უვადო პატიმრობა - პარლამენტი ფემიციდის შესახებ კანონპროექტს განიხილავს
06 06 2016
[caption id="attachment_5873" align="alignleft" width="300"] ფოტო: "პარტიზანი გოგოები"[/caption]

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს, დეპუტატების, თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ ფემიციდის შესახებ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, ქალის გენდერული ნიშნით მოტივირებული, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ისჯება 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე ქმედება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გულისხმობენ ფემიციდის ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებას და მის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოქცევას. ცვლილებები, ასევე მოიცავენ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას, მათ შორის, ისეთ დანაშაულებთან მიმართებაში, როგორებიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება, მუქარა.

ინიციატივა ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში  ცვლილების შეტანას; 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლს დაემატება 1081- ე მუხლი, რომელსაც შემდეგი შინაარსი ექნება:

  1. ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ: ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.
  2. იგივე ქმედება ჩადენილი: ა) ორსული ქალის მიმართ; ბ) არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; გ) ჯგუფურად, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
  3. იგივე ქმედება ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) განსაკუთრებული სისასტიკით; გ) შეკვეთით; - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“
ფემიციდის კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებშიც. კერძოდ, დანაშაულის ჩადენა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით დამამძიმებელ გარემობად იქნება აღიარებული  117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება),  120-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება),  125-ე (ცემა),  126-ე (ძალადობა),  150-ე (იძულება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით. ამ მუხლების მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

კანონპროექტის მიღების მიზეზია ფემიციდის - გენდერული ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობების გახშირება. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 26 სისხლის სამართალის საქმეზე დაიწყო. ასევე, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების ორ შემთხვევას გარდაცვალება მოჰყვა. მეუღლეთა თუ პარტნიორთა მხრიდან ქალთა მკვლელობის თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმე იყო ვითარება 2014 წელს, როდესაც წლის განმავლობაში 33 ქალი იქნა მოკლული. გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საერთო რიცხვმა ორი წლის მონაცემებით 60-ს გადააჭარბა, რაც საგანგაშო სტატისტიკაა.

როგორც დეპუტატები, თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი ასაბუთებენ: „ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინებაა, თუმცა საქართველოში იგი ცალკე მდგომ დანაშაულად არ არის აღიარებული. ფემიციდი, უმრავლეს შემთხვევებში განპირობებულია სექსიზმით და მოტივირებულია ქალზე უფლების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით ან ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით. თუმცა, არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოში, ფემიციდის შემთხვევაში, გამოძიება იძულებულია იხელმძღვანელოს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზოგადი კონტექსტით, რაც ართულებს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციას. აღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას ამ კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობის პრევენციისათვის მიიღოს დროული და ეფექტური ზომები“.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი