მითები ტრანსგენდერობასთან დაკავშირებით
16 02 2018

ტრანსგენდერობასთან დაკავშირებული მითებული უნივერსალურია. ასევე უნივერსალურია ის, რომ ადამიანების შიშების, ფობიების და მათგან გამოწვეული გაურკვევლობის და აგრესიის მიზეზი ხშირად სწორი ინფორმაციის არქონაა. ამიტომ ვფიქრობ, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ქართველი მკითხველისთვისაც სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება:

ყველა ტრანსგენდერ ადამიანს მიღებული აქვს ჰორმონები და ჩატარებული აქვს ქირურგიული ჩარევა.

ეს არასწორია. ბევრს აქვს ამის საჭიროება, ბევრს კი არა, მიზეზები კი ინდივიდუალურია.

ყველა ტრანსგენდერი ადამიანი აღიქვამს საკუთარ თავს, როგორც "მესამე სქესს".

ეს შეიძლება ზოგი ტრანსის შემთხვევაში სწორი იყოს, ხოლო ზოგი ბედნიერად ცხოვრობს როგორც ქალი, ან მამაკაცი. ზოგი საერთოდ არ ჯდება რომელიმე ამ კატეგორიაში.

ყველა ტრანსგენდერი კაცი არის ძალიან მასკულინური, ყველა ტრანსგენდერი ქალი ძალიან ფემინური, ხოლო გენდერქვიარი ადამიანები მთლიანად ანდროგინულები არიან.

ტრანსგენდერი მამაკაცები შეიძლება იყვნენ ფემინურები, როგორც სხვა დანარჩენი მამაკაცები! თუ ვინმე თვითიდენტიფიკაციას ახდენს მამაკაცთან, ეს არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად "მაჩო"-ს პიროვნული თვისებები უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია - ის მეტად კომფორტულად გრძნობს თავს იცხოვროს, როგორც მამაკაცმა.

არ არსებობს რაიმე ტრანს წესების წიგნი, რომელიც ამბობს: "თუკი გინდა მამაკაცი იყო, მაშინ ძალიან "კაცური კაცი" უნდა გახდე, თუ არადა არც ეცადო ტრანზიციას".

ფემინურობა, მასკულინურობა და ანდროგინულობა ძალიან მრავალფეროვანია ტრანსგენდერ პოპულაციაში, ისევე როგორც სისგენდერ პოპულაციაში.

თუ თქვენ ფიქრობთ მასკულინურ ტრანსგენდერ ქალებზე, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს:

ტრანსგენდერი ქალებიც შეიძლება იყვნენ მასკულინურები, როგორც სხვა დანარჩენი ქალები. თუ ვინმე თვითიდენტიფიკაციას ახდენს ქალთან, ეს არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად "უნაზესი" პიროვნული თვისებები უნდა ჰქონდეს. ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი - ის მეტად კომფორტულად გრძნობს თავს იცხოვროს, როგორც ქალმა.

ძალიან ადვილია ტრანსგენდერი ადამიანის სისგენდერისაგან გარჩევა.

სრულებითაც არა! ცხოვრებაში ალბათ ბევრ ტრანსს შეხვედრიხართ, რომელიც ვერ შეგიმჩნევიათ. ხოლო ისინი, რომლებიც შეამჩნიეთ, სწორედ იმიტომ, რომ მათ ე.წ. "passing" არ გაუვლიათ როგორც ქალს, ან როგორც კაცს.

ტრანსგენდერი ადამიანები არიან "ექსტრემალურად ჰომოსექსუალები", იმდენად, რომ ისინი საპირისპირო სქესის გენდერულ როლს ირგებენ.

ეს, რა თქმა უნდა, მცდარია. ჰომოსექსუალ ადამიანთა უმრავლესობა ძალიან კომფორტულად ცხოვრობს იმ გენდერულ როლში, რომელიც მათ დაბადებისას მიენიჭათ. შეიძლება ისინი თავის პრეზენტაციას ახდენენ მეტად ფემინურად, ვიდრე საშუალოსტატისტიკური კაცი, ან მეტად მასკულინურად, ვიდრე საშუალოსტატისტიკური ქალი, მაგრამ როგორც ვთქვით, ჰომოსექსუალთა უმეტესობა კმაყოფილი სისგენდერი ადამიანია, რომლებსაც, ისე მოხდა, რომ მათივე სქესის ადამიანი იზიდავთ.

ამის საპირისპიროდ, ტრანსგენდერი ადამიანების გენდერული იდენტობა როგორც წესი ვარირებს და განსხვავებულია დაბადებისას მინიჭებულისგან.

ამას გარდა: არსებობს ბევრი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ლესბოსელია და ბევრი ტრანსგენდერი კაცი, რომელიც გეია. ეს ლესბოსელი ქალები, არ არიან "კაცები, რომლებიც იმდენად გეები არიან, რომ გადაწყვიტეს ქალები გამხდარიყვნენ" - ისინი ლესბოსელები არიან!

ტრანსგენდერი ადამიანები ჰომოსექსუალები არიან, მაგრამ ამას იმდენად უარყოფენ, რომ ტრანზიციას ამჯობინებენ, ანუ ურჩევნიათ "გახდნენ" ჰეტეროები თავიანთ არჩეულ იდენტობაში, ვიდრე საკუთარი ჰომოსექსუალობა აღიარონ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრანზიცია ალბათ ყველაზე რთული გამოსავალი იქნებოდა ინტერნალიზებული ჰომოფობისთვის, და თანაც ეს სოცილურად კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე ჰომოსექსუალობა. ამიტომ, აქ ლოგიკა არანაირად არ მუშაობს. ამას გარდა, როგორც უკვე ვთქვით, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი ისედაც აკეთებს თვითიდენტიფიკაციას გეიდ ან ბისექსუალად.

თუ ადამიანი არის ტრანსგენდერი ქალი და მას მოსწონს ქალები, რატომ არ შეუძლია დარჩეს ჰეტეროსექსუალად? ეს უფრო მარტივია!

ეს კითხვა უკვე გულისხმობს, რომ საკითხი არასწორადაა გაგებული. პასუხი კი შემდეგია: გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია არ არის ერთი და იგივე, როგორც უკვე აღვნიშნეთ. ტრანსგენდერი ქალები არიან ქალები და უმეტეს მათგანს ურჩევნია იცხოვროს, როგორც ქალმა და ეს არის გადამწყვეტი. ეტყოდით სისგენდერ ლესბოსელს, რომ მან უნდა შეიცვალოს სქესი და გახდეს მამაკაცი იმის გამო, რომ ქალთა უმრავლესობა ჰეტეროსექსუალია? არა, რა თქმა უნდა. აქაც მსგავსი სიტუაციაა.

გენდერქვიარობა/ანდროგინულობა არ არის რეალური იდენტობა. რეალურად, გულის სიღრმეში, ყველა კაცი ან ქალია, ძალიან ფემინური ბიჭებიც და ბუჩი ქალებიც.

გენდერქვიარი ადამიანები საკუთარ იდენტობას ძალიან რეალურად აღიქვამენ და განიცდიან. ბევრი მათგანი ძალიან რთული სიტუაციაშია; რადგანაც ისინი ცხოვრობენ საზოგადოებაში, რომელიც უკიდურესაც ბინარულად აღიქვამს გენდერს (ქალი-კაცი), ეს სისტემა კი მათთვის უბრალოდ არ მუშაობს. გენდერქვიარობა არ არის ამ ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევის, ან "განსხვავებულად" ყოფნის სურვილი, ან თუნდაც პოლიტიკური მოძრაობის ნაწილად ყოფნის საბაბი. ზემოხსენებული როლებიც კი, რაც უნდა ფემინური იყოს ბიჭი, ან მასკულინური გოგო - გენდერქვიარი ადამიანებისთვის არ არის კომფორტული.

ბევრი გენდერქვიარი ადამიანია, რომელთაც ემოციურ ტკივილს აყენებს, თუ ქალის (she) ან კაცის (he) მესამე პირით მოიხსენიებენ. ბევრ მათგანს კი უბრალოდ აუცილებლად ესაჭიროება გენდერულად ნეიტრალური სახელის მიღება, ან სხეულის მოდიფიცირება ისე, რომ მეტად ანგროგინულად გამოიყურებოდნენ იმისთვის, რომ ყოვლისმომცველ დისფორიას თავი დააღწიონ.

ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ საკუთარ თავზე, როგორც კაცზე ან ქალზე, უბრალოდ დაბნეულები, ჩამოუყალიბებელნი არიან, საბოლოოდ კი ისინი რომელიმეს აირჩევენ.

გენდერქვიარობა თავისთავად არის ლეგიტიმური იდენტობა. ის ისევე გაგრძელებადია - და ისეთივე არსებითი ნაწილია ადამიანის თვით-შეცნობისა - როგორც სხვა დეფინიციები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ საკუთარი თავის აღწერისას. არა-კაცური და არა-ქალური იდენტობები არ არის აუცილებელი ნიშნავდეს, რომ ადამიანი დაბნეულობის და კითხვების ქონის დროებით მდგომარეობაშია; ზოგი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება ეს ასეც იყოს, უმრავლესად კი, ეს პერმანენტული მდგომარეობაა.

ტრანზიციური ქირურგიული ჩარევა და ჰორმონალური თერაპია კოსმეტიკური ხასიათისაა და სამედიცინო თვალსაზრისით საჭირო და აუცილებელი არაა.

ძალიან ბევრი ტრანსგენდერი ინდივიდი აცხადებს, რომ ქირურგიულმა ჩარევამ და ჰორმონალურმა თერაპიამ მათი ცხოვრების ხარისხი წარმოუდგენლად გააუმჯობესა; სამედიცინო ჩარევის გარეშე ეს ადამიანები განიცდიან მწვავე დეპრესიას, და ზოგჯერ სუიციდური ფიქრებიც აქვთ. ასეთ შემთხვევებში, ის, რაც ერთი შეხედვით "კოსმეტიკური" სამუშაოა, შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენელი აღმოჩნდეს.

ცხადია, ასეთი ჩარევები სხეულის ცვლილებას იწვევს, რისკენაც ტრანს ადამიანთა უმეტესობა ილტვის. მაგრამ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამას შეუძლია უკეთესობისაკენ შეცვალოს ტრანსგენდერი ადამიანების ემოციური მდგომარეობა (ზოგ შემთხვევაში კი დრამატულად!), რაც არცერთი სხვა მეთოდით შესაძლებელი არ არის. სხვა ტრანსგენდერები ამის გარეშეც კარგად ახერხებენ ცხოვრებას. მაგრამ ეს ინდივიდზეა დამოკიდებული.

ტრანსგენდერობა/ტრანსსექსუალობა არ არის ვალიდურ მდგომარეობად მიჩნეული გამოჩენილ მეცნიერთა მიერ; ადამიანებმა შეიძლება ამტკიცონ, რომ არიან რომელიმე (გენდერის) წარმომადგენლები, მაგრამ რეალურად ისინი არიან (სქესის) წარმომადგენლები მთლიანად.

ის სიმართლეა, რომ ადამიანები ვერ შეცვლიან ისეთ რამეს, როგორიცაა მათი გენეტიკური შემადგენლობა, სპერმის ან საკვერცხეების წარმოქმნა და ასე შემდეგ, ეს სამწუხაროდ არ ხდება. მაგრამ არსებობს ძირითადი კონსენსუსი ფსიქოლოგთა საზოგადოებაში, რასაც ამყარებს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ტრანს ადამიანები ამჟღავნებენ "ფემინურ" ან "მასკულინურ" მახასიათებლებს განცალკევებულს მათი ფიზიკური სქესისაგან. არსებობს ბევრი საინტერესო წიგნი და სტატია, რომლებიც ამ საკითხებს ეხება: მხოლოდ სიტყვა "ტრანსგენდერის" აკადემიურ მონაცემთა ბაზაში მოძებნისას შეგიძლიათ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გადააწყდეთ.

ყველა ტრანს ადამიანი იზიარებს გარკვეულ ღირებულებათა სისტემას... პოლიტიკურ იდეოლოგიას... ერთიან შეხედულებათა სისტემას გენდერის შესახებ.

არსებობს ერთადერთი რამ, რაც ყველა ტრანსს აერთიანებს: ისინი ტრანსები არიან. მხოლოდ ეს არის ყველა მათგანისთვის საერთო. პოლიტიკური და ფილოსოფიური შეხედულებები კი ისევე ვარირებს, როგორც დანარჩენ პოპულაციაში. ისევე, როგორც ყველა დიაბეტის მქონე არ თანხმდება ერთიდაიმავე საკითხზე, ან ყველა ბიბლიოთეკარი, ან ყველა გეი და ა.შ. ასევე არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა იყოს ეს სხვაგვარად ტრანს პოპულაციაში.

ტრანსგენდერი ადამიანები აყოლილი არიან მცდარ იდეას, რომ არსებობს რაღაც უკიდურესად აბსტრაგირებული განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტება ჰგონიათ. მათ რომ სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ გენდერზე, მაშინ კომფორტულად იგრძნობდნენ თავს, როგორც უბრალოდ "ადამიანები", საკუთარი თავის "ქალად" ან "კაცად" იდენტიფიცირების გარეშე. და ასეთ შემთხვევაში მათ ტრანზიციაც აღარ მოუნდებოდათ.

ამგვარი კომენტარი სრულიად უგულებელყოფს ტრანსად ყოფნის ფიზიკურ გამოცდილებას და აქცენტს მთლიანად თეორიაზე აკეთებს. იცხოვრო როგორც კაცმა (კაცის სხეულით/რეპრეზენტაციით/სოციალური როლით) ძალიან განსხვავებულია ქალად ცხოვრებისგან. და ეს ორივე, თავის მხრივ, განსხვავებულია არაერთგვაროვანი ან ე.წ. შუალედური მდგომარეობისგან, რასაც ასევე ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი განიცდის.

სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. როდესაც ადამიანები დისკომფორტს განიცდიან საკუთარი სხეულების გამო, როცა მათ გამუდმებით მეტ ბედნიერებას ანიჭებთ ჰორმონთა გარკვეული ბალანსი მათ ორგანიზმში, როცა კონკრეტული სქესის პირის ნიშანი მათში მტკივნეულ ჭრილობას აღვივებს….ეს რეალური ემოცია და ავთენტური თვით-აღქმაა, და არა რაღაც სოციოლოგიური კონსტრუქცია. სწორედ ეს არის, რასაც ადამიანი წარმოადგენს შინაგანად და ნამდვილად; და ეს აზრი და შეგრძნება შეუძლებელია რაიმე აზრმა და ფიქრმა შეცვალოს, ან გააქროს.

თუკი ადამიანები დაუყოვნებლივ არ ამჟღავნებენ, რომ ისინი ტრანსები არიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი მატყუარები არიან. ერთადერთი სამართლიანი გზა არის ადამიანებს დაუყოვნებლივ უთხრა, რომ შენ "იყავი ქალი/კაცი"; არასამართლიანია ტრანზიციის არხსენება, განსაკუთრებით თუკი ამაზე მეგობრებთან და სექსუალურ პარტნიორებთანაც არ ლაპარაკობ.

პირველი ნაწილის შესწორება განსაკუთრებით ადვილია: ტრანსგენდერი ქალი, მაგალითად, არ "ყოფილა კაცი". ის შეიძლება ცხოვრობდა კაცის სოციალური როლით, და მისი სქესი დაბადებისას კლასიფიცირებული იყო, როგორც "მამრობითი". მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ის ოდესმე "კაცი იყო". ეს ნიშნავს, რომ ის არის ქალი, რომლის სქესი არასწორად იყო კატეგორიზებული.

მეორე: ზოგი ადამიანი გაცილებით ღიაა და მარტივად იხსნება საკუთარი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე საუბრისას, მათ შორის - გენდერზე. ზოგი კი უფრო ჩუმია და მეტად ფრთხილი საუბარში. დაიმახსოვრეთ რეფრენი - არ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა ტრანსად ყოფნის და ცხოვრების.

საკუთარი ისტორიის არმოყოლა ვიღაცისთვის შეიძლება "დამალვად" აღიქმებოდეს, მაგრამ ზოგს, უბრალოდ, არ სურს ყველაფერზე გახსნილად საუბარი, მრავალ მიზეზთა გამო. მაგალთად, ადამიანებმა შეიძლება თქვენზე სხვაგვარად იფიქრონ გამჟღავნების შემდეგ. შეიძლება აქტიურად დაიწყონ თქვენი ქცევის გარჩევა და გაანალიზება, ილაპარაკონ თქვენს ზურგს უკან, ან სოციალურად გაგრიყონ. და სხვა თუ არაფერი, ადამიანებს სულაც არა აქვთ ექსკლუზიური უფლება სრული ინფორმაცია ჰქონდეთ თქვენს ცხოვრებაზე. პრივატულობა პრივატულობაა. ამ მიზეზთა და კიდევ მრავალთა გამო, სრულიად გასაგებია რატომ შეიძლება ტრანსგენდერმა ადამიანმა თქვენთან საუბარში პირდაპირ არ ახსენოს, რომ ტრანსია.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა