: Peaches
Peaches-ის გაკვეთილები
04 11 2019

1997 წელს, მას შემდეგ, რაც კიბო დაამარცხა და, ამავდროულად, საყვარელ ადამიანთან განშორებით გამოწვეულ გულისტკივილს უმკლავდებოდა, 33 წლის კანადელმა მერილ ბეთ ნისკერმა, სინთეზატორი შეიძინა და გადაწყვიტა მუსიკის შექმნა დაეწყო. სასცენო სახელი Peaches ნინა სიმონის კომპოზიციის "Four Woman" ტექსტის უკანასკნელი ხაზით შთაგონებულმა შეარჩია: "My name is Peaches".

Peaches სწორედ იმიტომ დაირქვა, რომ სურდა, ნინას ეს ფრაზა მისთვის ემღერა და არა იმიტომ, რომ ამ სიმღერაში წარმოდგენილ ქალების ბრძოლასთან თვითიდენტიფიკაციას ახდენდა. მუსიკისა და სასცენო ხელოვნების ყოფილმა მასწავლებელმა ადრინდელი პროფესია არ მიივიწყა და პირველ ალბომს The Teaches of Peaches უწოდა, სადაც მსმენელს საკუთარი გაკვეთილების ათვისებისკენ მოუწოდა.

პოპ კულტურის ამჟამინდელ ფოკუსს ფემინიზმსა და გენდერულ ფლუიდურობაზე, ელექტროქლეშის არტისტმა თითქმის 20 წლით გაუსწრო. Peaches უშიშარი პროვოკატორია, რომელმაც სოციალური აქტივიზმის პლატფორმად მუსიკა აირჩია. არტისტის რადიკალური ქვიარ პოლიტიკის კვალი, მის მიერ დაწერილ ყველა კომპოზიციას ეტყობა. სათქმელს როგორც წესი გულწრფელი, ვულგარული და საოცრად კომიკური ტექსტების საშუალებით ამბობს, რაც მის ტრეკებს დაუვიწყარს ხდის. როგორც არა ერთხელ აღნიშნა, თავს კომედიანტად უფრო აღიქვამს, ვიდრე მუსიკოსად.


სადებიუტო ალბომზე - Teaches of Peaches მუშაობა, რომელიც იმ დროს იწერებოდა, როცა არტისტი პარტნიორთან განშორებას უმკლავდებოდა, Peaches-ისათვის თერაპიული აღმოჩნდა. არტისტს არ სურდა ეს ალბომი ისე მონათლულიყო, როგორც ჰეტერონორმატიული ურთიერთობის მსხვერპლის ნამუშევარი. Peaches თავს მსხვერპლად არ გრძნობდა, რადგანაც საკუთარი მუსიკის ძალა აღმოაჩინა. კრებული მართლაც არ ჰგავს მსხვერპლის მიერ შექმნილ ნამუშევარს. ალბომმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალის სექსუალობის შესახებ ახალი ნარატივის შექმნაში, სადაც ქალი არ არის პასიური ობიექტი. ჩანაწერი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ახდენს არტისტი თავისი მამაკაცი კოლეგების ქცევის იმიტაციით პოპ და როკ მუსიკის სცენის პაროდიზირებას. ტექსტები ღრმა ანალიზს არ საჭიროებენ, რადგანაც, მსგავსად Peaches-ის მუსიკისა, ისინიც მარტივი, გაუპრიალებელი და ბინძურია. თუმცა, მიუხედავად ამისა, წარმატებით ახერხებენ მოსმენისას კონფლიქტური განცდების აღძვრას.

Peaches-ის მიერ შექმნილი სამყარო, რომელიც უმეტესწილად სექსის შესახებაა, ელეგანტურობისაგან შორსაა. უფრო მეტიც, ის აწეწილი, ოფლიანი და წებოვანია. ამის გამო, პროვოკატორი არტისტი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი - დიდწილად ფემინისტების მხრიდან. მათი ნაწილი მუსიკოსს პროდუქციის სექსის ხარჯზე გაყიდვაში სდებდა ბრალს. Peaches არ შეუშინდა ამ გამოწვევას და განაცხადა, რომ არ სურდა მისი კომპოზიციების მოსმენის შემდეგ ხალხს მხოლოდ ის დარჩენოდა სათქმელად, თუ რა კარგ მუსიკას წერდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Peaches-ს უყვარს გენდერული იდენტობის საზღვრების გაბუნდოვანება და ამას შესაშური მოხერხებულობით აღწევს. გენდერული ბინარულობის უარყოფას არა მხოლოდ მისი მუსიკა, არამედ ის ვიზუალური ხატებიც ემსახურება, რომლებსაც მერილ ნისკერი ქმნის. მაგალითად, რიგით მეორე სტუდიური ალბომის ყდაზე Peaches წვერებითაა გამოსახული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან ხშირად ახდენს სხეულზე თმის დემონსტრირებას. ვიდეოში, რომელიც სიმღერისთვის Set it Off იქმნებოდა, Peaches გასახდელში ზის, სადაც მის სხეულზე თმა ვითომ იმგვარად იზრდება, რომ ბოლოს რაპუნცელის პროპორციებს აღწევს. კლიპი საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანი იყო, თუმცა Sony Music-მა, რომელთანაც არტისტს იმ დროს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, ის ზედმეტად პრობლემურად მიიჩნია, თანხა უკან გამოითხოვა და ვიდეომაც დღის სინათლე ვერ იხილა.

მეორე ალბომის სახელწოდებად მუსიკოსმა მის მიერვე გამოგონილი ნეოლოგიზმი Fuckerfucker აქცია. ამ ლინგვისტური პერფორმანსით, Peaches-მა ჰიპ ჰოპ მუსიკაში აქტიურად გამოყენებული სექსისტური სლენგის გაკრიტიკება სცადა (motherfucker). არტისტი აქ არ შეჩერებულა და კომპოზიციით Stick it to the pimp, ისტერიულად დასცინა ამავე ჟანრის მუსიკაში ქალების სტერეოტიპულ რეპრეზენტაციას.

ამას გარდა, მისი კრიტიკის ქარცეცხლში მეინსტრიმ კულტურაში დამკვიდრებული ფსევდო-ლესბოსური ქცევის გამოვლინებებიც ექცევა. როდესაც არტისტს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა მადონასა და ბრიტნი სპირსის კოცნის შესახებ, მან განაცხადა, რომ სურდა სცენაზე ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ფარელ უილიამსის კოცნა ეხილა. კომპოზიცია Two guys for every girl, მისთვის დამახასიათებელი ირონიულობით სამ ადამიანში სექსის მასკულინური კონცეპტის გაქვიარებას ცდილობს: თუ ჰეტერო მამაკაცებს სიამოვნებთ ორი ქალის ერთად ნახვა, რატომ არ შეიძლება ქალს გაუჩნდეს ორი კაცის ერთად ნახვის სურვილი?

2017 წელს, Peaches-მა ენდრიუ ლოიდ უებერის ლეგენდარული როკ-ოპერა "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი"-ს რიმეიქი დადგა, რომელიც არტისტისთვის დამახასიათებელი იუმორით ორიგინალის ახლებურ, ქვიარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენაში ყველა როლს თავად ასრულებს, ამიტომაც მისი სახელწოდება ცხადია Peaches Christ Superstar გახლავთ.

ამგვარად, Peaches-ის შემოქმედების მიზანს ყველა არსებული გენდერული იდენტობისათვის, ან ქვიარ ადამიანისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა წარმოადენს. Peaches ვულგარული და პროვოკაციული არტისტია, თუმცა მის მიერ შესრულებული პაროდია არ ემსახურება ვინმეს შეურაცხყოფას, ამიტომაც ის არასდროსაა ბრაზიანი ან აგრესიული: პირიქით, ყოველთვის ინარჩუნებს ღიაობასა და მაცდურობას და ამგვარი გზით ავრცელებს პოსტფემინისტურ მესიჯებს.

ავტორი: ლილი მამულაშვილი



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი