წერილი #3
29 09 2015
შეიძლება ეს ახსნას არც საჭიროებს, თუმცა მცირე შესავალს მაინც გავაკეთებ… თუ თქვენ მუსლიმი არ ბრძანდებით, თქვენთვის არაფერს ნიშნავს ისეთი თარიღი, როგორიცაა მაგალითად 28 ივლისი. მაგრამ თუ კი ხართ, ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული, – ბაირამია. თუ კი ეროვნებით ბულგარელი არ მოევლინეთ სამყაროს, ალბათ არც 22 სექტემბერი, – ბულგარეთის დამოუკიდებლობის დღე იქნება თქვენთვის დიდად საინტერესო და მნიშვნელოვანი. კალენდარში ყველასთვის მოიძებნება თარიღი რომელიც მისთვის ბევრს ნიშნავს, – სხვისთვის არაფერს. 11 სექტემბერი –  ქამინგ აუთის დღეა. ის 1988 წლის 11 ოქტომბერს დაწესდა და დღეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება. ქამინგ აუთის თემა ძალიან მნიშვნელოვანი, სათუთი და ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია ლგბტ თემის წარმომადგენელთათვის. უშუალოდ მე თითქმის არასოდეს დამიმალავს ჩემი სექსუალური ორიენტაცია, რადგანაც წილად მხვდა ბედნიერება, გარს ისეთი ადამიანები მყოლოდა, ვისთანაც ეს უბრალოდ არ იყო საჭირო. (რასაკვირველია 1–2 გამონაკლისის გარდა, ვინც ვერ შეურიგდა ჩემს „აბნეულ“ ყოფიერებას). საბედნიეროდ არავიზე ვარ ნაწყენი, 2 წლის წინანდელ 17 მაისს თუ არ ჩავთვლით. როგორც ჩემმა ახლო მეგობარმა გ.–მ თქვა: „…თუ ვიღაცას უნდა მეგობრობა და ურთიერთობა ჩემთან, აგერ ვარ მე! ხოლო თუ მას უნდა იმეგობროს მაინცდამაინც ჰეტეროსექსუალ გ.–სთან, ვშიშობ ეს შეუძლებელია… მე ვარ ეს! აქ ვარ… შენს წინ, – ცოცხალი, სისხლისგან და ხორცისგან, ისეთი როგორიც ვარ! არანაირი სხვა გ. არ არსებობს, – ასე რომ ან უნდა მიმიღო ის ვინც ვარ ან უბრალოდ… გაიარო…“ ჩემს პირად გამოცდილებას რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით 2 ისტორიას გავიხსენებდი: პირველი ჩემს ამხანაგ თ.–ს შეეხება. მე და თ. რამოდენიმე თვის განმავლობაში საკმაოდ კარგად ვსაუბრობდით, ვიცინოდით, თუ საჭირო იყო ვილანძღებოდით, კარგ დროს ვატარებდით და ვჭრიდით საერთო პრობლემებს ერთობლივი ძალისხმევით. მეც კმაყოფილი ვიყავი და ისიც… ჩემს ორიენტაციაზე თ.–სთან არ მისაუბრია, რადგანაც ამის საჭიროება არ დამდგარა და თემასაც, ასე ვთქვათ, არ მოუტანია. მაგრამ ადრე თუ გვიან დადგა დღე, როცა ჩემი ბისექსუალობა მისთვისაც გახდა ცნობილი. თ. აშკარად დაიძაბა, ძალიან ზრდილობიანად დაასრულა დაწყებული საუბარი, დამემშვიდობა და დერეფანში გაქრა. რასაკვირველია თ.–ს ხშირად ვეჩეხებოდი მას შემდეგ სხვადასხვა ადგილებში და ის ყოველთვის მესალმებოდა, ზრდილობიანად მომიკითხავდა ხოლმე, მაგრამ უკვე აშკარა „უსაფრთხო“ დისტანცია ეჭირა და რაღაცნაირად დაძაბული იყო. მეგონა თავისით გაუვლის, მაგრამ 3 თვის შემდეგ დავიღალე ლოდინით და გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი პირდაპირ:
  • მოდი აქ! მოდი… ესე იგი, თ., შენ ხარ საკმაოდ მომხიბლავი გარეგნობის, ჯანმრთელი, ახალგაზრდა და თანაც ჭკვიანი გოგო, რომელთანაც სასიამოვნოა ურთიერთობა. მეთანხმები?
  • (გაიღიმა) ნუ.. კი!
  • ვინაიდან ეს ასეა, სავარაუდოდ როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად მოსწონხარ ბევრ მამაკაცს, მათ შორის მათაც, ვისთანაც უბრალოდ მეგობრობ, ასეა?
  • კი.
  • როგორც აღმოჩნდა შენი გარეგნობა შეიძლება მიმზიდველად აღიქმებოდეს როგორც ბევრი მამაკაცისთვის, ისე ზოგიერთი ქალისთვისაც.. არის ამაში რაიმე მაინცდამაინც გასაკვირი, იმის გათვალისწინებით რომ მართლა დაგაჯილდოვა ბუნებამ სასიამოვნო ვიზუალით?
  • პრინციპში არა.
  • ოკ. უშუალოდ მე როდესმე მიცდია შენი „დაკერვა“?
  • არა.
  • აბსოლიტურად გეთანხმები, არ მიცდია, – კი ლამაზი გოგო ხარ, მაგრამ ვინაიდან აშკარად მამრობითი სქესი გიზიდავს და ეს სავსებით გაწყობს და გაკმაყოფილებს, + ამას ხარ რელიგიური ადამიანი, მე მართლა ვთვლი რომ პატივი უნდა ვცე ამას.. და ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება თუ შენ თვითონ არ შეიცვალე აზრი. :) ასე რომ, ჩემი გადმოსახედიდან, ეს უპატივცემულობა იქნება შენს მიმართ.
  • უჰუ..
  • ეს ბოლო დრო… ნუ, მას შემდეგ რაც გითხარი რომ ქალებიც და მამაკაცებიც თანაბრად მომწონს აშკარად გამირბიხარ. თუ შენთვის ასე ჯობია და უფრო კომფორტულად ხარ, არ გაძალებ ურთიერთობას, მაგრამ მებადება კითხვა: განა რა შეიცვალა?! თუ რა იყო, გგონია ერთადერთი მიმზიდველი ქალი ხარ პლანეტაზე და თავს ვერ შევიკავებ? რას ელოდები ჩემგან? რომ ხელბორკილებით მიგაბავ და გაგაუპატიურებ???!!! (სიცილი წამსკდა.. მეც და მასაც. ბევრი ვიცინეთ.)
  • ხო, ალბათ მართალი ხარ, – მითხრა თ.–მ და მას შემდეგ ძველებურად ვატარებთ დროს.
მეორე ამბავი ძალზე მოკლე იქნება, – გოგო რომელსაც ვუთხარი რომ ბისექსუალი ვარ… (თვითონ ჰეტეროსექსუალია, ქმარი ყავს, რომელიც ძალიან უყვარს) მეორე დღეს უპრობლემოდ წავიდა ჩემთან ერთად თბილისის აბანოში, და ეს მან განგებ გააკეთა, რათა ეჩვენებინა რომ ჩვენს შორის არაფერი შეცვლილა. კარგი ტანი აქვს… დიახ, მე ეს დავინახე და დიახ, ისევე მომეწონა, როგორც ალბათ მოეწონებოდა ჰეტეროსექსუალ მამაკაცს. მაგრამ ჩვენ მეგობრები ვართ, – ხოლო მეგობრობა ურთიერთპატივისცემას ეფუძნება და ერთმანეთის მიღებას ისეთებად, როგორებიც ვართ. ყველას ისეთივე ლიბერალურ გარემოს გისურვებთ როგორიც მე მერგო წილად… ან იქნებ კიდევ უფრო ლიბერალურსაც. :)


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის