NGO-ები: კონსტიტუციაში ოჯახი ქალის და კაცის ერთობად არ უნდა განისაზღვროს
17 02 2016

არასამთავრობო ორგანიზაციები: "ვიზგი", EMC, "იდენტობა", "ლგბტ საქართველო", და "თემიდა" ეხმაურებიან ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას და მოუწოდებენ პარლამენტს, რომ მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს.

განცხადების ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა წარმოადგენს პოპულისტურ სვლას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ინსტიტუციისა და უმრავლესობის ლოიალობის მოპოვებისკენ არის მიმართული და ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებს  აღრმავებს.

როგორც გაცხადებაში ვკითხულობთ:

"მიმდინარე წლის 9 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 8 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია მოძრაობა „ეროვნულების" წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის მხრიდან, რომ ისინიც პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტის შეტანას გეგმავენ. მისი თქმით, შესწორების არსი ის არის, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ  „იგი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაიწეროს.“[1]

ამასთან, პარლამენტის ბიურომ, 2016 წლის 15 თებერვალს, მსვლელობა მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებების“ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კონსტიტუციაში ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ეხება[2].

აღნიშნულთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ თემისა და ორგანიზაციების მიერ ქორწინების თანასწორობის საკითხი საქართველოს სამართლებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს ყოფილა დაყენებული. სახელმწიფოში არსებული ინსტიტუციონალური ჰომოფობიის პირობებში, ლგბტ პირები განდევნილნი არიან საჯარო სივრცეებიდან და ხდებიან დისკრიმინაციისა და სისტემური ძალადობის მსხვერპლნი, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული ძირეული უფლებებით. აღნიშნული ძალადობრივი სისტემის ლეგიტიმაციას კი ხელს უწყობს ლგბტ პირთა მიმართ არსებული სახელმწიფოს იგნორირების პოლიტიკა და არაეფექტრი ბრძოლა ჰომო/ტრანსფობიური დანაშაულებისა და უფლებათა დარღვევის პრატქიკების მიმართ. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას.

აღნიშნულზე მიუთითებს ლგბტ ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წლის 8 თებერვალს გავრცელებული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ძალადობრივი გარემოს გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში უწევთ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა [...], სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა ნიშნავს საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და იდენტობის გამჟღავნებას. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს უწევთ მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი ძალადობა, დევნა და შევიწროება, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გახდებოდა გამოუყენებადი შესაძლებლობა.“[3]

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ლგბტ პირების სახით მტრის ხატის შექმნის მცდელობითა და ქორწინების ინსტიტუტის მიმართ ხელოვნური საფრთხეების წარმოჩინებით ანტიგენდერული პოლიტიკურ და სოციალურ ჯგუფებს მუდმივად დღის წესრიგში შემოაქვთ აღნიშნული საკითხები, რომელიც არსებითად შორს დგას სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან.

ზემოაღნიშნულთან მიმართებით, ხაზგასასმელია, რომ თანასწორი ქორწინების მიმართ კონსესუსი მსოფლიოს ქვეყნებში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, თუმცა ევროპის სახელმწიფოებს შორის სულ უფრო მზარდია ქორწინების თანასწორობისა და პარტნიორული ურთიერთობების სამართლებრივად აღჭურვის  ტენდენცია. ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას აღიარებს ევროპის 27 სახელმწიფო (რომელთა  უმრავლესობას შეადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები). ხოლო, ევროპის 49 სახელმწიფოთაგან ქორწინების თანასწორობაზე კონსტიტუციური ლიმიტაცია დადგენილი აქვს ევროპის მხოლოდ 14 სახელმწიფოს[4], მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას.

ბოლო წლების განმავლობაში ამგვარი შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა ლატვიაში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ხორვატიაში, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA Europe-ის შეფასებით, პროვოცირებული იყო რელიგიური ექტრემისტებისა და ულტრა-კონსტერვატიული პარტიების მიერ, რომლებიც არ ერიდებიან მათი ვიწრო ჰომოფობიური დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენონ იმგვარი დემოკრატიული ინსტრუმენტები, როგორიც არის საკონსტიტუციო შესწორება და რეფერენდუმი[5].

აღნიშნულთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფოებს არ აქვთ ვალდებულება ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების თანასწორობა უზრუნველყონ, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი მოუწოდებს სახლემწიფოებს სამართლებრივად აღიარონ ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა ურთიერთობები[6]. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ურთიერთობების ოფიციალური აღიარების არ არსებობა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის აღუსრულებლობა სახელმწიფოში ხელს უწყობს ლგბტ წყვილების მარგინალიზაციას, მათ შორის, არასათანადო და განსხვავებულ მოპყრობას კერძო პირების, ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებისა და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან[7].

ამ მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე იზიარებს გაეროს მიდგომას და ერთი და იგივე სქესის წყვილების პარტნიორული ცხოვრების სამართლებრივ არ აღიარებას ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევად განიხილავს. საქმეზე Schalk and Kopf v. Austria ევროპული სასამართლო ცალსახად უთითებს, რომ ერთი და იგივე სქესის წყვილებს ისევე შეუძლიათ სტაბილურ ურთიერთობაში შევიდნენ, როგორც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. შესაბამისად, ისინი არიან არსებითად მსგავს სიტუაციაში საწინააღდმეგო სქესის მქონე წყვილებთან მიმართებით, რაც გულისხმობს მათ საჭიროებას მათი ურთიერთობები სამართლებრივად იქნას აღიარებული და დაცული“. აღნიშნული შეფასების კიდევ ერთ დემონსტრაციას წარმოადგენს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Vallianatos and Others v. Greece საქმეზე, სადაც სასამართლო ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულია სახელმწიფოებში ლგბტი პირებისათვის „რეგისტრირებული პარტნიორობის“ არარსებობის მიმართ. არსებითად საინტერესოა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი უახლესი გადაწყვეტილება საქმეზე Oliari and others v. Italy, სადაც სახელმწიფოში ერთი სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღმჭურველი მექანიზმის არარსებობის გამო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა. შესაბამისად, ქორწინების აღიარების საკითხის მიღმა, საქართველოს ხელისუფლებას ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების (მათ შორის, მემკვიდრეობითი, ქონებრივი, სხვა პირადი და არქონებრივი ურთიერთობები) მოწესრიგებისა და მათ მიმართ თანაბარი სამართლებრივი რეჟიმის გამოყენების ვალდებულება ეკისრება.

როგორც აღინიშნა, ქორწინების უფლების გავრცელება ერთი და იმავე სქესის ადამიანებთან მიმართებით სახელმწიფოს შიდა პრეროგატივას წარმოადგენს და კონკრეტული საზოგადოებაშო ლგბტ პირებთან მიმართებით სოციალური დამოკიდებულებების ცვლილებასა და ლგბტ თემის ემანსიპაციას უკავშირდება. აღნიშნულს ადასტურებს ლგბტ ორგანიზაციების ზემოაღნიშნული განცხადებაც, რომელიც ხილული დასტურია იმისა, რომ ლგბტ პირთა დღის წესრიგში ქორწინების საკითხი დღეს პრიორიტეტული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა არ ემსახურება დემოკრატიულ ღირებულებების  დამკვიდრებას ქვეყანაში და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი უფროა. საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნებებთან დაკავშირებული ინიციატივები, როგორც ჩანს, წარმოადგენს პოლიტიკური ჯგუფების მთავარ სტრატეგიას მიმდინარე საარჩევნო წელს.  დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და პოლიტიკური აზროვნების მქონე პოლიტიკური ჯგუფები, იმის ნაცვლად, რომ შექმნან ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა და სხვადასხვა ჯგუფების ემანსიპაციის ხელშემწყობი პროექტები, ცდილობენ შექმნან ხელოვნური დღის წესრიგები და იდეოლოგიური და ირაციონალური ზემოქმედების ინსტრუმენტებით მოიპოვენ მხარდაჭერა.      მსგავსი საკითხებით მანიპულირება კი ცხადია, იწვევს დისკრიმინაციული პრაქტიკების გაძლიერებას და ლგბტ თემის განგრძობით და სისტემურ მარგინალიზაციას.

ამასთან, იმგვარ პირობებში, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღჭურვის შესაძლებლობებს, მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებს, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის არაშეზღუდული დეფინიციის გაუქმებასა და დავიწროებას ისახავს მიზნად,  უნდა შეფასდეს, როგორც კონსტიტუციური სტანდარტებისა და ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების მცდელობა.  ცალსახაა, რომ აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამეთ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ.  მაშინ როდესაც ევროპული სახელმწიფოები წინ მიიწევენ ლგბტ ოჯახების სამართლებრივი აღიარებისა და სოციალური მიმღებლობის განვითარებით კუთხით, საქართველოს მხრიდან აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ემსახურება დამატებითი შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკრიმინაციის გამყარებას ლგბტ პირთა მიმართ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ:

  • მოახდინონ ლგბტ თემატიკის დეპოლიტიზაცია და არ გამოიყენოს აღნიშნული საკითხები პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით;
  • შეაჩეროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილს შეეხება;
  • გაატაროს ყველა პრევენციული ღონისიება, რომ არ გააძლიეროს საზოგადოებაში ფობიური დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ტოლერანტული გარემოს შექმნას;
  • შეწყვიტოს ლგბტ პირთა უფლებებით მანიპულირება და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს;
  • დაიწყოს დისკუსია და მუშაობა გენდერულად ნეიტრალური ქორწინების/პარტნიორული ურთიერთობების სტანდარტების დანერგვაზე ქვეყნის კანონდმებლობაში, რომელშიც ჩართული იქნებიან ლგბტ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები."

[1] იხ: http://www.interpressnews.ge/ge/politika/275786-irakli-gharibashvili-ojakhis-definiciaze-chemi-iniciativa-arc-privilegias-anitcebs-vinmes-da-arc-raimes-uflebas-arthmevs.html?ar=A

[2][2] იხ: http://liberali.ge/news/view/20856/qortsinebis-shesakheb-sakonstitutsio-tsvlilebis-tsinadadebas-biurom-msvleloba-mistsa

[3] იხ: www.women.ge

[4] იხ: http://www.rainbow-europe.org/#0/8682/0

[5] იხ: http://www.ilga-europe.org/resources/news/latest-news/slovakia-must-reject-homophobic-proposal-redefine-marriage-constitution

[6] E/C.12/BGR/CO/4-5, para. 17; E/C.12/SVK/CO/2, para. 10

[7] A/HRC/29/23, para. 68



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია