"ვისგი" წარმოგიდგენთ ფემინისტურ კინოფესტივალს აქცენტით რეალობაზე
02 03 2016

"ვისგი" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" 7-დან 11 მარტის ჩათვლით, ფონდ „კვინა ტილ კვინას“ მხარდაჭერით წარმოადგენს ფემინისტური ფილმების ფესტივალს „როზადან სიმონამდე“. ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ ამირანში საღამოს 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება კინოდოკუმენტალისტ ლია ჯაყელის ფილმები.

ფილმებში, რომლებსაც მაყურებელი ფესტივალზე იხილავს - "ვაჩნაძის ქუჩა", "2014", "უჩინარნი", „სადა ხარ, ჩემო სულიკო“, „კოდექსები და ლექსები“  - უხილავობა, ნაადრევი ქორწინება, დაუსრულებელი ფემიციდი და ქალების თვიმკვლელობამდე მიყვანა, ჰომოფობია და ტრანსფობია, საჯარო სივრციდან გარიყვა, ქალის შემოქმედების უარყოფა და ეთნიკური უმცირესობების ცხოვრებაა ასახული.

წელს კინოფესტივალი "როზადან სიმონამდე" საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების ყოფით რეალობას დაეთმობა. ლია ჯაყელის დოკუმენტური ფილმები, ესაა იმ რეალობისთვის თვალის გასწორება, რომელშიც სხვადასხვა ჯგუფის ქალები: ლესბოსელები, ტრანსგენდერები, ეთნიკური უმცირესობები, სოფლად მცხოვრები და სხვა ჯგუფის წარმომადგენელი ქალები ცხოვრობენ; ეს არის რეალობა, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ; რომელსაც ხშირად მიზანმიმართულად მალავენ და რომელიც ფატალური შედეგებით იქცევს ხოლმე ფართო საზოგადოების ყურადღებას.

ყოველი სეანსენის დასრულების შემდეგ თითოეული ამ თემის გარშემო გაიმართება დისკუსია, კინოდოკუმენტალისტ ლია ჯაყელის, ფესტივალის სტუმრების, ფემინისტური მოძრაობის წევრებისა და მაყურებლის მონაწილეობით.

ფესტივალს "როზადან სიმონამდე" ვისგი - "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" მეორედ მართავს. 2013 წელს ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში გადაღებული ფემინისტური ფილმები იხილა.