“Nobody wanted to be sexless, but nobody wanted to be nothing but sex.”
― Margaret Atwood, Oryx and Crake
წარმოიდგინე, რომ კადრი, რომელსაც შენ ხედავ, საკმაოდ ახლო ხედს გთავაზობს. კადრში ქალის შიშველი მხრები ჩანს. პირველი, რაც თვალებში გხვდება კანია - გაპრიალებული, გლუვი და, შესაძლოა, რამდენიმე ტონით გამუქებული, ფერშეცვლილი კანი. კადრი შორდება ახლო ხედს და ნელ-ნელა ჩნდება ქალი - მასში ყველაფერი სრულყოფილებასთანაა ახლოს (სრულყოფილების ყველაზე არასუბიექტური გაგებით) - ფრჩხილებზე დატანილი ლაქიდან დაწყებული მბზინვარე თმებით დამთავრებული. კორსეტი ვიწრო წელსა და მკერდს გამოკვეთს, მუქი წითელი კონტური კი - ტუჩებს. მას შეუძლია მაღალი ფეხებით სამკუთხედი გააკეთოს, უკანა ხედით დადგეს, თავი შენკენ მოაბრუნოს, თვალი ჩაგიკრას და საპნიანი წყლით გაბერილი ღრუბელი დაწუროს თავისივე კანივით პრიალა და სუფთა მანქანაზე.
აქ საერთოდ არაა საჭირო რაიმე ლოგიკური კავშირი არსებობდეს ქალის ქმედების საჭიროებასთან - ის რეალურად არც მანქანას ასუფთავებს, მითუმეტეს, არც ამ მანქანის მფლობელია, შესაბამისად, არც დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა და მოხერხებული ტანსაცმლის ტარება ესაჭიროება, რომ უკეთ მართოს ის.
"რა სექსუალურია, არა?"
"აი, ამას ქვია ყველაფერი თავის ადგილას აქვსო"
"უფ, კაი საყურებელია"
და გგონია, რომ ეს ქალი ძლიერია, რადგან ლამაზი, სექსუალური და სასურველია?
გგონია, რომ თუ სექსუალურ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, მაშინ პრობლემას არ უნდა ვხედავდეთ ქალის ასე წარმოჩენაში?
პირდაპირ რომ გითხრა, ქალი, რომელიც მე აღვწერე, არ არის თავისუფალი და ძლიერი ქალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტანსაცმელი მოირგოს, რასაც მოინდომებს, რომელსაც შეუძლია საკუთარი სხეული ისეთი შეიყვაროს, როგორიც არის და მუდმივად შფოთვაში არ იყოს, რომ რომელიმე სტანდარტს ვერ მოერგო.
არა, ის საკუთარი სახელით, სხვა ქალების სახელით კი არ ძლიერდება, არამედ ხდება ობიექტი, რომლის დამორჩილება და დაქვემდებარება მარტივი და მიზანშეწონილიცაა.
კადრში ასახულ ქალს არ გააჩნია არანაირი მიზანი, გეგმა, სურვილი. რასაც მნიშვნელობა აქვს, არის სხეული, დანაწევრებული სხეული. მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ეს ქალი ობიექტია სხვისი სურვილების, სექსუალური სურვილების და როდესაც მანქანას მჭიდრო კორსეტით რეცხავს, სინამდვილეში, იგი ემსახურება სურვილებს - სხეულიც სწორედ სხვისი სექსუალური სურვილების კონტექსტში იღებს მნიშვნელობას. ქალი, უბრალოდ, არც არსებობს, როგორც პერსონა - საკუთარი აზრები, განწყობები არ გააჩნია. მის ნაცვლად მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი იმიჯია სექსუალური ქალის და არც არავის აინტერესებს, რა და ვინ დგას მისი სექსუალურობის მიღმა.
და რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ეს ქალი თავისი გარეგნული მახასიათებლებით, ის ვერ იქნება სუბიექტი. იგი გამოყენებულია იმისათვის, რომ კაცებმა ნებისმიერ სივრცეში თავი კომფორტულად იგრძნონ, ახედონ ბილბორდებს ან დახედონ თავიანთ ტელეფონებს და დაინახონ ქალები, რომლებიც საკუთარი სხეულებით მათ სურვილების ასრულებას ჰპირდებიან, ქალები და გოგოები კი დაფიქრდნენ იმაზე, რომ ეს გამოსახულებებია ის, რასაც უნდა ემსგავსონ, რომ იყვნენ სასურველნი. ისიც უნდა იცოდე, რომ ამ მცდელობის შედეგები ამ ქალებისა და გოგოებისთვის ძალიან მძიმე და მკაცრია, მეტწილად.
თუ სექსუალურ თავისუფლებასა და გაძლიერებაზე დავფიქრდებით, სწორედ ქალი უნდა იყოს ის, ვინც აირჩევს მისი რა ასპექტი იყოს წარმოჩენილი, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს სექსუალობასაც, არა? მაგრამ, წარმოიდგინე, სექსუალურობის კომპონენტი რომ გამორიცხულიყო ჩემ მიერ აღწერილი კადრიდან, რა მოსაწყენი იქნებოდა - ყველაფერი დაემსგავსებოდა გაბერილი თოჯინიდან ჰაერის გამოშვებას, ხო?
ქალის სექსუალურ გაძლიერებასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ქალებს საკუთარი სექსუალური არჩევანი გააჩნიათ და ამ არჩევანის გამო მათ არ განიკითხავენ, ტალახიან გუნდებს არ ესვრიან და როცა ამ უფლებასთან ერთად ისინი ფლობენ უფლებას, რომ გააკონტროლონ თავიანთი ცხოვრება, არ მისცენ საშუალება სხვებს, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი ჩაგვრის, დამცირების მიზეზად იქცეს.
ქალი, რომელსაც ახლა შენ ხედავ, ჩემი თვალით, შენი თვალით, ჩვენი თვალით უყურებს საკუთარ თავს. ის არ იღებს გადაწყვეტილებებს, ის არ წყვეტს, თუ როგორ დაინახავ შენ მას. გადაწყვეტილება მის სანაცვლოდ უკვე სხვებმა მიიღეს. იგი წარმოდგენაა ქალის შესახებ, რომელსაც იყენებდნენ, იყენებენ და გამოიყენებენ რეკლამები, ფილმები, ჟურნალ-გაზეთები, მუსიკალური კლიპები, ვიდეო თამაშები სილამაზის სახელით. სექსუალურობის სახელით. თავისუფლების სახელით.
თუ ხმამაღლა და ხშირად არ ვისაუბრეთ იმაზე, რაც ბრჭყვიალა ქაღალდით შეფუთული ყუთის მიღმა იმალება.
მარიამ ჭანჭალეიშვილი