სასამართლოში მასწავლებლის მიერ 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის 3 საქმე იხილება
24 03 2016

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, დასჯადია სქესობრივი კავშირი, გეი ან ლესბოსური, ან სხვა სახის სექსუალური კონტაქტის დამყარება 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.

საქართველოს მთავრმა პროკურატურამ 2015 წლის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გამოძიებადაწყებული 189 სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა.

როგორც პროკურატურის ანგარიშში ვკითხულობთ, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება შემთხვევათა დიდ ნაწილში ოჯახურ კავშირში მოხდა.

შესწავლილი საქმეების დიდ ნაწილში პოტენციურ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არის ოჯახური კავშირი, კერძოდ: 140 ფაქტის დროს დაზარალებულია ცოლი, ხოლო ბრალდებული - ქმარი.  საქმეთა შესწავლამ აჩვენა, რომ გამოძიების დაწყების დროისათვის აღნიშნული 140 ფაქტიდან ერთობლივი თანაცხოვრების შედეგად შვილი/შვილები უკვე ჰყავდა 124 წყვილს.

მხოლოდ 23 ფაქტია მომხდარი არა ცოლ-ქმარს შორის, ოჯახის შექმნის მიზნის გარეშე. კერძოდ: ნაცნობები - 7 ფაქტი; მეგობრები - 5 ფაქტი; დაზარალებული მოსწავლე და ბრალდებული მასწავლებელი - 3 ფაქტი ; შეყვარებულები - 4 ფაქტი; უცნობები - 2 ფაქტი; მეზობლები - 1 ფაქტი; დაზარალებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელი და ბრალდებული აღმზრდელი - 1 ფაქტი .

პროკურატურის ცნობით, ამ უკანასკნელი 23 ფაქტის შესახებ შეტყობინების ავტორი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა დაზარალებული. უმეტეს შემთხვევებში შეტყობინების ავტორები არიან ოჯახის წევრები.

პროკურატურის ცნობითვე, მასწავლებლის მიერ 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კონტაქტის სამი ფაქტი სასამართლოში განიხილება.

შესწავლილ ფაქტებზე 160 პოტენციური ბრალდებული პირი იყო მამრობითი სქესის, ხოლო მხოლოდ 1 პოტენციური ბრალდებული პირი იყო მდედრობითი სქესის (ლესბოსელობის შემთხვევა).

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესწავლილი ფაქტების ყველაზე დიდი ნაწილი ჩადენილია 18-დან 25 წლამდე პირთა მიერ. ბრალდებულთა ასაკობრივი კატეგორიები შემდეგია: 18 წლამდე პირი - 2 შემთხვევაში, რომლებიც არ არიან შესაბამისად დანაშაულის სუბიექტები; 18-დან 25 წლამდე - 111 პირი; 25-დან 35 წლამდე - 42 პირი; 35-დან 45 წლამდე - 1 პირი; 45-დან 55 წლამდე - არცერთი და 55 წლიდან ზემოთ - 3 პირი.