ბიფობია
04 12 2016

ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმზე ბისექსუალი ქალი გამოთქვამს წუხილს იმის შესახებ, თუ როგორ აგრძნობინებს მუდმივად ლესბოსელი მეგობარი, რომ მისი სექსუალობა არ არის ნამდვილი. ლესბოსელი ქალი ეუბნება ბისექსუალ მეგობარს, რომ ბისექსუალ ქალად ყოფნა ჰგავს იმ სიტუაციას, როდესაც ორ მეგობარს შორის ერთმა ფეხი მოიტეხა, მეორემ კი მხოლოდ თითი იტკინა და ის, ვინც მხოლოდ თითი იტკინა, უფრო ხმამაღლა გაჰყვირის, რა მტკივნეულიაო. ამ არც თუ ისე სახარბიელო შედარებით, ლესბოსელი ქალი მიანიშნებს მეგობარს, რომ ბისექსუალობა ჰგავს მუდმივად რაღაცის გამოგონებას, ისტორიების შეთხზვას და ამ ისტორიებზე "ხმამაღლა ყვირილს", როდესაც ლესბოსელ ქალად ყოფნა ერთადერთი და სწორი გზაა ქალისთვის, რომ გათავისუფლდეს ჰეტერონორმატიული ჩარჩოებისგან. სხვა თუ არაფერი, Google საძიებო სისტემასაც შეუძლია, მწირი ინფორმაცია მოგვაწოდოს და გვითხრას რა ნეგატიური სტერეოტიპები არსებობს ბისექსუალობასთან დაკავშირებით - რა კითხვები ჩნდება და რა პასუხები აქვს ამ კითხვებს.

"ბისექსუალობა არ არის რეალური" - ბისექსუალებს ეუბნებიან, რომ მათ არ აქვთ "ნამდვილი" სექსუალობა. "ბისექსუალობა რეალურია" - ბისექსუალებს მუდმივად უწევთ იმის შეხსენება სხვა ადამიანებისთვის, რომ ისინი არსებობენ. მათი არსებობა არ არის მითი და ხოლო მათი სექსუალური თუ რომანტიკული განწყობები - "გარყვნილება". "ბისექსუალობა სიყალბეა" - ბისექსუალებს არაგულწრფელებად თვლიან, რადგან მათ შეუძლიათ ჰყავდეთ ერთი სქესის პარტნიორი და თან განიხილავდნენ, რომ, შესაძლოა. მომავალში სხვა სქესის პარტნიორთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ეს დამოკიდებულება უბიძგებს ბისექსუალ ადამიანებს, მუდმივად ამტკიცონ, რომ ერთგულები და ზომიერები არიან. ეს კი, თავის მხრივ, ახალ პრობლემებს წარმოქმნის.

"ბისექსუალობა ფაზაა" - უხსნიან ბისექსუალ ადამიანს, რომელმაც coming out გააკეთა. ამით ხაზს უსვამენ იმას, რომ შეუძლებელია მუდმივად ამ "გაურკვევლობაში" დარჩე და რომელიმე მხარეს არ გადაიხარო. ბისექსუალობა ჰომოსექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობას შორის მოქცეული სივრცეა. მიიჩნევა, რომ ბისექსუალად იდენტიფიცირებას ადამიანები მაშინ მიმართავენ, როდესაც სურთ თავი დააღწიონ ჰომოფობიას და იყვნენ უფრო მისაღებნი საზოგადოებისთვის.

"ბისექსუალობა სისულელეა", რადგან არ გულისხმობს მყარ მოცემულობას ადამიანის სექსუალობის შესახებ - იგი დროებითი და არასერიოზულია. ბიფობიაც ზემოთ ჩამოთვლილი ფორმულირებების შედეგია და, რაღა თქმა უნდა, არა მხოლოდ. არგუმენტები ბევრად უფრო მეტად სიძულვილის ენითაა სავსე ხშირად.

ბიფობიას რაც ჰომოფობიისგან განასხვავებს ისაა, რომ მიუღებლობა არა მხოლოდ ჰეტერონორმატიული საზოგადოების მხრიდან მოდის, არამედ - ლესბოსელი და გეი თემისგანაც. ისინი ხშირად მოითხოვენ, რომ გაითვალისწინო არსებული ბინარული ოპოზიცია - გადაწყვეტილება მიიღო თუ რომელი სქესის პარტნიორი გეყოლება და ეს გადაწყვეტილება მუდმივად დაამოწმო შენი სექსუალური ქცევით. ჰეტერონორმატიული საზოგადოება ბისექსუალობას განიხილავს, როგორც სექსუალურ დევიაციად სხვა "არასტანდარტულ" სექსუალობებთან ერთად, LG თემი კი არ ენდობა იმ ადამიანებს, რომელთაც ვერ დათმეს ჰეტეროსექსუალური სიკეთეები და პრივილეგიები და თავი შეაფარეს იდენტობას, რომელიც მათი კომფორტის ზონაა. ამ მიზეზების გამო ხშირად ბისექსუალობა არალეგიტიმურ იდენტობად მიიჩნევა და ხმამაღლა ხდება იმის გამოცხადება, რომ იგი არც არსებობს, ან თუ არსებობს, მხოლოდ გარდამავალი ეტაპია სექსუალობებს შორის - მარტივი ხერხია, რომ იყო გეი ან ლესბოსელი, მაგრამ ამას მალავდე და გყავდეს ჰეტეროსექსუალური ოჯახი.

რაც ბისექსუალობის იგნორირებას, სიყალბედ მიჩნევას და ბიფობიურ დამოკიდებულებებს მოსდევს, არის ბისექსუალობის გაუჩინარება საჯარო სივრცეებიდან. ის, რაც მოგონილია გარყვნილების გასამართლებლად, არ შეიძლება იყოს ყურადღების ღირსი. ის, რაც უბრალოდ, დაბნეულ, გაურკვეველ ადამიანებს ეხებათ, არ შეიძლება განხილვის საგანი გახდეს. იმ ბისექსუალ ქალს, რომელზედაც ბლოგის დასაწყისში მოვყევი, სურდა ხმამაღლა ეთქვა, რომ მას იზიდავს სხვადასხვა სექსუალობის ადამიანი და შესაძლოა, ნებისმიერ მათგანთან ჰქონდეს ურთიერთობა; მას იზიდავს, როგორც საკუთარი, ასევე საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, მაგრამ, შესაძლოა, მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ან ჰომოსექსუალური გამოცდილება ჰქონდეს და თუ ჰეტერო ურთიერთობაში იქნება, ეს არ გულისხმობს, რომ გადაიფიქრა ბისექსუალად ყოფნა, რომ მისი ეს იდენტობა გაქრა, როგორც თვითგამორკვევის ფაზა;

იგი არ არის გახლეჩილი ორ იდენტობას შორის და ამ ორი იდენტობის ჯამი არ უდრის ბისექსუალობას; მისი იდენტობა არ გულისხმობს, რომ იგი აუცილებლად არამონოგამიურ ურთიერთობებში იქნება ცხოვრების ბოლომდე, თუმცა არც ამ უკანასკნელს გამორიცხავს; იგი არის ბისექსუალი და ეს არ ნიშნავს, რომ სქესობრივად გადამდები დაავადებების გამავრცელებელი და შესაბამისად, საშიშია; იგი ბისექსუალია და ეს არ გულისხმობს, რომ მუდმივად ღალატობს იმ ადამიანებს, რომელთანაც რომანტიკული და/ან სექსუალური ურთიერთობა აკავშირებს.

გაურკვევლობას რაც შეეხება, მართალიცაა, ბისექსუალები ხშირად დაბნეულები არიან, რადგან ვერ ხვდებიან თუ რატომ არის შეუძლებელი მათი მიღება, თუ რატომ განსჯიან მათ, აწებებენ განსაზღვრულ იარლიყებს და არასოდეს ფიქრდებიან იმაზე, თუ რას ნიშნავს ბისექსუალად ყოფნა სინამდვილეში - არ უფიქრდებიან, რომ ჩაგვრა იწყება ადამიანების არაღიარებიდან, მათი უხილავად ქცევის წარმატებულ თუ წარუმეტებელ მცდელობებიდან.

მარიამ ჭანჭალეიშვილი



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი