: გაბი, დათო ქორიძის ფოტო
"მკვდარს რად უნდა დაბადების მოწმობა?"
20 11 2019

გაბიზე ადრეც დავწერე. მოგიყევით, როგორ ცხოვრობდა პატარა, ლამაზ სოფელში, როგორი უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა და როგორ თავს ევლებოდა მთელი ოჯახი. რომ წამოიზარდა, ნელ-ნელა საკუთარი გენდერული იდენტობის გარკვევა დაიწყო. გაუგებრობები ოჯახთან მაშინ არ დაწყებულა. დედას გეი ეგონა, თუმცა ამის გამო პრობლემა მისთვის არასდროს შეუქმნია. ამასობაში გაბი თბილისში წამოვიდა სასწავლებლად. დასვენების დღეებში უპრობლემოდ ჩადიოდა სახლში. იქ კი ყველაფერი ძველებურად ხვდებოდა.

10 წლის წინ ეს სიამტკბილობა შეწყდა - მაშინ, როცა გაბიმ ერთხელ და სამუდამოდ განაცხადა, რომ ქალია, კაბა ჩაიცვა და აღარც გაუხდია. მას მერე აღარ უნახავს დედა. ნელ-ნელა ჩამოშორდა და-ძმაც. ერთადერთი მხარდამჭერი, ტყუპისცალი ძმა გარდაეცვალა. მის საფლავზე ჩუმად მიდის ხოლმე, ისე რომ ვერავინ გაიგოს. დედამ რამდენჯერმე შემოუთვალა, მაგ კაბას თუ გაიხდი, ისევ ისე მეყვარები, როგორც ადრეო.

გაბის კი მიაჩნია, რომ სწორედ კაბის ჩაცმა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი და თამამი, რომელიც მრავალი წლის ფიქრის და წვალების მერე გაბედა და ამ მონაპოვარს არაფრისდიდებით აღარ დათმობს. დედა გაბიზე არანაკლებ ჯიუტია და პირობას არ ცვლის. დედას ძალიან ვგავარო, ხშირად უთქვამს ჩემთვის. თავის სოფელში დღემდე ჩადის, მაგრამ სახლის კარი მისთვის დაკეტილია. მეზობლებს ნახულობს, იქაურ მეგობრებს სტუმრობს, დედამ ეს იცის და მათაც ეჩხუბება, ვინც გაბის იღებს. ადრე მითხრა, ჩემს სახლში ფეხს არასდროს მივადგამო.

ამასწინათ მაინც მივიდა. როგორც მომიყვა დაბადების მოწმობის და დიპლომის წამოსაღებად, მაგრამ ალბათ უფრო მეტი მიზეზი დედის ნახვის სურვილი იყო.

სოფელში საღამო ხანს ჩავიდა, იქაური ნაცნობ-მეგობრები მოინახულა და დედის სახლისკენ გაუყვა გზას. ალბათ რამდენ რამეზე ფიქრობდა, სანამ თავისი ბავშვობის ეზოს მიადგებოდა, ღელავდა კიდეც, მაგრამ აუცილებლად ექნებოდა იმედი, რომ დედა უკვე სახლის კართან მისულს ხელს არ კრავდა. სულ ცოტა იმედი მაინც რომ არ ჰქონოდა, არ მივიდოდა. ვიცი, როგორი თავმოყვარეცაა.

კარი დედამ გაუღო და იქვე, იმავე წამს გაქრა ის სულ მცირე იმედიც, რომ დრომ რამე შეცვალა, რომ დედას გული მოულბა, რომ დიდი ხნის უნახავი შვილის დანახვაზე ხელები კი არ გაშალა ჩასახუტებლად, მუშტი მოუღერა და ყვირილით მოსთხოვა სახლის დატოვება. გაბი ჯიუტად უხსნიდა, შენს სანახავად არ მოვსულვარ, ჩემი საბუთების წაღება მინდაო. ყვირილზე ძმას გაეღვიძა, რომელმაც დედის მუქარა სისრულეში მოიყვანა და გაბის დაარტყა. ისე დაარტყა, რომ ძირს დააგდო და წიხლებით შედგა.

დედა ისევ უყვიროდა ახლავე აქედან წაეთრიე და აქ მოსული აღარ გნახოო. იმასაც უყვიროდა შენ ჩემთვის დიდი ხანია მკვდარი ხარო. აღარც შენი დაბადების მოწმობა არსებობს და არც დიპლომიო. მკვდარს რად უნდა საბუთებიო. წადი და აქ მოსული აღარ დაგინახოო. პოლიციაც მოვიდა, გაბის ძმა დააკავეს. დედა ისევ უკიოდა, ხომ ხედავ შენი აქ მოსვლით ჩემი შვილი შარში გაეხვაო. იმ შვილზე დარდობდა, მოძალადეზე, პოლიციამ ცემისთვის რომ დააკავა. მერე დიდხანს ირბინა დედამ პოლიციაში, ნაცნობ-მეგობრებს დაურეკა, "იჩალიჩა", როგორც გაბი ამბობს და მეორე დღეს შვილი გირაოს სანაცვლოს სახლში წამოიყვანა.

მერე მეზობლები უყვებოდნენ გაბის, იმ საღამოს, ამ ამბის აღსანიშნად როგორ დაიკლა ცხვარი მის სახლში და როგორ "იზეიმა" დედამ გამარჯვება. იმ საქმეში გამარჯვება, სადაც მისმა ერთმა შვილმა მეორე შვილი დაუნდობლად სცემა, მერე 1000 ლარი გადაიხადა და სახლში წამოვიდა. ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდა. საღამოსთვის ვახშამი მოამზადა და ყველა, ვისაც მისი "გამოშვება" გაუხარდა, დაპატიჟა. დედაც მასთან იყო, მის გვერდით. მეზობლებმა ისიც უთხრეს, მეორე დღეს ძმა და ბიძა თბილისში რომ ჩამოვიდნენ და ყველგან დაეძებდნენ გაბის. ალბათ ბოლომდე ვერ გაუსწორეს ანგარიში, საკმარისად ვერ დასაჯეს.

დედაჩემი მამალი ქალიაო, სულ ამბობდა ხოლმე გაბი. მას რომ უნდოდეს, ყველაფერს მოაგვარებდა და ვერავინ გაბედავდა ჩემთვის ერთი გადაბრუნებული სიტყვის თქმასო. ახლაც, ამ ამბის მერე, ყველა ის მეზობელი დაიარა, ვინც გაბის დღემდე ემეგობრება და შავი დღე აწია. კატეგორიულად აუკრძალა მასთან ურთიერთობა და გაბის შემოუთვალა, მისი ძმის საფლავზე ფეხი აღარ მიადგას, თორემ საფლავს ისე შემოღობავს, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვეღარც კი მიუახლოვდეს.

საკმაოდ შეძლებულები არიანო, თავის ოჯახზე ყვება. არასდროს არაფერი მოუთხოვია, არცერთი კაპიკი, მიუხედავად იმისა, რომ აქ თბილისში ხშირად პურის ფული არ ჰქონია. უკიდურესი გაჭირვების დროსაც კი არ მოსვლია თავში აზრად რაიმე მოეთხოვა, ე.წ. "წილი", როგორც თვითონ ამბობს. მამაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო სულ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერიო. ისეთი კაცი იყო, ამას არაფრით დაუშვებდაო. ისეთს მიმიღებდა, როგორიც ვარ და არც სხვებს მისცემდა უფლებას ასე მომქცეოდნენო.

თბილისში დაბადების მოწმობის და დიპლომის გარეშე დაბრუნდა. ალბათ დახია დედაჩემმა, ან დაწვაო. ალბათ ერთმა პატარა ფურცელმაც არ უნდა ჩემი არსებობა შეახსენოსო. კიდევ ჩავალო, ამბობს. მაგათ ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემი ცემა და გამოგდებაო. კიდევ რომ გცემონ თქო - კაი კაცო, რაც მე მომხვედრია, არ გამაკვირვონ ახლაო, თან ეცინება. მე რომ ჭკუა მქონდეს გამოვეწყობოდი ბიჭის ფორმაში, ჩავიდოდი, მოვთაფლავდი, გამოვცინცლავდი ფულებს და მერე ძაან არ გაეგო თბილისში როგორი ჩაცმული ვივლიდიო.

მაგრამ მე მაგის ქალი არ ვარ, ეგრე ვიმაიმუნო, ეგღა მაკლიაო. სულ ვამბობ ხოლმე, ტრანსგენდერ ადამიანებს ერთი უნიკალური თვისება აქვთ, ურთულეს სიტუაციებშიც კი პოულობენ ძალას, რაღაცნაირად იუმორით შეფუთონ ტრაგედია და ისე მოგიყვნენ. თითქოს ამაში პოულობენ შვებას. დარწმუნებული ვარ მართლა ჩავა ისევ თავის სოფელში და ისევ დააკაკუნებს სახლის კარზე. ისევ დაწყევლის დედა და მუშტებს მოუღერებს ძმა, მაგრამ ეს მაინც ჯიუტად ივლის. ივლის მანამდე, სანამ ერთხელაც არ ათქმევინებს დედას, რომ ისევ მისი შვილია, ცოცხალია და გაბი ჰქვია, დიახაც, გაბი.

ნინო კალანდიას რუბრიკა "ტრანს ამბების" სხვა სტატიები შეგიძლიათ იხილოთ:
https://lesbi.ge/ka/blog/trans-stories/

ბლოგის კონცეფცია

ტრანსფობიას, და ზოგადად ყველანაირ ფობიას, არაფერი ისე არ კვებავს და აძლიერებს, როგორც ინფორმაციის ნაკლებობა და მიზანმიმართული სიძულვილის პროპაგანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს WISG-ში "ტრანს ნარატივების" იდეა გაჩნდა - ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი მძიმე ცხოვრების შესახებ შეულამაზებლად და რეალისტურად დაიწყეს ამბების მოყოლა, რომლებიც კრებულში გაერთიანდა. მაგრამ სიძულვილის, აგრესიის და ძალადობის შესახებ ისტორიებს ბოლო არ აქვს.

ამიტომ გადავწყვიტეთ "ტრანს-ამბების" რუბრიკა დავუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმ მედიისთვის ძირითადად ერთჯერადი, იაფფასიანი სენსაციის წყაროა. ნინო კალანდია ამ ბლოგპოსტების სერიაში ტრსანსგენდერ ადამიანებს მოიწვევს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ამბებს ჩაიწერს და მორალისტური შეფასებების გარეშე მოგიყვებათ როგორ უმკლავდებიან ბანალობად ქცეულ სისასტიკეს, აგრესიას და გარიყულობას ადამიანები, რომლებსაც ასეთი ბედი მხოლოდ საკუთარი იდენტობის გამო ერგოთ;

ამბავი იმდენია, რომ სერია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ ზოგიერთი პოსტი იქნება თემატური და შეეხება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემებს - იქნება ეს სექს-მუშაკობის გამოცდილება, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა, სასულიერო პირთა ძალადობის გამაღვივებელ "მორალთან" გამკლავება, თუ სახელმწიფოსთან ბრძოლა თანასწორი უფლებების მოპოვებისთვის.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის