ეპიზოდი 05: ელენე და ანა საუბრობენ "მოახლეზე"
პოდკასტის მეხუთე ეპიზოდში განხილულია Netflix-ის სერიალი, "მოახლე" (MAID). ეპიზოდის სტუმარია, გენდერის მკვლევარი და ქალთა უფლებების აქტივისტი, ანა ლობჟანიძე. ეპიზოდში განხილულია შემდეგი საკითხები სერიალის კონტექსტში: * ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ფარული ფორმები და ასეთი ძალადობისგან თავის დაღწევის ბარიერები; *ძალადობის მსხვერპლებისთვის საჭირო სახელმწიფო სერვისებისა და მხარდამჭერი ადამიანების მნიშვნელობა, ძალადობისგან თავის დაღწევის პროცესში და მათი ნაკლოვანებების შედეგები; *რატომ ბრუნდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები ძალადობრივ გარემოში ხშირად? * რატომ არის რისკის შემცველი უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან ურთიერთობაში შესვლა;
ეპიზოდი 03: ელენე და ნათია საუბრობენ "მისის ამერიკაზე".
პოდკასტის მესამე ეპიზოდის სტუმარია ფემინისტი და ლგბტ აქტივისტი ნათია გვიანიშვილი. მასთან საუბარში, განვიხილავთ ამერიკულ სერიალს "მისის ამერიკა" (Mrs. America) და შემდეგ საკითხებს: რას გულისხმობს თანასწორუფლებიანობის შესწორება (ERA), რომელიც სერიალში ასახული აქტივიზმის ეპიცენტრია; რატომ არ მოეწონათ რეალური ისტორიის მთავარ გმირებს სერიალის პერსპექტივა და რატომ თვლიან, რომ სერიალი არ ასახავს სწორად და სრულად მომხდარ მოვლენებს, ასევე, რა მოხდა სინადვილეში; როგორ წარმოაჩენს სერიალი რეპროდუქციული უფლებების აქტივიზმს, რას გულისხმობს Roe v. Wade გადაწყვეტილება და რატომ არის აშშ-ში აბორტის ლეგალურობის საკითხი მნიშვნელოვანი დანარჩენი მსოფლიოსთვის; როგორ ასახა სერიალმა ქალების განმათავისუფლებელი მოძრაობის სტრატეგიაში ქვიარ ქალების უფლებების ინტეგრირების მტკივნეული პროცესი; რატომ გახდა ფილის შლაფლი საინტერესო პერსონაჟი, როგორ შეძლო კონსერვატორი ქალების გაერთიანება და რა შიშები ამოძრავებდა მის მხარდამჭერებს ERA-ს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეპიზოდი 02: ელენე და ანა საუბრობენ "გოგოებზე".
პოდკასტის მეორე ეპიზოდში განხილულია HBO-ს სერიალი GIRLS* (2012 - 2017), კერძოდ: რატომ ქვია სერიალს ზრდასრულ ქალებზე "გოგოები", რა ქვეტექსტს გვთავაზობს ეს სათაური სერიალზე და მის ქალ პერსონაჟებზე? ზოგადად, რატომ ვეძახით ზრდასრული ქალები ჩვენ თავებს "გოგოებს" და როდის გავხდებით საზოგადოებისთვის "ქალები"? შეგვიძლია თუ არა განვიხილოთ ეს სერიალი ფემინისტურად? ზოგადად, რას ნიშნავს და როგორია/უნდა იყოს ფემინისტური სერიალი? რატომ მოხდა ისე, რომ სერიალის ქალმა პერსონაჟებმა ვერ შეძლეს ერთმანეთისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცის შექმნა და რა კავშირშია ეს პერსონაჟების თაობისთვის (მილენიალებისთვის) კვლევებით დადასტურებულ მახასიათებლებთან? რა გავიგეთ ამ სერიალიდან ქალურ მეგობრობაზე? ​​​​​​​პოდკასტის ეპიზოდის სტუმარია ანა ნიკოლაძე, სერიალების მოყვარული, მწერალი და აქტივისტი.
ეპიზოდი 01: სექსუალობა და რეპროდუქცია MAD MEN-ში.
პოდკასტის პირველი ეპიზოდი შეეხება სექსუალობას, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს სერიალ Mad Men-ში. ამ ეპიზოდში მიმოხილულია, თუ როგორ და რატომ იყენებენ ან არ იყენებენ სერიალის ქალი პერსონაჟები სექსუალობას მათი პროფესიული მიზნების მისაღწევად, როგორია მათი ისტორიის განვითარება იმ პირობებში, როცა სერიალში მოქმედება ფემინიზმის ე.წ. მეორე ტალღის დასაწყისის პერიოდში ვითარდება, როცა აბორტის სერვისი ჯერ ლეგალური არ არის, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სულ რამდენიმე თვის დაშვებულია გაყიდვაში, ქალები მხოლოდ ახლა იწყებენ სამსახურებში გასვლას, სადაც ყოველღიურად განიცდიან სექსუალურ შევიწროებას და ძალადობას. ეპიზოდის სტუმარია, სექსუალობის და გენდერის მკვლევარი, ანა ილურიძე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პოდკასტი შეიცავს სპოილერებს.
ქალები სერიალებში და სერიალებზე - ახალი პოდკასტის ანონსი
"ქალები სერიალებში და სერიალებზე" - ეს არის ელენე ქაიხოსროშვილის საავტორო პოდკასტი იმაზე, თუ როგორ გვწერენ და გვიღებენ ქალებს ეკრანებისთვის. პოდკასტის ფარგლებში, სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორები არიან ქალები, რომლებსაც სერიალებში ვხედავთ, რა იდენტობები აქვთ, რას გამოხატავენ და რის სიმბოლოებად იქცევიან, რატომ გვიყვარდება ან არ გვიყვარდება ისინი, რას ველით მათგან და რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ზოგი მათგანი მაინც გვგავდეს. პოდკასტში განხილული იქნება სერიალების ქალი პერსონაჟები, ამ პერსონაჟებისთვის შექმნილი ისტორიები, მათი პოლიტიკური მნიშვნელობა და უმნიშვნელობაც.
‹‹
1
››
ქალები სერიალებში და სერიალებზე
ეს არის ელენე ქაიხოსროშვილის საავტორო პოდკასტი იმაზე, თუ როგორ გვწერენ და გვიღებენ ქალებს ეკრანებისთვის. პოდკასტის ფარგლებში, სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორები არიან ქალები, რომლებსაც სერიალებში ვხედავთ, რა იდენტობები აქვთ, რას გამოხატავენ და რის სიმბოლოებად იქცევიან, რატომ გვიყვარდება ან არ გვიყვარდება ისინი, რას ველით მათგან და რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ზოგი მათგანი მაინც გვგავდეს. პოდკასტში განხილული იქნება სერიალების ქალი პერსონაჟები, ამ პერსონაჟებისთვის შექმნილი ისტორიები, მათი პოლიტიკური მნიშვნელობა და უმნიშვნელობაც.


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან