ქალთა მოძრაობა: საპარლამენტო ტრიბუნიდან სექსიზმი უნდა აღიკვეთოს
03 02 2016
ქალთა მოძრაობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და პარლამენტის წევრებს განცხადებით მიმართავს და დეპუტატების: ზვიად კვაჭანტირაძის, გიორგი ვოლსკის, ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიასა და ლევან ბერძენიშვილის საპარლამენტო თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
შესაბამისი განცხადება ქალთა მოძრაობის წევრებმა, იდა ბახტურიძემ და ბაია პატარაიამ მოძრაობის სახელით პარლამენტში დღეს, 2 თებერვალს შეიტანეს.
როგორც განცხადებაში წერია, პარლამენტის ტრიბუნას დეპუტატები ქალებზე თავდასხმისთვის იყენებენ, ნაცვლად იმისა, რომ სექსიზმისა და მიზოგინიის ნებისმიერი გამოვლინების აღკვეთაზე იმუშაონ.
"საქართველოს ქალთა მოძრაობა აღიარებს პოლიტიკური დებატების თავისუფლებას და მის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიისთვის, მაგრამ უკიდურესად შეშფოთებულია სექსისტური და მიზოგინიური ენით, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნებიდან მუდმივად ისმის. საქართველოს პარლამენტი, რომელმაც გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საბჭოს და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით, პირველ რიგში უნდა იბრძოლოს ქალთა და მამაკაცთა უფლებრივი გათანაბრებისთვის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის გაზრდისათვის, აგრეთვე ქალთა დისკრიმინაციის, ჩაგვრისა და მათზე ძალადობის წინააღმდეგ, არ უნდა გადაიქცეს ადგილად, სადაც ქალების წინააღმდეგ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების და ცრურწმენების გამყარება მოხდება.
საქართველოს პარლამენტმა აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება იმ განცხადებაზე, რომელიც 2015 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საპარლამენტო სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.
მან საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ქალბატონ მარიამ საჯაიას მიმართა სიტყვებით: „რა უნარ-ჩვევები დაგიგროვდათ ასეთი თქვენს ასაკში და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, თუ არა თქვენი განსაკუთრებული მეგობრობა და დედათქვენის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან რომ დღეს ამ დარბაზში ზიხართ?!”
ამ განცხადებას წინ უსწრებდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბატონი გიორგი ვოლსკის გამოსვლა, რომელშიც მან ქალბატონ მარიამ საჯაიას მიმართა სიტყვებით: „მე ასე მგონია, დეპუტატმა საჯაიამ გადააჭარბა ყველას და ყველაფერს. ცოტა უზრდელურია. ჩემი შვილის ტოლი ბრძანდებით. რა საკვირველია პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ როდესაც მისმენს ჩემი შვილი, თუნდაც თქვენს საწინააღმდეგოდ განწყობილი ან შეიძლება ჩემ საწინააღმდეგოდ კრიტიკა აქვს, არ შეიძლება იმის განცდა ქონდეს, რომ ასეთი კარგი შესახედავი მანდილოსანი, ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკაში მონაწილეობს და არის უზრდელი. ელემენტარულად ეს არის ძალიან ცუდი."
საყურადღებოა, რომ აღნიშნულ სხდომაზე მარიამ საჯაიას გარდა საპარლამენტო უმცირესობის სხვა წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა უმრავლესობის ლიდერების გამოსვლაში პიროვნული თავდასხმის ობიექტად შერჩეული იყო მხოლოდ მარიამ საჯაია და თავდასხმის შინაარსიც სექსიზმის, მიზოგინიისა და ეიჯიზმის თვალნათელი გამოვლინება იყო.
ქალთა მოძრაობას ღრმად სწამს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის და მათ შორის, დროებითი სპეციალური ზომის, გენდერული კვოტის შემოღების შესახებ მსჯელობა არა მხოლოდ აბსურდულია იმ პარლამენტში, სადაც ქალ დეპუტატებს ასეთი თავდასხმების ატანა უწევთ, არამედ, სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს პარლამენტის რეპუტაციას. ამიტომაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტთან არსებულმა გენდერულმა საბჭომ ყოველთვის საჯაროდ უნდა დაგმოს ყველა ასეთი შემთხვევა.
[caption id="attachment_5591" align="alignleft" width="300"]
ფოტო: ქალთა მოძრაობა (2015)[/caption]
სამწუხაროდ, 2015 წლის 29 დეკემბრის განცხადებები არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტარი კაცების მხრიდან სექსისტურად შეურაცხმყოფელი თავდასხმის ობიექტები პარლამენტარი ქალები და განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები გამხდარან.
საკმარისია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმდომარის პირველი მოადგილის ნუკრი ქანთარიას 2012 წლის 7 დეკემბერის საპარლამენტო გამოსვლის გახსენება, სადაც მან ოპონენტი ახალგაზრდა დეპუტატი ქალები ამგვარად მოიხსენია: „ორი გოგონაა აქ, ძალიან მწყდება გული, რომ ისინი ჯერ თქვენთან არიან. ორი ჯერჯერობით ნათელი თვალების მქონე. იქნებ, „პოლიტიკურ სუტინიორობას“ მოეშვათ და ეს გოგონებიც გაათავისუფლოთ.” სექსისტური იყო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის განცხადებაც, რომელიც მან 2016 წლის 20 იანვარს, პარლამენტში ახალგაზრდა სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებთან შეხვედრისას გააკეთა. ბერძენიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ პრობლემად “ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალი” დაასახელა, უკუღმართობა უწოდა, ქალის კარიერაზე და არა ოჯახის შექმნაზე ფიქრს: „საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს მე ვერ გიკარნახებთ. გასაგებია, რომ მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ, თუმცა ქართველი კაცები ამ საქმის მოსაგვარებლად მზად იყვნენ - გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცვლება. საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა. იგი ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება - გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას“
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ქალთა მოძრაობისთვის საპარლამენტო დებატების თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს და იგი პატივს სცემს იმ ამომრჩეველთა ნებას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის წევრთა ამ შემადგენლობას. თუმცა, ჩვენთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრები, რომლებიც სექსისტურ და მიზოგინიურ ენას იყენებენ, საპარლამენტო თანამდებობებსაც იკავებენ და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.
შესაბამისად, ვითხოვთ:
- ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი ვოლსკი, ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია და ლევან ბერძენიშვილი გათავისუფლდნენ საპარლამენტო თანამდებობიდან.
- პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის ბიურომ მიიღონ საპარლამენტო რეზოლუცია/განცხადება პარლამენტარების მიერ სიძულვილის ენის, მათ შორის სექსისტური გამონათქვამების, გამოყენებაზე", - ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.
ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი