ წარუდგინოს პოლიციელს.

მას შემდეგ რაც სამხედრო პოლიციის თანამშრომელმა უარი მიიღო, განაცხადა, რომ ოქმს გამოწერდა, რომლის საფუძველზეც თამარ ჩხეიძეს დააკავებდნენ და “სამმართველოში” გადაიყვანდნენ ან გონივრული ეჭვის საფუძველზე იქვე დააკავებდნენ. დამუქრების მიუხედავად მან კამერა მაინც არ დათმო, რის შემდეგაც სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა პატრულის თანამშრომლები გამოიძახეს. მათ ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს. დაახლოებით 45 წუთის მანძილზე ქუჩაში და დაახლოებით 10–მდე პოლიციის თანამშრომლის გარემოცვაში ყავდათ დატყვევებული ის და ორგანიზაცია “იდენტობა”-ს კიდევ ერთი თანამშრომელი გვანცა ძერყორაშვილი.

პოლიციელების თქმით, ისინი თამარ ჩხეიძის სამმართველოში გადაყვანას და იქ მისი ვინაობის, ასევე მისი მოტივაციების დადგენას აპირებდნენ. პოლიციის და სამხედრო პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე მანქანით იყვნენ მოსულები. მათ შორისჟურნალისტმა ორი მანქანის ნომრის ჩაწერა მოხერხა:.IWI133 და BVB966 .

თამარ ჩხეიძემ მოახერხა ტელეფონით ნეტგაზეთს დაკავშირებოდა. პოლიციამ მას მხოლოდ მას შემდეგ მისცა უფლება ტერიტორია დაეტოვებინა, რაც ნეტგაზეთის ჟურნალისტები კამერებით მოვიდნენ. ჟურნალისტ თაზო კუპრეიშვილთან საუბარში ერთ–ერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში ისინი არკვევდნენ შეიძლებოდა თუ არა გადაღება. საუბარის დასასრულს მათ “გარკვიეს”, რომ გადაღება არ არის აკრძალული და “ამიტომ აძლევენ უფლებას ტერიტორია დატოვოს”. ნეტგაზეთმა ვიდეომასალა გადაიღო, სადაც ჩანს პოლიციელების სახეები და მათი ავტომობილები. რომ არა ნეტგაზეთის ჟურნალისტების ოპერატიულობა, თამარ ჩხეიძე ახლა უკანონოდ იქნებოდა დაკავებული.

“იდენტობა” შეშფოთებას გამოხატავს ამ ინციდენტის გამო. სამართალდამცავ ორგანოთა შესაბამის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ:

• განსაკუთრებული წინდახედულობა გამოიჩინონ, როდესაც საქმე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ჟურნალისტების საქმიანობას ეხება.

• ნუ დაუშვებენ მოქალაქეების გადაადგილების და ინფორმაციის მოპოვების თავისუფლების აღკვეთის მცდელობებას, “გონივრული ეჭვის” შესახებ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით მანიპულირებას და ამ ხერხით მოქალაქეთა დაშინებას.

• იმედს ვიტოვებთ, ეს ინციდენტი იზოლირებულ ხასიათს ატარებს და მომავალში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აღარ ექნება, კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობას.

წყარო: http://www.idmag.info/3353


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"