სექსუალური შევიწროების კანონპროექტით, პირს 500-დან 2 500 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება
09 06 2016

იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტით დგინდება პასუხისმგებლობა სექსუალური შევიწროებისათვის, მათ შორის შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი (სიტყვიერი ან ფიზიკური) ქცევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. პასუხსიმგებლობის ზომა იზრდება განმეორების შემთხვევაში ან/და სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით:

შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ, - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. ამ საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. შესაბამისი ვითარების არსებობისას კი პირი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, თამარ ხიდაშელმა განაცხადა, სექსუალური შევიწროება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულ, მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე უჩინარ პრობლემას, რომლის თაობაზეც ადამიანები ვერ საუბრობენ და არ საუბრობენ. „ამისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ისიც არის, რომ არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ამ ადამინებს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას მისცემდა“ - აღნიშნა თამარ ხიდაშელმა.

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება წარმოადგენს უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად დაფარულ პრობლემას, რომელიც ამცირებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, საფრთხეს უქმნის ქალთა და მამაკაცთა კეთილდღეობას და აკნინებს გენდერული თანასწორობის ხარისხს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 ივნისს  იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფემიციდის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანასაც. ფემიციდის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფემიციდი არის გენდერული ნიშნით ქალის მოტივირებული განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ. ცვლილების შესაბამისად ფემიციდი ცაკლე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და განისაზღვრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობათ.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"