ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას ემიჯნებიან
09 02 2016

ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში  მოქალაქე გიორგი  ტატიშვილის მიერ სარჩელის შეტანას ემიჯნებიან .

არასამთავრობო ორგანიზაციები: "ვიზგი - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", "ლგბტ საქართველო", "იდენტობა" და "თემიდა" საზოგადოებას მოუწოდებენ,  არ დაიჯეროს თითქოს ეს ინიციატივა ლგბტ პირებისგან მოდიოდეს და არ მოახდინოს გიორგი ტატიშვილის პიროვნების ლგბტ ჯგუფთან იდენტიფიცირება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში გამოთქმულია ეჭვი, რომ ტატიშვილის მიერ შეტანილი სარჩელის უკან ის პრო-რუსული პოლიტიკური თუ რელიგიური ძალები დგანან, რომლებიც ანტი-ლგბტ რიტორიკით გამოირჩევიან.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მედიას მიმართავენ და ითხოვენ, შეწყდეს გიორგი ტატიშვილის იდენტიფიცირება, როგორც ლგბტ უფლებადამცველის, რადგან მას არასოდეს განუხორციელებია უფლებადაცვითი საქმიანობა ლგბტ თემთან მიმართებაში: 

"2016 წლის 27 იანვარს, ელექტრონული საინფორმაციო ვებ-გვერდის ambebi.ge-ის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს. როგორც თვითონ გიორგი ტატიშვილი აცხადებს ინტერვიუში,

"სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება მოხდეს კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა, რაც დააზუსტებს კანონთან კონსტიტუციის შესაბამისობას. ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით”.

ამ საკითხის სენსიტიურობიდან და ლგბტ თემისთვის მოსალოდნელი ზიანის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გვსურს, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ლგბტ ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო პოზიცია:

  1. საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანები განიცდიან დევნას და ჩაგვრას ცხოვრების ყველა სფეროში. მრავალი მათგანი (მათ შორის არასრულწლოვანი პირი) რჩება ქუჩაში, რადგან მათ საკუთარი მშობლები ან ახლობლები აგდებენ სახლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებისთვის ხშირია უარი დასაქმებაზე, მათ უჭირთ საკუთარი თავის გადასარჩენად ადეკვატური შემოსავლების უზრუნველყოფა. ლგბტ პირები ასევე განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ვერბალურ ძალადობას და დევნას საჯარო სივრცეებში: ისინი ხშრად ხდებიან ცემის, მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაცინვის და გარიყვის მსხვერპლნი. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას.
  2. სწორედ ზემოთ მოცემული ძალადობრივი გარემოს გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში უწევთ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა. ლგბტ პირები, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, უმეტეს შემთხვევაში, ცდილობენ მათი იდენტობა და ურთიერთობები არ გახდეს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ეს შეიცავს ძალადობის დამატებით რისკს. სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა ნიშნავს საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და იდენტობის გამჟღავნებას. იქიდან გამომდინარე, რომ  ლგბტ პირებს უწევთ მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი ძალადობა, დევნა და შევიწროება, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გახდებოდა გამოუყენებადი შესაძლებლობა.
  3. გიორგი ტატიშვილს არ ჰქონია ლგბტ თემთან ზემოთხსენებულ ინიციატივაზე დისკუსია და იგი მოქმედებს არა ლგბტ ადამიანების, არამედ საკუთარი სახელით. შესაბამისად, ეს ინიციატივა ლგბტ ადამიანების ინიციატივად ვერ ჩაითვლება; იგი კონკრეტულად გიორგი ტატიშვილის ინიციატივას წარმოადგენს. მისთვის ასევე ცნობილია, რომ სამწუხაროდ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიური განწყობების გამო ამ საკითხის წინ წამოწევას მკვეთრად ნეგატიური უკუკავშირი მოჰყვება და ქორწინების განმარტების ცვლილების ალბათობა თითქმის არ არსებობს.
 

ჩვენ, ლგბტ ადამიანებთან უშუალოდ მომუშავე ორგანიზაციები, ვემიჯნებით როგორც გიორგი ტატიშვილს, ასევე მის ამ ინიციატივას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვსურს გამოვთქვათ ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი, რომ გიორგი ტატიშვილის ეს ინიციატივა პროვოკაციულია და ლგბტ ადამიანების უფლებების არა დაცვისკენ, არამედ მათი დაზარალებისკენ არის მიმართული. ამ პიროვნების არაერთი მავნებლური და პროვოკაციული განცხადების თუ ქმედების, და ასევე ამ ინიციატივის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს კონკრეტულ ძალებთან, რომლებსაც ლგბტ ადამიანების საკითხები უნდათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპეკულაციის, დაპირისპირების და დაძაბულობის ინსტრუმენტად გამოიყენონ. ვვარაუდობთ, რომ ტატიშვილის მიერ შეტანილი სარჩელის უკან დგანან პრო-რუსული პოლიტიკური თუ რელიგიური ძალები, რომლებიც ანტი-ლგბტ რიტორიკით გამოირჩევიან და სურთ საზოგადოებაში გააჩინონ და/ან გაამძაფრონ საფრთხის განცდა ლგბტ ადამიანების მიმართ.

ზემოთ გამოთქმულ ეჭვს ამყარებს გუშინ, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება. აღნიშნული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ შსს-ს გიორგი ტატიშვილის დაცვისაკენ მოუწოდა. მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიაქროს არასოდეს გაუკეთებია მსგავსი განცხადება არც ერთ ლგბტ ადამიანზე და ხშირად პირიქით, მათზე ძალადობის განხორციელების მოტივატორიც იყო, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ საპატრიაქრო დგას ამ პიროვნების და მისი ინიციატივის უკან. ჩვენი ეჭვით, სწორედ საპატრიარქოს აწყობს საზოგადოებაში ხელოვნურად მტრის ხატის და შიშის განცდის შექმნა, რათა შეშინინებული ხალხით გააგრძელოს მანიპულირება, მოევლინოს ამ ხალხს მათ დამცველად და გამაერთიანელბად და შეინარჩუნოს/გაიზარდოს ძალაუფლება. სწორედ ასეთი, შიშზე თამაშის მეთოდებით, საპატრიაქრო ინარჩუნებს მის ავტორიტეტს, ძალუფლებას და სოლიდურ თანხობრივ შემოსავალს.

შესაბამისად, საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ დაიჯეროს თითქოს ეს ინიციატივა ლგბტ პირებისგან მოდის და არ მოახდინოს გიორგი ტატიშვილის პიროვნების ლგბტ ჯგუფთან იდენტიფიცირება.

ასევე, მივმართავთ მედიას და მოვუწოდებთ, შეწყვიტონ გიორგი ტატიშვილის იდენტიფიცირება, როგორც ლგბტ უფლებადამცველის, რადგან მას არასოდეს განუხორციელებია უფლებადაცვითი საქმიანობა ლგბტ თემთან მიმართებაში.

ლგბტ საქართველო WISG - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი იდენტობა ლგბტქი ასოციაცია - თემიდა  


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი